მომღერალი სელინ დიონი ფრანგულო Vogue-ის გარეკანზეა. შავ-თეთრ ფოტოში ვარსკვლავი მინიმალისტური იმიჯით გამოჩნდა. მომღერალი ფოტოსესიას პოსტით გამოეხმაურა და თავის დაავადებაზე – გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) დიაგნოზზეც ისაუბრა. „ჩემთვის პატივია, რომ ფრანგული Vogue-ისთვის გადამიღეს. ვამაყობ, რომ 55 წლის ასაკში მთხოვეს ჩემი სილამაზე გამომეხატა. თუმცა, რა არის სილამაზე? სილამაზე თავად ხარ, ეს მე ვარ. ეს ის არის, რაც ჩემშია. ეს ჩვენი სიზმრებია, ეს დღევანდელი დღეა. დღეს მე ვარ ადამიანი, რომელიც თავს ძლიერად გრძნობს და მომავალს პოზიტიურად უყურებს,”- წერს სელინ დიონი.
2022 წლის დეკემბრიდან სელინ დიონი საჯაროდ უწინდებურად ხშირად აღარ ჩნდება. ამის მიზეზი სწორედ მისი სამედიცინო დიაგნოზია. ეს არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც კუნთების უკონტროლო სპაზმს იწვევს და ამ დროს პაციენტს გადაადგილება უჭირს. დაავადების გამო, სელინ დიონი იძულებული იყო, 2023 წელს დაგეგმილი კონცერტების თარიღები გადაედო, საბოლოოდ კი ტურნე სრულიად გააუქმა.
დიონი მოულოდნელად 2024 წლის გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე გამოჩნდა. მან აუდიტორიას მადლობა გადაუხადა, როცა სცენაზე გამოჩენისას ტაშით გაამხნევეს. „ყველას მადლობა. ძალიან მიყვარხართ. როცა ვამბობ, რომ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ამას მთელი გულით ვგულისხმობ,”- მიმართა გრემის ცერემონიაზე დარბაზში მყოფ ადამიანებს სელინ დიონმა.
2024 წლის მარტში სელინ დიონი თავის დაავადებას სოციალური ქსელის მეშვეობითაც გამოეხმაურა და გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა. „როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. მე გაშეშებული ადამიანის სინდრომის (Stiff Person Syndrome) დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადებასთან გამკლავება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძინე გამოცდილებაა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ ერთ დღეს სცენაზე დავბრუნდე და შეძლებისდაგვარად ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვრო. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი შვილების, ოჯახის, გუნდის და ყველა თქვენგანის სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის,”- აღნიშნა სელინ დიონმა.