ქართველი არტისტი Saphileaum (ანდრო გოგიბედაშვილი) ახალ EP-ს გამოსცემს. Mirage – ასე ჰქვია ნამუშევარს და ის პარიზში დაფუძნებულ ლეიბლ Intervision-ზე გამოიცემა. EP-ში გაერთიანებული ტრეკები ჟღერადობით ტროპიკულ-ტრაიბალური ხასიათისაა. სწორედ ნამუშევრის მუსიკალურ კონცეფციას ეხმიანება სახელწოდებაც.
Saphileaum:
„EP-ზე მუშაობის დროს, ბევრს ვფიქრობდი, რა დამერქმია და საბოლოოდ Mirage-მდე მივედი. მირაჟი ისეთი მოვლენაა, როცა გგონია, რომ რაღაცას ხედავ – თითქოს ის მართლა იქ არის, მაგრამ რაღაც მომენტში ამჩნევ, რომ ეს უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა. ამ ნამუშევრით მინდა, რომ მსმენელს ტროპიკული სანაპიროსა და ჯუნგლების ატმოსფეროს მირაჟი შევუქმნა.”
თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში, სადაც ახალი ნამუშევრების გავრცელების ძირითადი პლატფორმა ციფრული სტრიმინგ სერვისებია, ალბომის ფირფიტის სახით გამოცემას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც აქვს. როგორც ანდრო გოგიბედაშვილი Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, Mirage ციფრულთან ერთად ფირფიტის სახითაც გამოვა.
„მიყვარს, როდესაც მუსიკას ფიზიკური სახე აქვს – იქნება ეს კასეტა,CD, თუ ფირფიტა. ერთია, მუსიკას უსმენდე ციფრულად და მეორეა, როცა შეგიძლია მას ეხებოდე და ათვალიერებდე, როგორც ნამდვილ წიგნს,” – ამბობს Saphileaum.
რაც შეეხება თავად Saphileaum-ს, ის ქართულ მუსიკალურ სფეროში თითქმის ათი წლის წინ გამოჩნდა. როგორც არტისტი ამბობს, მუსიკის შექმნა მას დაეხმარა, საკუთარი თავი უკეთ გაეცნო, აღმოეჩინა ახალი მიზნები, შეხვედროდა უამრავ საინტერესო მუსიკოსს და არაერთ გამორჩეულ სივრცეში დაეკრა. Saphileaum მრავალი წელია კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი არტისტია და ელექტრონული მუსიკის მოყვარული მსმენელი მის ლაივებს ამ სივრციდან კაგად იცნობს.
აღსანიშნავია, რომ დაანონსებული Mirage-ის გამოცემამდე რამდენიმე თვით ადრე Saphileaum-მა სრული ალბომი – Exploring Together გამოუშვა, რომელიც იაპონურ ლეიბლ Mule Musiq-ზე ტოკიოში გამოიცა.
რაც შეეხება Mirage-ს, 5 ივლისიდან ნამუშევარი ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი. მუსიკა სრულად ანდრო გოგიბედაშვილს ეკუთვნის.