18 მარტს Black Sea Arena-მ სოციალურ ქსელში ახალი საიმიჯო ვიდეო გაავრცელა. თავისი შინაარსით პრომო ვიდეო მასშტაბური პროექტის, Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის დასაწყისზე მიგვანიშნებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ იცვლება გრავიტაციული წესრიგი და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი თანავარსკვლავედის მიმართულებით მიემართება. თიზერის აღწერაში კი ვკითხულობთ: „მზად ხარ, დაამარცხო გრავიტაცია?”
Black Sea Arena საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მასშტაბურ კამპანიას, Starring Georgia- ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ქართველი მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარ ქვეყანაში საყვარელი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრება და, ამასთანავე, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. პროექტი თავისთავად ტურისტული განვითარების კომპონენტსაც შეიცავს, რადგან ის მსოფლიო მასშტაბით საქართველოს, როგორც მასშტაბური ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სცენის ისეთი არტისტები ეწვივნენ, რომლებიც დღეს არა მხოლოდ მუსიკალური სფეროს, არამედ მსოფლიო პოპ-კულტურის წამყვან სახეებად განიხილებიან. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მათ შორის იყვნენ: ბრუნო მარსი, Imagine Dragons, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.
2024 წლის სეზონის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც საიმიჯო ვიდეოდან ირკვევა, მსმენელს წინ ბევრი სიურპრიზი ელის.