ლეიბლი სახელწოდებით „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობა“ Georgian Dance Empire-ის ჩანაწერებს ფირფიტების მცირე ტირაჟს გამოსცემს. ეს „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ მეოთხე გამოცემაა, რომელიც ძველ ჩანაწერებს მსმენელს ამ ფორმით წარუდგენს.
ფირფიტაზე გაერთიანებული ჩანაწერები 30 წელს ითვლის. სამი დეკადის შემდეგ, 30 ივნისს „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობა” გამოცემის პრეზენტაციას ტრადიციულად Mutant Radio-ს სივრცეში გამართავს.
როგორც პროექტ „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, Georgian Dance Empire ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად დაუფასებელი, ნაკლებად ცნობილი პროექტია.
ჯაბა შავიშვილი:
„დადა დადიანი ამ დროს უკვე წამოსული იყო როგორც „ტაქსიდან“, ასევე „საბავშვო მედიცინიდან“ და სრულიად განსხვავებულ პროექტზე ფიქრობდა, როდესაც ქართულ ფოლკთან შეთამაშება და ექსპერიმენტი განიზრახა – ასე დაიბადა „ქართული ცეკვის იმპერია“, რომელშიც მან სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი მოიწვია. ამ პროექტიდან სულ 6 ჩანაწერი დაგვრჩა, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში 30 წლის წინ, 1993 წლის გაზაფხულზე ჩაიწერა და საბედნიეროდ ერთ-ერთი კომპოზიციის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს. ეს უნიკალური სინთეზია ქართული ფოლკის, ახალი ტალღის, ცოტა ელექტრონიკისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მცირედი ჰიპ-ჰოპისაც კი. ჩანაწერს განსაკუთრებულს ის კონტექსტიც ქმნის, თუ რა ვითარებაში უწევდათ მუსიკოსებს შემოქმედებითი პროცესის წარმართვა. დღეს Georgian Dance Empire უკვე ისტორიის საკუთრებაა, რომელიც გასაცნობად ახალ მსმენელს ელოდება და ჩვენც, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში სწორედ ამას ვცდილობთ.“
„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. ამ გზით პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამავალი პერიოდის ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენას ისახავს მიზნად.
„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. პირველი გამოცემა, რომელიც „ქართული მუსიკალური მემკვიდრობის“ ლეიბლმა წარადგინა, Mother On Monday-ის Friends იყო. ამის შემდეგ გამოიცა „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტა, ხოლო მესამე გამოცემის ფარგლებში ლეიბლმა , Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Lemonjuice გამოუშვა.
Georgian Dance Empire-ის ფირფიტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.