10 მაისს Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ-როკ ბენდი OneRepublic გახსნის. ჯგუფი მსმენელმა 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნო და მას შემდეგ მათი არაერთი ჰიტი მოისმინა. OneRepublic-მა გამოჩენისთანავე მსოფლიო მუსიკალური სცენის გამორჩეული პოპ-როკ ბენდის სტატუსი დაიმსახურა. OneRepublic-ის მუსიკა მრავალფეროვანი ჟღერადობით ხასიათდება, რასაც ინსტრუმენტების სიმრავლე განაპირობებს. ჯგუფის მთავარი ვოკალისტი და პიანისტი რაიან ტედერია. ბენდის შემადგენლობაში ასევე არიან ზაკ ფილკინსი (წამყვანი გიტარა, ვიოლა), დრიუ ბრაუნი (რითმული გიტარა), ბრენტ კაცელი (ბასი, ჩელო), ედი ფიშერი (დრამი) და ბრაიან უილეტი (კლავიში, ვიოლინო). ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რაიან ტედერის მუსიკალური პერსონა. ის სიმღერების ავტორი და პროდიუსერიც არის და სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ არტისტთან მუშაობდა.
ჯგუფი 2002 წელს კოლორადოში ჩამოყალიბდა. მსმენელმა თავდაპირველად ის სოციალურ ქსელ Myspace-ზე გაიცნო. მალევე ბენდმა Columbia Records-თან კონტრაქტი გააფორმა. 2006 წელს ჯგუფმა სიმღერა Apologize გამოსცა. ტრეკი ბენდის სადებიუტო სტუდიური ალბომ Dreaming Out Loud-ის წამყვანი სინგლია. თავად ალბომი 2007 წელს გამოვიდა. ბენდმა Apologize-ზე გადაღებული ვიდეოც გამოუშვა. კლიპი გადაღებულია სიმღერის თავდაპირველი ჟღერადობისაგან განსხვავებულ ვერსიაზე, რომელზეც Timbaland-მა იმუშავა. სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა. სიმღერისათვის ბენდმა გრემის პირველი ნომინაციაც მიიღო. მალევე ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ ალბომს პლატინის სერტიფიკატი გადასცა.
ბენდის მეორე ალბომი, Waking Up, 2009 წელს გამოიცა და მასში რამდენიმე ჰიტია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია სინგლმა, სახელწოდებით Good Life, რომელიც ცნობილი რომანტიკული დრამის, One Day-ს საუნდტრეკია. Good Life მუსიკალურ ჩარტებში, მათ შორის Billboard Hot 100-ში, წამყვან ათეულში იკავებდა პოზიციებს.
2013 წელს OneRepublic-ის მესამე ალბომი, სახელწოდებით Native გამოვიდა. ეს ჩანაწერი ბენდის პირველი ალბომი გახდა, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში მოხვდა. ამ ალბომიდან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია სიმღერამ Counting Stars, რომელიც ბენდის კიდევ ერთ მსოფლიო ჰიტად იქცა. მან Billboard Hot 100-ის ჩარტში Apologize-ის მსგავსად მეორე ადგილი დაიკავა.
2016 წელს ბენდმა მეოთხე სტუდიური ალბომი, Oh My My გამოსცა, რომელიც არაერთ მუსიკალურ კოლაბორაციას მოიცავს. მათ შორის იყო ტრეკები, რომლებიც ჯგუფმა Cassius-თან და Santigold-თან ერთად ჩაწერა. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ამ ალბომით ბენდმა მსმენელს შეცვლილი მუსიკალური ჟღერადობა წარუდგინა. ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და OneRepublic-მა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი, Humans წარადგინა.
მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე გამოჩენიდან დღემდე ბენდმა 16 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და შეძლო, რომ ყველა ალბომში წარედგინა ისეთი ტრეკი, რომელიც მსოფლიო ჰიტი ხდებოდა.
ჯგუფის მუსიკალურ გავლენებზე საუბრისას რაიან ტედერი ამბობს:
„ჩვენ კონკრეტული ჟანრის თაყვანისმცემლები არ ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრია – როკი, პოპი თუ ჰიპ-ჰოპი. თუ სიმღერა და არტისტი კარგია, მისგან შთაგონება აუცილებლად მოდის”.
ამჯერად კი OneRepublic ენერგიული კონცერტით და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით ქართველი მსმენელის წინაშე Black Sea Arena-ს სცენაზე წარდგება და ყველა ის ჰიტი გაჟღერდება, რომელმაც სხვადასხვა დროს მსოფლიო მუსიკალური ჩარტები დაიპყრო.
რაც შეეხება Starring Georgia-ს, პროექტს უკვე მე-2 წელია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით Black Sea Arena წარმოგვიდგენს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას.
ნახეთ ვიდეო, რომლითაც OneRepublic-მა ქართველ მსმენელს მიმართა: