ჯგუფი „მგზავრები” ევროპულ და ჩრდილოამერიკულ ტურნეში მიემგზავრება. ტურნე აგვისტოს ბოლოს თურქეთში დაიწყება, სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში გაგრძელდება და ნოემბერში ევროპაში დასრულდება. საკონცერტო ქვეყნებს შორისაა: თურქეთი (ანტალია, ალანია), კანადა (ვანკუვერი, ტორონტო, მონრეალი), აშშ (სან-ფრანცისკო, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ფილადელფია, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი), ასევე პორტუგალია (ლისაბონი), ესპანეთი (ბარსელონა, ვალენსია) და ნიდერლანდები (ამსტერდამი).
„მგზავრების შემოქმედება ეს არის უნიკალური, ემოციური მუსიკა, რომელიც შექმნილია ქართული ეთნიკური მელოდიებისგან და ჰარმონიულადაა შეზავებული როკ ენერგიასთან. ის იპყრობს ისეთ მსმენელსაც, რომელსაც ქართული ენა არ ესმის. „მგზავრები” ის ბენდია, რომელსაც ცოცხლად უნდა მოუსმინო, რადგან მათ მუსიკაში არის რაღაც, რასაც ჩანაწერი ვერ გადმოსცემს,” – ვკითხულობთ ევროპული ტურნეს აღწერაში.
ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებზე ქართული ბენდი წარადგენს ახალ ალბომს და ასევე შეასრულებს ცნობილ ჰიტებს მათი შემოქმედებიდან.
ოთო ედიშერაშვილი – „მგზავრების” პროდიუსერი:
„ტურნესთვის, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, საუკეთესო დარბაზები ავარჩიეთ. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აუცილებლად რეიტინგული ლოკაციები უნდა ყოფილიყო. ეს ის დარბაზებია, სადაც დიდი ვარსკვლავები ჩადიან და კონცერტებს მართავენ. ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის მხოლოდ ის, რომ ამერიკაში ჩავსულიყავით. ჩემი აქცენტები სხვანაირია – ჩვენი გათვლა ადგილობრივ მსმენელზეა იმისთვის, რომ ჯგუფს ხვალინდელი დღე ჰქონდეს. ხვალინდელი დღე კი ნიშნავს ადგილობრივი მსმენელის მონუსხვას, რომელიც კიდევ მოგთხოვს ახალი მუსიკის დაწერას. მერე კიდევ ჩადიხარ ტურში და ეს არის მყარი ურთიერთობა. იქ სხვანაირი კულტურაა, ძალიან დიდი ფანზონაა, რომელიც ქალაქიდან ქალაქში დაგყვება და ნელ-ნელა გვინდა, რომ ეს კულტურა ჩვენც დავნერგოთ.
გამოხმაურება კარგი გვაქვს, ბილეთების გაყიდვაც დიდი ხნის დაწყებულია. ზოგი შტატიდან გვირეკავენ უკვე, რომ ადგილები აღარ არის. არის შტატები, სადაც ჯერ ნაკლებად გვიცნობენ და სწორედ ამასაც ემსახურება ეს კონცერტები, რომ სადაც არ გვიცნობენ, იქ ეს პირველი ნაბიჯები გადავდგათ.”
ტურნეს დეტალები და ბილეთები იხილეთ ბმულზე.