Eras Tour-ის ფარგლებში ტეილორ სვიფტი ლონდონს ეწვია. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბუკინგემის სასახლის სამხედრო ბენდმა პოპ-ვარსკვლავის 2014 წლის ჰიტი Shake It Off შეასრულა.
გავრცელებულ ვიდეოში ოფიციალურ კოსტიუმებში გამოწყობილი ბენდის წევრები ბუკინგემის სასახლესთან დგანან და დირიჟორის ხელმძღვანელობით სვიფტის სიმღერას საქსოფონზე, ტუბაზე, ტრომბონსა და სხვა ჩასაბერ ინსტრუმენტებზე უკრავენ. ვიდეო დასათაურებულია, როგორც Changing of the Guard (Taylor’s Version).
„დამთხვევაა, რომ მეთოფეების (The Rifles) სლოგანია: Swift and Bold,” – დაწერა ბრიტანულმა არმიამ ვიდეოს კომენტარებში. ვიდეოზე თავად ბრიტანეთის სამეფო ოჯახმაც კი დააკომენტარა.
Eras Tour-ის ფარგლებში სვიფტი უემბლის სტადიონზე 21-23 ივნისს სამ კონცერტს გამართავს. ლონდონამდე პოპვარსკვლავს კონცერტი კარდიფში ჰქონდა. ეს სვიფტის პირველი გამოსვლა იყო უელსში, რომლის შემდეგაც მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა: „ეს მართლაც უკონტროლო იყო, ამის საუკეთესო მნიშვნელობით – მოხტუნავე და მოცეკვავე ადამიანთა ზღვის ყურება… ეს არასდროს დამავიწყდება.”
სვიფტმა, რომელმაც Eras Tour 2023 წლის მარტში დაიწყო, ცოტა ხნის წინ ფანებს გაუზიარა, რომ ხანგრძლივი ტურნე უკვე დასასრულს უახლოვდება. 13 ივნისს ლივერპულში გამართულ კონცერტზე მან აუდიტორიას მიმართა: „მეასე კონცერტი უკვე იმას ნიშნავს, რომ პირველად ვაანალიზებ და ვაღიარებ, რომ ეს ტური დეკემბერში დასრულდება.“
ნახეთ ბუკინგემის სასახლის სამხედრო ბენდის მიერ შესრულებული Shake It Off: