როგორ იყენებს მუსიკას „დისნეი” საკულტო ატრაქციონის ახალი კონცეფციისთვის

Splash Mountain-ის ატრაქციონის Tiana’s Bayou Adventure-ით ჩანაცვლებით დისნეის პარკები ისტორიის სწორ მხარეს დადგა.
გრემის მფლობელი მუსიკოსი, ნიუ-ორლეანელი PJ მორტონი და პრინცესა ტიანა. მორტონი შექმნის მუსიკალურ თემას ატრაქციონისთვის Tiana’s Bayou Adventure, რომელიც ფლორიდის დისნეილენდში 2024 წელს გაიხსნება.
Disney

30 მაისს Zip-A-Dee Lady-ის ნავი ბოლოჯერ გაეშვა და 35 წლის შემდეგ დისნეილენდის ვიზიტორების საყვარელი ატრაქციონი Splash Mountain დაიხურა. 

ერთი კვირით ადრე „დისნეის” პარკების განვითარების ჯგუფი ნიუ-ორლეანში შეიკრიბა. თუმცა არა იმისთვის, რომ დისნეილენდის ისტორიის ამ თავის დასრულება ეგლოვათ. „მოდი, ვისაუბროთ ტიანაზე,” – თქვა კარიტა კარტერმა, ჯგუფის აღმასრულებელმა კრეატიულმა პროდიუსერმა.

კარტერი საუბრობდა ქალზე, რომელიც ანიმაციური გმირია, თუმცა მილიონობით ადამიანისთვის ძალიან რეალური პერსონაჟია. ტიანა დისნეის პირველი აფრო-ამერიკელი პრინცესაა, რომელიც 2009 წელს ანიმაციურ ფილმში „პრინცესა და ბაყაყი” გამოჩნდა. 

მომდევნო წელს დისნეის პარკში Splash Mountain-ს ახალი ატრაქციონი სახელწოდებით Tiana’s Bayou Adventure შეცვლის. როგორც მისი წინამორბედი, ახალი ატრაქციონის მექანიზმიც წყალში გასეირნება იქნება. „ეს ძველ სახლში გადასვლას ჰგავს. როცა არ გინდა, ბოლომდე დაანგრიო ის სახლი, რადგან მასთან ბევრი კარგი რამ გაკავშირებს. მაგრამ გაყვანილობა ძველია, ელექტრობა ძველია, ეს ძველი ავეჯიც აღარ გინდა. და იწყებ მის განახლებას. ეს ზუსტად ისაა, რასაც Tiana’s Bayou Adventure-ის შემთხვევაში ვაკეთებთ. ჩვენ გვინდა, მას ახალი სიცოცხლე შევძინოთ და კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.”

Tiana’s Bayou Adventure
Disney

„ძველი სახლი” კი ის სახლი იყო, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება არც ისე პრობლემურად გამოიყურებოდა, მაგრამ დიდი ჩაძიება არ სჭირდებოდა იმის აღმოჩენას, რომ მაინცდამაინც მყარ საფუძველზე არ იყო აშენებული. ატრაქციონის მუსიკალური თემა „დისნეის” 1946 წლის ფილმიდან Song of the South იყო, რომელზეც „დისნეის” აღმასრულებელმა დირექტორმა 2020 წელს განაცხადა, რომ ის აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი  Disney+-ზე, რადგან ფილმი „დღევანდელი სამყაროსთვის შეუსაბამო” იყო.

Song of the South-ის გამოსვლის შემდეგ ის მკაცრად გააკრიტიკეს „მონობის ხატის განდიდებისა და დამკვიდრებისთვის” და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ჯგუფი თეატრების პიკეტირებით აპროტესტებდა მასში ასახულ შეურაცხმყოფელ სტერეოტიპებს. ფილმი არასდროს გამოსულა სახლის ვიდეოებისთვის. თუმცა ამის მიუხედავად, მისი ზოგიერთი პერსონაჟი და მუსიკა 1989 წლიდან Splash Mountain ატრაქციონის თემა გახდა.

პარკების განვითარების ჯგუფის წევრი კარმენ სმითი ამბობს, რომ ჯგუფი ხშირად დადის პარკებში და აკვირდება ატრაქციონებს, რომელთაც განახლება სჭირდება. „ჩვენი პარკები მუდმივად განვითარებადია და ახალ ამბებს ჰყვება. ყოველთვის უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამბები, რომლებსაც ვყვებით, რელევანტურია და არ იწვევს არასწორი შეხედულებებისა ან სტერეოტიპების დამკვიდრებას. და როცა Splash Mountain-ის ისტორიას ვუყურებდით, უკვე დრო იყო, გვეფიქრა, თუ რომელი ახალი ისტორია მოგვეყოლა ამ სივრცეში. 

„2018 წლიდან, იდეა, რომ ტიანას ისტორია ყოფილიყო Splash Mountain-ის მემკვიდრე, ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის მთავარი საზრუნავი გახდა. ვამუშავებდით სხვადასხვა იდეასა და კონცეფციას და ამას დიდი დრო დასჭირდა,” – ამბობს სმითი. ორ წელიწადზე მეტი დასჭირდა „დისნეის” გუნდს, რომ ნიუ-ორლეანში ღრმა კვლევები ჩაეტარებინა და ატრაქციონის შექმნის პროცესში თითოეულ დეტალზე კონსულტაციები ექსპერტებთან გაევლო. და რაც მთავარია, მათ სჭირდებოდათ ახალი სიმღერა, რომელიც ვიზიტორებს ატრაქციონზე დაბრუნებას მოანდომებდა.

Tiana’s Bayou Adventure
Disney

„არსებობს ნავთობის ქალაქები. არსებობს კინოს ქალაქები. ნიუ-ორლეანი კი მუსიკის ქალაქია,” – ამბობს ჯგუფის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ტედ რობლედო. 

„თუ იმ ადამიანებს შეეკითხებით, ვინც ჩემთან ერთად გაიზარდნენ, ისინი აუცილებლად გეტყვიან – PJ-ს ყოველთვის უნდოდა დისნეისთვის სიმღერების დაწერა” – ამბობს PJ მორტონი – მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და Maroon 5-ის წევრი. „ამას ძალიან სპეციფიკური უნარების ნაკრები სჭირდება. არ მგონია, რომ ეს ნებისმიერმა კომპოზიტორმა შეძლოს. მაგრამ ეს ის არის, რისთვისაც მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ქვეცნობიერად ვემზადებოდი.” მორტონი 42 წლისაა და ნიუ-ორლეანიდან არის. ახსოვს, რომ როცა „პრინცესა და ბაყაყი” გამოვიდა, ნიუ-ორლეანელები ძალიან ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ამ ისტორიის ნაწილი იყვნენ. 

PJ მორტონი აღმასრულებელ კრეატიულ დირექტორებთან, ჯონ დენისთან (მარცხნივ) და ტედ რობლედოსთან (მარჯვნივ) ერთად
Disney

„ჩვენი ერთ-ერთი სურვილი ამ პროექტისთვის იყო ატრაქციონისთვის ორიგინალური მუსიკის შექმნა და ასევე პატივისცემა იმ მუსიკალური მემკვიდრეობის, რაც რენდი ნიუმენისგან გვქონდა. ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა ისეთი დონის მუსიკა, რომელსაც ადამიანები სახლშიც წაიღებდნენ და აქ გატარებულ დღეზე კვირების შემდეგაც იფიქრებდნენ,” –  ამბობს რობლედო. 

როგორც ყოველთვის, გუნდმა საწყის წერტილად ამბავი გამოიყენა. ატრაქციონზე ისტორია „პრინცესა და ბაყაყის” შემდეგ ვითარდება. მას შემდეგ, რაც ტიანამ თავისი საოცნებო რესტორანი გახსნა, მან ძველი მაღარო გადააქცია ადგილად, სადაც საკუთარ პროდუქტს ამზადებს, მისი ცხარე სოუსების ხაზის ჩათვლით. 

„Როცა PJ-ს ვესაუბრეთ, პირველი, რაც მოვუყევით, ეს ისტორია იყო. ვუთხარით, რომ ვიწყებთ სიმღერით – „ჩვენ გაგარკვევთ, რა არის ისტორია და ისტორიის რა ნაწილის მოყოლაში უნდა დაგვეხმარო.” და როცა ამბის თხრობა უკვე სიმღერის სახით გვქონდა, შემდეგ დავუბრუნდით მას და ვუთხარით: „კარგი, ახლა ეს სიმღერა უნდა მოვარგოთ ატრაქციონს ისე, რომ დღეში 18 დღე განუწყვეტლივ ისმოდეს იმ რეჟიმში, რომ ყოველ 15 წამში ერთხელ მასში ახალი გემი და სტუმრების ახალი ნაკადი უნდა შევიდეს.”

Tiana’s Bayou Adventure
Disney

მუსიკა „დისნეის” პარკისთვის სულ სხვა მიზნით იქმნება, ვიდრე მუსიკა „დისნეის” ფილმებისთვის. ის ჟღერს დინამიკებიდან და იზიდავს პარკში მოსეირნე სტუმრებს ატრაქციონისკენ. „შენ გესმის მუსიკა, როცა რიგში დგახარ, თუმცა შესაძლოა ამ დროს ვერ აღიქვა მთელი მუსიკა და ამ გამოცდილების მეორედ და მესამედ მიღება მოგინდეს – და ჩვენც ეს გვინდა, რომ ეს იყოს ხშირად გამეორებული გამოცდილება. Რაც შეეხება თავად ატრაქციონს, გუნდმა უნდა მოახერხოს, რომ ეს მუსიკა ისე მიაწოდოს იქ შესულ სტუმარს, რომ ადვილად აღსაქმელი და მისაღები იყოს 10-წუთიან პროგრამის დროს.”

PJ მორტონი
Paul Morse/Disney

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მორტონმა ერთი წელი იმუშავა ატრაქციონის მუსიკაზე. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეს დიდი დრო მოგეჩვენოთ ერთი კომპოზიციის შესაქმნელად, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია ისეთი საბაზისო ატრაქციონისთვის, რომელიც, როგორც გუნდი იმედოვნებს, ისეთ ლეგენდარულ ატრაქციონებს შეუერთდება, როგორებიცაა It’s a Small World და A Pirate’s Life for Me. 

„დისნეი” ისეთ მუსიკას ეძებს, რომელიც მუდმივია,” – ამბობს მორტონი. „მე მინდა შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც სამუდამოდ იცოცხლებს. ახლა ძალიან ხშირად ვიყენებთ სიტყვა ისტორიულს და შეიძლება უკვე ფასიც დაეკარგა. მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად ისტორიულია ამ სიტყვის სრული დატვირთვით. და მე დარწმუნებით ვიცი, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd სერიალ The Idol-ის საუნდტრეკებს ყოველკვირეულად გაავრცელებს

შემდეგი სტატია

All I Want – არტისტმა NEUX-მა ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკალური ნამუშევარი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karma – გიორგი თორაძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

„მუსიკაზე და ვიდეოზე მუშაობისას ჩემი იდეა სწორედ ის იყო, რომ ხალხს ვენახე და მოვესმინე ისეთი, როგორიც ვარ,” - აღნიშნავს მუსიკოსი.
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი