ბრუნო მარსმა Fender-თან თანამშრომლობით პირველი საავტორო გიტარა გამოუშვა. ლიმიტირებული რაოდენობის Bruno Mars Stratocaster მუსიკოსის კარიერას ეძღვნება და მასში გაერთიანებულია ვინტაჟური და თანამედროვე ელემენტები.
„მე არ მივიჩნევ ჩემს თავს გიტარისტად. მე უფრო ავტორი ვარ. ყველა სიმღერა არის ფაზლი, რომელიც უნდა ამოხსნა. კარგ გიტარას კი შეუძლია, ბოლოში გაგიყვანოს. სწორედ ეს არის, რაც ამ გიტარისგან მინდოდა,” – აღნიშნა მარსმა. „ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსახერხებელი ყოფილიყო როგორც ლაივში შესასრულებლად, ასევე სტუდიაში ჩასაწერად.”
ბრუნო მარსის გიტარის ღირებულება 2,999,99 დოლარს შეადგენს. ინსტრუმენტი კარამელისფერ პალიტრაშია გადაწყვეტილი. ლეოპარდის პრინტის ღვედი კი ჯიმი ჰენდრიქსსა და პრინცს ეძღვნება – მარსისთვის ორ საკულტო გიტარისტს.
„ჩვენ გვინდოდა გამოგვეშვა გიტარა, რომელიც დაადასტურებდა Fender-ის პატივისცემას იმ არტისტების მიმართ, რომლებიც დღევანდელ მუსიკალურ დიდების დარბაზში შედიან და ამავდროულად წარმოაჩენდა ბრუნო მარსის სუპერნოვა შესაძლებლობებს,” – თქვა Fender-ის ხელმძღვანელმა. „ბრუნო ნამდვილი Fender-ის გიტარისტია ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისიდანვე და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს სიას მისი სახელობის გიტარაც შეემატა.”
საკუთარი გიტარით მარსი იმ არტისტების სიას შეუერთდა, რომლებსაც საავტორო გიტარის გამოცემის პატივი ერგოთ: ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, ხუანესი, H.E.R და სტივ ლეისი.
გიტარის შეძენა შესაძლებელია Fender.com-ზე.