მალე მსმენელი 1985 წლის ცნობილი სიმღერის სახელწოდებით We Are the World-ის ახალ ვერსიას მოისმენს, რომელიც უწინდელ ვიდეოს კონცეფციას გაიმეორებს და ცოცხალი ჩანაწერის სახით სხვადასხვა სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებზე გაეშვება. We Are the World NOW – ასე ჰქვია დაანონსებულ სიმღერას. პროდიუსერ ჯეფრი ვებერის თქმით, პროექტი მთელს მსოფლიოს გააერთიანებს.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ჩანაწერი შეიქმნება: კორეაში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბრაზილიაში, მექსიკასა და ესპანეთში. ამ ჩამონათვალს სხვა ქვეყნებიც დაემატება, რომლებსაც მოგვიანებით დაასახელებენ.
1985 წლის We Are the World ორგანიზაცია USA for Africa-ს პროექტი იყო და აფრიკის კონტინენტის ქვეყნების დახმარებას ისახავდა მიზნად. We Are the World NOW კი მთელს მსოფლიოს გააერთიანებს და მიღებული შემოსავალი სხვადასხვა ქვეყნის საქველმოქმედო ფონდებში გადაირიცხება. მიზანი მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაა.
We Are the World რომლის თანაავტორები მაიკლ ჯექსონი და ლიონელ რიჩი არიან, 1985 წელს მსოფლიო მუსიკალურ სენსაციად იქცა. სიმღერა ოთხი კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტების პირველ ადგილზე იყო. ნამუშევარმა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის დაჯილდოებაზე, წლის ჩანაწერის კატეგორიაში „გრემის“ ჯილდოც მოიგო. 2010 წელს We Are the World 25 გამოვიდა, რომელიც თავდაპირველი ნამუშევრის ქავერ ვერსია იყო და მას იმ პერიოდის მუსიკალური სცენის წამყვანი ვარსკვლავები ასრულებდნენ.
როგორც დაანონსებული პროექტის პროდიუსერი ჯეფრი ვებერი აღნიშნავს, ის ჯერ არც მაიკლ ჯექსონის საავტორო უფლებების მემკვიდრეებსა და არც ლიონელ რიჩის არ დაჰკავშირებია. ვებერმა ასევე დააზუსტა, რომ ამ პროექტზე ხსენებული მუსიკოსების საავტორო უფლებები არ ვრცელდება, შესაბამისად მათი მხრიდან ნებართვა არ იქნება საჭირო.
პროექტის პრე-ფროდაქშენის ეტაპი პირველ ივლისს დაიწყება. პროექტის ფარგლებში ჩაწერილი სესიების პირველი ვიდეო 2024 წლის პირველ ნახევარში გამოვა.