American Idol-ის შემდეგ ნუცა ბუზალაძე ევროვიზია 2024-ზე წარდგება

ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო შოუზე გამოვა.
ნუცა ბუზალაძე, ფოტო: ვახტანგ ალანია
ნუცა ბუზალაძე
ფოტო: ვახტანგ ალანია

გასულ წელს  American Idol-ის 21-ე სატელევიზიო სეზონში ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე მონაწილეობდა.  წელს კი ნუცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო სიმღერის კონკურსზე – ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგება. კონკურსს ყოველწლიურად ასობით მილიონი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს.  

ნუცა ბუზალაძის American Idol-ში ყოფნის დროს ჩაწერილი ინტერვიუდან ერთი წლის შემდეგ, ბილბორდმა ამჯერად მასთან ინტერვიუ შვედეთის ქალაქ მალმეში ჩაწერა, სადაც  ნუცამ თავის ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა.

შარშან კალიფორნიაში ინტერვიუს დროს შემოგთავაზეს, რომ ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარმდგარიყავით და აი, ახლა აქ ხართ. როგორი იყო თქვენთვის ბოლო თორმეტი თვე?

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ American Idol ჩემს ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. მათ ახალი შესაძლებლობებისთვის გამიღეს კარი. როგორც ლაიონელ რიჩიმ მითხრა: „არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილს დაიკავებ, შენ უკვე ვარსკვლავი ხარ.“  American Idol ჩემი საერთაშორისო კარიერის დასაწყისი იყო. ამერიკაში აგენტი მყავს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ლეიკერსის და დოჯერსის თამაშზე ეროვნული ჰიმნი მემღერა. საოცარი ზაფხული გავატარე მაიამიში. ჰემპტონში ყოფნის დროს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა: „ნუცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროვიზიაზე ქვეყანა შენ უნდა წარადგინო, როდის ჩამოხვალ საქართველოში?”

ანუ, თქვენ ევროვიზიაზე თანხმობა განაცხადეთ?

„მე მათ ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთი პირობა მქონდა: მინდოდა, ყველა წვრილმან დეტალში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც თანხმობა მივიღე: „დიახ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინო თავი, გვსურს, ისეთი სიმღერა იმღერო, რომელიც შენ მოგეწონება.“ ასე რომ, სრული თავისუფლება მქონდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ და არა ის, ვინც სხვას სურს. ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს.“

თქვენ მღერით სიმღერას Firefighter. მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

„ღია კონკურსი იყო გამოცხადებული, საოცარი სიმღერები შემოვიდა, საერთო ჯამში 300-ამდე სიმღერა, ყველას მოვუსმინეთ. გვქონდა სამი ფავორიტი კომპოზიცია და ამ სამიდან ეს სიმღერა ავარჩიეთ, რომელშიც თავს ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ. სიმღერა Firefighter მაკედონელი პროდიუსერის, დარკო დიმიტროვის მიერაა დაწერილი, რომელსაც ევროვიზიაზე დიდი გამოცდილება აქვს. ტექსტის ავტორი ესტონელი ადა სატკა გახლავთ. მაიამიდან მაკედონიაში ჩავფრინდი, სადაც სტუდიაში სიმღერის დასასრულებლად სამი დღე დავყავით. ეს იყო საოცრად შემოქმედებითი პროცესი.“

რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს წარდგენა ევროვიზიაზე?

„ჩემი ქვეყნისადმი სიყვარული, ჩემი ქვეყნისა ისტორიის და ხალხის გამო, ბავშვობიდან მომყვება. მინდა, ჩემით იამაყონ. მინდა, მსოფლიოს ვაჩვენო, თუ რამდენად დიადი და ნიჭიერი ადამიანები ჰყავს საქართველოს. ძალიან პატარა ერი ვართ, ეს კი იმისკენ მიბიძგებს, რომ უფრო მეტად ვიყო მოტივირებული, რათა საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინო. მაგალითად, ამერიკაში ძალიან ბევრს ჰგონია, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი შტატია.“

თქვენ American Idol-ის კონკურსში იღებდით მონაწილეობას და ახლა ევროვიზიაზე წარდგებით. რას ფიქრობთ ამ კონკურსების  შესახებ?

„სიმართლე გითხრათ, კონკურსად ვერ აღვიქვამ. მე ამას ჩემი კარიერისთვის ვაკეთებ და იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. მთელი ცხოვრება მინდოდა, კარგი კარიერა მქონოდა, როცა ყველგან შეგიძლია წახვიდე და იმღერო. არა მარტო შენს ქვეყანაში, არამედ ყველგან. ვფიქრობ, დიდი კონკურსები კარგ შესაძლებლობას იძლევა, რომ მილიონობით ადამიანმა შენ შესახებ გაიგოს. ეს არის მთავარი, რის გამოც ამას ვაკეთებ. არ მიყვარს ვინმესთან შეჯიბრი, ერთადერთი, ვისთანაც მუდმივად ვიქნები კონკურენციაში, ეს ჩემი საკუთარი თავია, რადგან ყოველთვის მსურს რაღაც უფრო მეტი და უკეთესი.“

რა იყო ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც American Idol-ის დატოვების დროს ისწავლეთ?

„American Idol-ზე მივხვდი, რომ ადრე საკმაოდ ბევრს ვშრომობდი, თუმცა American Idol ყველაზე შრომატევადი რამ იყო. სასტუმროს ნომერში ემოციებისგან დაღლილი ვიჯექი ხოლმე და ვტიროდი, თუმცა ლაივ შოუების დროს ბევრად უკეთესი იყო. კონკურსანტებთან და შემდეგ შემოქმედებით ჯგუფთანაც დავმეგობრდი.“

რა გეგმები გაქვთ კარიერაში ევროვიზიის შემდეგ?

„ჩემი ახალი სინგლი 12 მაისს გამოდის. მალმეში გაფრენამდე ვიდეო-კლიპი გადავიღე. სიმღერას Mother’s Day ჰქვია და დედის დღეს გამოქვეყნდება. ეს სიმღერა დედაჩემს ეხება, ის ჩემთან ერთად მონაწილეობს ვიდეოკლიპში. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის ემოციური იქნება. დედა ძალიან მიყვარს და მინდოდა, მასზე მქონოდა სიმღერა.“

კიდევ რა გაქვთ სამომავლოდ გეგმაში?

„არის კიდევ სიახლეები, რომელიც არავისთვის მითქვამს და რომელსაც ბილბორდს გავუმხელ. 11 მაისს, იმავე დღეს, როცა ევროვიზიის ფინალია, ბროდვეიზე სინჯებზე მიმიწვიეს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდე ნიუ-იორკში.“

შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, რომელ შოუზე მიგიწვიეს?

„არა მგონია, მათ ეს სურდეთ. ეს თანამედროვე მიუზიკლია. პერსონაჟი, რომელიც სურთ, რომ ვითამაშო,  რეალურ ცხოვრებაში ძალიან მგავს. ამ პერსონაჟის ხმა და სიმღერებიც კი ჩემი მუსიკის სტილისაა.“

2024 წლის ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალში ნუცა ხუთშაბათს, 9 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმეში სიმღერა Firefighter-ს შეასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ ნუცა ბუზალაძე 10 საუკეთესოთა შორის დასახელდება, იგი საქართველოს სახელით შაბათს, 11 მაისს, ევროვიზიის ფინალშიც წარდგება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

65 წლის წინ გამართული გრემის დაჯილდოების პირველი ცერემონია ფრენკ სინატრასთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

შემდეგი სტატია

ამერიკული Billboard 2024 წლის „ევროპაკონცერტის”, წინანდლის მამულისა და Silk Road Group-ის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი