ერიკ ხაჩენსი იმ იშვიათ არტისტთა რიგებს მიეკუთვნება, ვისაც Metal DJ ჰქვია. ელექტრონული მუსიკის ელემენტებით შექმნილი მძიმე მუსიკა და სახასიათო, ინდივიდუალური ტექნიკის სტილი, მის განსხვავებულ შემოქმედებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ნახეთ „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Metal DJ ერიკ ხაჩენსთან.
მუსიკა და შემოქმედება
– ყველაფერი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო… ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთ-ერთ რადიოში ვმუშაობდი. მაშინ პირველად დავიწყე ასე ვთქვათ როკ/მეტალ ფართები და ლაივ-შოუები, სადაც პუბლიკის გასართობად პატარა მეტალ-სეტებს ვთავაზობდი, რაც მოგვიანებით ტრადიციად იქცა. შემდგომში სრულიად ლაივ-კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზებაში გადავერთე და საკმაოდ დიდი ხნით dj-მოღვაწეობას თავი დავანებე. შარშან ოქტომბერში, თურქმა-პრომოუტერმა სტამბულში, საერთაშორისო ფესტივალზე მიმიწვია, რაც ერთგვარი რენესანსი გახდა ჩემთვის, როგორც მეტალ-დიჯეისთვის. ამასთან ერთად, ამ საქმისადმი ინტერესი და აზარტიც დამიბრუნდა. დღეს კი, თამამად და ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვარ ის ქართველი არტისტი, რომელსაც ყველაზე მეტი გასვლა (ტურნე) აქვს საზღვარგარეთ. რეალურად, წელიწადზე მეტია რაც ტურნეში ვიმყოფები და უკვე თხუთმეტზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ლაივზე თუ ფესტივალზე დავუკარი, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილეს ფესტივალებზე: Nordic Metal Cruise, Wacken Open Air, Metal Gates, Kilkim Žaibu, და სხვა… ძალიან დიდ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან Iron Maiden, Megadeth, Helloween, Kreator, Amorphis, Katatonia, Batushka, Fleshgod Apocalypse, Sodom და უამრავი სხვა. ზოგ ფესტივალზე უკვე მეორედ მპატიჟებენ.
არსებობს თუ არა მეტალ მუსიკის რომელიმე ქვეჟანრი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას თქვენთან და ძირითად ინსპირაციას იღებთ თქვენი შემოქმედებისთვის?
– ექსტრემალური მუსიკის კონკრეტულ ჟანრს თუ ქვეჟანრს ვერ აღვნიშნავ, რადგან მუსიკალურად საკმაოდ დიდ სპექტრს ვიყენებ და ჩემს შემთხვევაში, გარდა მძიმე მუსიკის, ეს რა თქმა უნდა ელექტრონული მუსიკაა, ტექნიკურადაც ბევრ ხერხს ვიყენებ რომელიც ელექტრონული მუსიკიდან მოდის.
მეტალ ღონისძიებებზე და ფესტივალზეც რომ მითხრათ, როგორც ვიცი, საქართველოში მეტალ ბათლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყავით და ამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ.
– დიახ, მე გახლავარ საპრომოუტერო კომპანია „JAM! Events”-ის დამფუძნებელი და დირექტორი. როგორც პრომოუტერი, აქტიურად 2013 წლიდან ვმოღვაწეობ და ათ წელიწადზე მეტია რაც მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული ფესტივალის Wacken Open Air-ის პარტნიორები გახლავართ და ჩვენს რეგიონში (4 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) შიდა შესარჩევ კონკურსს ვატარებთ, რომლის გამარჯვებული გერმანიაში მიემგზავრება და ამ ფესტივალზე უკრავს, რაც ნებისმიერი ბენდისთვის ძალიან დიდი მიღწევა და სტიმულია.
მეტალ მუსიკის განვითარების რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში?
– საკმაოდ რთულ თემას შეეხეთ. აქ ორი რაღაცა უნდა აღინიშნოს: არტისტების პოტენციალი და განვითარება (რაც ოპტიმიზმისთვის გვაძლევს საბაბს) და ქვეყნის პერსპექტივა როგორც ადგილი, სადაც მძიმე მუსიკა იკვრება. სამწუხაროდ აქ ნაკლები ოპტიმიზმით შემოვიფარგლები, რადგან საკმაოდ ძლიერი მუსიკალური ტრადიციები გაგვაჩნია, მაგრამ სულ სხვა ჟანრებში. ალბათ კულტურული თავისებურება, ზოგ შემთხვევაში კონსერვატიზმიც და ძლიერი რელიგიური ტრადიციებიც არ უწყობენ ხელს ამ ჟანრს.
როგორ აღწერდით თქვენს პირად სტილს, როგორც Metal DJ?
– Metal DJ უკვე სტილია. სინამდვილეში ძალიან ცოტანი ვართ მსოფლიოში, ვინც მეტალ-სეტებს აკეთებს. ასე რომ, ახალი სახელის მოგონება მგონი არ არის საჭირო. ჩემი სეტები მეტალის თითქმის ყველა ქვეჟანრს აერთიანებენ, ასევე techno-ს ელემენტებს, dubstep-ს და drum n’bass-საც კი. არ ვუკრავ სტანდარტულ სეტებს, არამედ პერფორმანსებს ვაკეთებ ხოლმე, აუდიტორიასთან ინტერაქციაში სულ შევდივარ, ასევე drum-შოუც ამ ბოლო დროს ჩემი პერფორმანსების ერთ-ერთი ნაწილი გახდა.
სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივაზე რას გვეტყვით?
– აქ მოკლედ გეტყვით: ბევრი შოუ და ყველა დიდ თუ პატარა ფესტივალში მონაწილეობა, იმ ქვეყნებშიც და ქალაქებშიც, სადაც ჯერ არ დამიკრავს. საქართველოში დღესდღეობით მხოლოდ ერთი ლაივი მქონდა და იმედი მაქვს, მალე კიდევ დავუკრავ აქ. საკმაოდ დიდი გეგმები მაქვს და უკვე ვმუშაობ 2024 წლის ტურნეზე, რომლის ფარგლებში არაერთი ახალი ქალაქი იგეგმება. პრომოუტერები ხშირად მწერენ და მთავაზობენ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. აი უკვე იანვარში, ერთ-ერთ სოლიდურ ფესტივალზე მონაწილეობას დავაანონსებ, რომელიც ჩატარდება კონტინენტზე, სადაც ნამყოფი ჯერ არ ვარ.