გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე მაყურებელმა არაერთი მუსიკალური ნომერი იხილა. მათ შორის იყო დუა ლიპას გამოსვლა – ვარსკვლავმა სცენაზე Training Season და Houdini შეასრულა, დაჯილდოების შემდეგ კი ის ჯიმი კიმელის შოუში იყო მიწვეული, სადაც შემოქმედებით პროცესზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დუა ლიპა ახალი, რიგით მესამე სტუდიური ალბომის გამოშვებას გეგმავს. გრემიზე შესრულებული სიმღერები სწორედ დაანონსებულო ალბომის სინგლებია. როგორც გაირკვა, ახალ ალბომზე მუშაობის პროცესში დუა ლიპამ 100-მდე სიმღერა დაწერა და Წიგნაკი, რომელშიც მუსიკოსი ამ სიმღერების ტექსტებს იწერდა, შოუს მსვლელობისას წამყვანმა აუდიტორიას აჩვენა.
“აქ ყველა ის სინგლია, რომელიც ამ ალბომისთვის შევქმენი. 97 სიმღერა დავწერე”, – აღნიშნა დუა ლიპამ. კიმელის კითხვაზე, არის თუ არა მათგან რომელიმე ცუდი, დუამ თქვა – “ბევრი, დაახლოებით 80 მათგანი”.
დუა ლიპამ თავისი ბოლო ალბომი, Future Nostalgia, 2020 წელს გამოსცა. ჩანაწერმა Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.
“როცა სიმღერას ვწერ, იმ მომენტშივე ვიცი, როგორია. სხვა ჩანაწერებისაგან განსხვავებით, ამ ალბომში შესული სიმღერები რამდენჯერმე ახლიდან დავწერე. ამას იქამდე ვაკეთებდი, სანამ არ ვიგრძნობდი, რომ ისინი სრულყოფილია.” – აღნიშნა მომღერალმა. “ როგორც სიმღერების ავტორი და როგორც შემსრულებელი, ახლა ბევრად თავდაჯერებული ვარ.” – გაამხილა დუა ლიპამ.
გადაცემაში სტუმრობისას დუა ლიპას ალბომში შესულ სიმღერებსა და ჩანაწერის გამოსვლის თარიღზე არაფერი უთქვამს. “მინდა ეს გარკვეული პერიოდი საიდუმლოდ დავტოვო. ახლა ვერაფერს გავამხელ”- თქვა მომღერალმა.