ემი უაინჰაუსი YouTube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა, მომღერლის 2007 წელს გამოშვებულ მუსიკალურ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე Back to Black ვიდეოების გაზიარების პლატფორმაზე მილიარდ ნახვაზე მეტი აქვს.
შავ-თეთრი ვიდეო ფილ გრიფინის სარეჟისორო ნამუშევარია. Back to Black გარდაცვლილი მუსიკოსის პირველი კლიპია, რომელმაც Youtube-ზე ნახვების მილიარდიან ნიშნულს მიაღწია. ვიდეოს შინაარსი უაინჰაუსის ტრაგიკულ ცხოვრებას ეხმიანება. კლიპში ნაჩვენებია სამგლოვიარო მსვლელობა, რომლის ბოლოსაც საფლავის ქვაზე ჩნდება წარწერა „R.I.P. the Heart of Amy Winehouse“ (მშვიდად განისვენოს ემი უაინჰაუსის გულმა.) კლიპის ეს ნაწილი არტისტის გარდაცვალების შემდგომ ვიდეოდან ამოჭრეს. ვიდეოს უმეტესი ნაწილი ლონდონში მდებარე სასაფლაოზე – Abney Park Cemetery-ზეა გადაღებული.
სიმღერა შესულია ემი უაინჰაუსის მეორე და ამავდროულად უკანასკნელ სტუდიურ ალბომში, რომელსაც სინგლის სახელი – Back to Black ჰქვია. უაინჰაუსთან ერთად, სიმღერის თანაავტორი მარკ რონსონია. ტრეკი მომღერალმა ყოფილ შეყვარებულს, ბლეიქ ფილდერ-სივის მიუძღვნა.
გრემის მფლობელი მომღერალი ემი უაინჰაუსი 2011 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული.
ნახეთ ვიდეო, რომელიც გადაღებულია ემი უაინჰაუსის სიმღერაზე – Back to Black: