მსოფლიოს მთელი ყურადღება ახლა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზეა მიპყრობილი მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 21 ივლისს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა და დემოკრატიული პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატად მხარი ჰარისს დაუჭირა. 22 ივლისს კი კამალა უკვე საპრეზიდენტო კამპანიის გუნდის შეხვედრაზე გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტმა სცენაზე ბიონსეს სიმღერა Freedom-ის ფონზე გაბედულად შეაბიჯა.
სიმღერა Freedom, კენდრიკ ლამარის მონაწილეობით, შესულია ბიონსეს 2016 წლის Billboard 200-ის ლიდერ ალბომში Lemonade.
კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია თავად ბიონსეს. თუმცა ახალ ამბავს გამოეხმაურა მომღერლის დედა: „ახალი, სიცოცხლით სავსე, მკაფიო ენერგია!!! თქვენ ეს მოითხოვეთ და ჩვენმა პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა ის, რაც საუკეთესო იყო ქვეყნისთვის! მან თავისი ეგო, ძალაუფლება და ცნობადობა გვერდით გადადო. სწორედ ეს არის დიდი ლიდერის განსაზღვრება. მადლობა, პრეზიდენტო ბაიდენ, თქვენი ლიდერობისა და მსახურებისთვის. წინ, ვიცე-პრეზიდენტო კამალა ჰარის, პრეზიდენტობისთვის,” – დაწერა ტინა ნოულზმა და ბიონსეს ტურნეს დროს ჰარისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
კამალა ჰარისი ბიონსეს კონცერტს გასულ აგვისტოს მეუღლესთან ერთად დაესწრო. NBC-ის თანახმად, მომღერალმა ვიცე-პრეზიდენტს პირადად აჩუქა 1655 დოლარის ღირებულების ორი ბილეთი.
ნახეთ კამალა ჰარისის შემოსვლა (5:23) ბიონსეს სიმღერაზე: