ინტერვიუ მურმან წულაძესთან

„ეს მუსიკა მე არ მიპოვია, თვითონ მიპოვა. თავიდან ვერც ვხვდებოდი, რომ თურმე აღმოსავლური მუსიკა მიყვარდა“

მუსიკალური პროექტი Murman Tsuladze  ბრიუსელში 2016 წელს ჩამოყალიბდა. მანამდე არტისტი მურმანი/ბაჩო წულაძე  დიდხანს იკვლევდა და ეძებდა იმ ავთენტურ მუსიკალურ ხაზს, რომელსაც აირჩევდა და გაჰყვებოდა. მუსიკალური პროექტი არტისტმა თავად დააარსა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მურმან წულაძემ  ბელგიაში ფრანგული ჯგუფის, La Femme-ს წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი, სასცენო სახელით ზაური, და პარიზული ტექნო დუეტის, Mundopal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, ვიქტორ გასკონი შემოიერთა და სწორედ აქედან იწყება პროექტ Murman Tsuladze-ს მუსიკალური გზა.

საფრანგეთში მოღვაწე არტისტი მურმან წულაძე საქართველოში იმყოფებოდა და 19 ივლისს  LoveBar-ში IOwithILa-სთან და 

Mechanical Rainbow-სთან ერთად კონცერტი გამართა. Billboard საქართველო სწორედ იქ შეხვდა მუსიკოსს და ინტერვიუ ჩაწერა: 

Murman Tsuladze

მუსიკალური გზა და პროექტი Murman Tsuladze

მურმან წულაძე: მუსიკოსი

„ადრე როკ ბენდი გვქონდა და ერთ მომენტში იმ დონეზე მივედი, რომ მინდოდა, რაღაც ისეთი შემექმნა, რაც მუსიკალურად უფრო მეტად წარმომადგენდა. სულ დასავლურ მუსიკას ვუკრავდით, მინდოდა აღმოსავლური ელემენტები, ჩემი ქართული რამე ჩამედო მუსიკაში, თან ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია მურმან წულაძე და ამ პროექტსაც ესე დავარქვი.

თვითონ პროექტი თავიდან გასართობად შეიქმნა, როგორც ბონ ჯოვი და მისი მუსიკოსები, დაახლოებით მსგავსად მურმან წულაძე და მისი მუსიკოსები. ჯერ დავიწყე მარტო, მე მყავდა ბენდში სხვა მუსიკოსებიც, მაგრამ უფრო როკს ვუკრავდით და ეს არ მინდოდა, მინდოდა ჩემი სტილის პოპი შემექმნა. გავიცანი ზაური, რომელიც  La Femme-ში უკრავს და ამის მერე დავიწყეთ იმ მუსიკის შექმნა, რასაც ახლა ვუკრავთ.  ზაური ბრიუსელში გავიცანი, ჩემი მეგობრის მეგობარი აღმოჩნდა და, როცა ჩემი მუსიკა მოვასმენინე, ძალიან მოეწონა და თავად შემომთავაზა, თუ ბასისტს ეძებ, შენთან სიამოვნებით დავუკრავო. მაგ დროს წავედით ფესტივალზე, იქიდან სტამბოლში გადავედით, სადაც მუსიკაზე ვმუშაობდით. თუმცა, ეს ახალი ალბომი, რაც გამოვა, უფრო სოლო ვერსიაა და ცოტა განსხვავებული.“

Murman Tsuladze-მ მომავალ ალბომზე მუშაობა დაასრულა და მასში შესული სინგლი Ich bin Rustaveli რამდენიმე ხნის წინ გამოაქვეყნა.  ახალი ალბომის სავარაუდო სახელი  Mood Town იქნება, რომელშიც 15 სიმღერა შევა.

„ახალი ალბომის სავარაუდო სახელი Mood Town არის, მაგრამ შეიძლება შევცვალო. მასში ჯამში 15 სიმღერაა გაერთიანებული. ერთი სინგლი უკვე გამოცემულია და ორ კვირაში მეორე სიმღერას ვუშვებ. ვფიქრიბ, რომ ალბომს ოქტომბერ-ნოემბერში სრულად გამოვცემ. დღესდღეობით ისეთი სისტემაა, რომ ალბომს აღარავინ უსმენს. ამაზეც ვფიქრობ, რა აზრი აქვს, ალბომი სრულად რომ გამოვუშვა და ორ კვირაში მერე ყველას დაავიწყდება. ამიტომ, მირჩევნია ესე სინგლებად გამოვცე. არ ვიცი, საით მივდივარ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ალბომი მზად არის. მეორე ალბომის წერაც დავიწყე უკვე, სადაც 5-6 სიმღერა უკვე დაწერილი მაქვს.“

მუსიკალურ სტილი და იდენტობა, რომელიც Murman Tsuladze-ს მუსიკას თვითმყოფადს ხდის, ბევრმა გარემო ფაქტორმა განაპირობა. არტისტი რუსთავში დაიბადა,  თავდაპირველი ინსპირაცია კი ბაბუის, მურმან წულაძის ცხოვრებიდან წამოვიდა. მის მუსიკალურ გემოვნებაზე ბიძამაც იქონია დიდი გავლენა, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა და საბოლოო სახე მუსიკალურ პროექტს სწორედ იქ მიეცა.

Murman Tsuladze

„ეს მუსიკა მე არ მიპოვია, თვითონ მიპოვა. თავიდან ვერც ვხვდებოდი, რომ თურმე აღმოსავლური მუსიკა მიყვარდა. ერთხელ, მახსოვს, ბუქარესტში ვცხოვრობდი და დოკუმენტურ ფილმს  ვიღებდი. სწორედ იქ მოვუსმინე DJ-ის, რომელიც აღმოსავლურ ტექნოს უკრავდა და უცებ ისე გამაჟრიალა, ვიფიქრე, რომ რაღაც კავშირი იყო ამ აღმოსავლურთან. ჩემი ნამდვილი სახელი, მურმანი, არაბულადაც კაცის სახელია – მარვანი, მეორე სახელი კი, ბაჩო, ირანულად პატარა ბავშვს ნიშნავს. ხანდახან, როცა ვუკრავ, ხელები თავისით მიდის. ამ მუსიკას ვერ ვაკონტროლებ, ჩემით მაქვს ნასწავლი მუსიკა, ისიც  საკმაოდ გვიან, მგონი 19 წლის ვიყავი, გიტარაზე დაკვრა რომ დავიწყე.“ 

Murman Tsuladze-ს მუსიკა საკმაოდ ეკლექტურია, სადაც აღმოსავლური ჟღერადობა, ელექტრონული მუსიკის ელემენტები, პოპი და ფოლკია გაერთიანებული. სიმღერის ტექსტებიც ექსცენტრული და აქტუალურია  და რითმულად მსმენელს საცეკვაოდ იწვევს.

„ჩემთვის მუსიკაში ყველაფერი თანაბრად არის, შეიძლება ძალიან ცოტა სიტყვა იყოს გამოყენებული, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავდეს ეს სიტყვა. თან ისიც მომწონს, როცა სიმღერაში დიალოგია, ერთმანეთს როცა ელაპარაკებიან ან საკუთარ თავს როცა ეჩხუბები. ყველა სიმღერას, რაზეც ვყვები და რა გრძნობაც მაქვს ამაზეა. მაგალითად, სიმღერა Ich bin Rustaveli-ში ამ მთავარ სიტყვებს ვიმეორებ,  იმიტომ, რომ მეტი სათქმელი არც არის საჭირო. რამე რომ დავამატო, მთლიან არსს აზრი დაეკარგება. 

მურმან წულაძე TAMADA-სთან ერთობლივი ნამუშევრის გამოცემას უახლოეს მომავალში გეგმავს.

„კოლაბორაციას რაც შეეხება, TAMADA-სთან გვაქვს სიმღერა დაწერილი, რომელიც უნდა დავამთავროთ. TAMADA-სთან ვმეგობრობ და ეს სიმღერაც კარგი გამოვიდა. თუ გრძნობა არ გაქვს რამის, ისე რთულია მუსიკის წერა. მე ჩემით მაქვს მუსიკა ნასწავლი. თუ ვერ ვიგრძენი, ვერ ვუკრავ. არ არის ესე, რომ, მოდი, ამ ნაწყვეტში კლასიკა დავუკრათ, ეს დავამატოთ და რაღაცა გამოვა. თუ ვიგრძენი სიმღერა, ვიცი, რომ კარგი გამოვა და, თუ არ მაქვს რამე ემოციური კავშირი, ის სიმღერა არ გამოდის.“

Murman Tsuladze

მუსიკა რომ არა, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?

„მუსიკის გარდა კინოში ან თეატრში შეიძლებოდა ვყოფილიყავი, თუმცა მანდაც ვარ გარკვეული დოზით, მაგრამ არა, ალბათ მაინც მუსიკა. მუსიკა რომ არ იყოს, ინდუსტრიაში ვიმუშავებდი.“  – ამბობს  საუბრის დასასრულს Billboard საქართველოსთან მურმან წულაძე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯესი ჯეიმ ADHD/OCD დიაგნოზის შესახებ ისაუბრა

შემდეგი სტატია

კამალა ჰარისი კამპანიის ფარგლებში თავისი გუნდის წინაშე ბიონსეს Freedom-ის ფონზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი