4 ივნისს HBO-ზე ახალი სერიალის The Idol-ის პრემიერა შედგა. შოუს ერთ-ერთი შემქმნელი არტისტი The Weeknd არის, რომლისთვისაც ეს პროექტი სატელევიზიო ინდუსტრიაში ხმაურიან დებიუტად იქცა. სერიალში The Weeknd-ის სტატუსი არამხოლოდ იდეის ავტორისა და პროდიუსერის პოზიციით განისაზღვრება, არამედ ის ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟის როლსაც ასრულებს. არტისტი პარტნიორობას უწევს კინოს, მოდისა და თანამედროვე პოპ კულტურის ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ლილი-როუზ დეპი, ტროი სივანი, BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. აღსანიშნავია, რომ The Idol-ის ერთ-ერთი გამოკვეთილი დეტალი მუსიკალური გაფორმებაა – სერიალის პირველ სეზონთან ერთად შოუს საუნდტრეკების ალბომიც გამოვიდა.
სერიალის მეორე ეპიზოდის პრემიერამდე The Weeknd-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც არტისტმა პოსტის აღწერაში მიუთითა, ის საუნდტრეკების სრულად გამოქვეყნებას The Idol-ის ფინალის დროს აპირებდა, თუმცა გადაწყვიტა ტრეკები ყოველკვირეულად, ეპიზოდების პრემიერებთან დაკავშირებით გაავრცელოს.
The Idol-ის პირველ რამდენიმე საუნდტრეკს The Weeknd სხვადასხვა არტისტთან ერთად ასრულებს, თუმცა დაანონსებული სინგლები მსმენელს სიახლეს სთავაზობს. ერთ-ერთი ახალი ტრეკი სახელწოდებით The Lure სერიის თემატური საუნდტრეკია, ხოლო მეორე – World Class Sinner არიის ტრეკი შოუს მთავარი პერსონაჟის – პოპ ვარსკვლავი ჯოსლინის (ლილი-როუზ დეპი) რეპერტუარიდან.
The Weeknd სერიალ The Idol-ის საუნდტრეკებს უკვე რამდენიმე თვეა აზიარებს. სინგლებს შორის არის Popular, რომელზეც არტისტმა მადონასთან და Playboi Carti-სთან ერთად იმუშავა. საუნდტრეკების სერია ასევე მოიცავს სიმღერას სახელწოდებით – Double Fantasy, რომელსაც The Weeknd-ის და Future-ის დუეტი ასრულებს.