წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურ ტრადიციას განაგრძობს და კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში მე-6 სეზონით ბრუნდება. წელს ფესტივალი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბერს დასრულდება. ამ ცხრა დღის განმავლობაში წინანდალი ქართული და მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს მოუყრის თავს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პროექტი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები ერთიანდებიან როგორც კავკასიის რეგიონიდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ, ტრადიციულად, ფესტივალის პირველი დღე, 31 აგვისტო, პანკავკასიურ ოკესტრს დაეთმობა, რომელსაც ცნობილი იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.
ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა ცნობილია თავისი დინამიკური შესრულებითა და ფართო რეპერტუარით. კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა საუკეთესო დირიჟორის წოდება 2016 და 2023 წლებში. ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ღონისძიება 19:00 საათზე წინანდლის ამფითეატრში გაიმართება, სადაც ჯანანდრეა ნოზედა, სოპრანო ერიკა გრიმალდი, მეცო-სოპრანო აგნეშკა რელისი, ტენორი ჩარლზ კასტრონოვო, ბას-ბარიტონი მარკო მიმიკა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ჯუზეპე ვერდის რეკვიემს შეასრულებენ.
ფესტივალის რიგით მეორე დღეს, 1 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში (12:00), წინანდლის ფესტივალის სცენა კანადელ პიანისტ ბრუს ლიუს დაეთმობა. მან საერთაშორისო აღიარება 2021 წელს ვარშავაში გამართულ შოპენის პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. იგი მისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო არტისტად მიიჩნევა. The Globe and Mail-მა ბრუს ლიუ კლასიკური მუსიკალური სამყაროს როკვარსკვლავად მოიხსენია.
საღამოს კი ფესტივალის სცენაზე ცნობილი დირიჟორი და კომპოზიტორი მიხაილ პლეტნევი წარდგება. პლეტნევმა საერთაშორისო აღიარება ადრეული ასაკიდანვე თავისი ნიჭითა და ქარიზმატული შესრულებით პიანისტის რანგში მოიპოვა. როგორც კომპოზიტორს, მას მრავალი საორკესტრო კომპოზიცია და საფორტეპიანო ნაწარმოები აქვს დაწერილი. მისი სტილი კი ექსპრესიულობით, გამორჩეული ტექნიკითა და ინტერპრეტაციული მიდგომით ხასიათდება.
ორ კონცერტს უმასპინძლებს ფესტივალი 2 სექტემბერსაც. დღის პირველ ნახევარში მსმენელის წინაშე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო არტისტები წარდგებიან: ჯოშუა ბელი – ვიოლინო, ირენ დუვალი – ვიოლინო, ბლაიტ ტე ენგსტრომი – ალტი, სტივენ ისერლისი – ჩელო და ჯერემი დენკი – ფორტეპიანო. შესრულდება გაბრიელ ფორეს საფორტეპიანო ნაწარმოებები.
საღამოს კი ამფითეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ წარდგება ბრუს ლიუ, ამჟამად თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, რომელსაც იტალიელი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი უხელმძღვანელებს. შესრულდება შოპენისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.
კლაუდიო ვანდელის მსოფლიო მასშტაბით არაერთ ცნობილ ორკესტრთან უთანამშრომლია. 2020 წლიდან ის არის Würth-ის ფილარმონიის მთავარი დირიჟორი. 2009 წლიდან კი ხელმძღვანელობს სასცენო დადგმას l’Histoire du Soldat.
3 სექტემბერს, დღის 12:00 საათზე Chamber Music Hall-ში ბრიტანელი ვიოლონჩელისტი სტივენ ისერლისი და კომპოზიტორი და პიანისტი მიხაილ პლეტნევი წარდგებიან. კონცერტზე შესრულდება მიხაილ პლეტნევის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და ფრანც შუბერტის სონატა.
19:00 საათზე კი ამფითეატრის სცენაზე კვლავ პანკავკასიური ორკესტრი წარდგება ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. ამჯერად ორკესტრს მევიოლინე ჯოშუა ბელი და იტალიელი სოპრანო ბარბარა ფრიტოლი შეუერთდებიან. შესრულდება ენრიკ ვენიავსკის სავიოლინო კონცერტი და გუსტავ მალერის სიმფონია.
4 სექტემბერს, 12:00 საათზე Chamber Music Hall-ის სცენა ფრანგ არტისტებს – ედგარ მოროსა და ჟულიენ კანტანს დაეთმობათ.
ფრანგი პიანისტი ჟულიენ კანტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მუსიკოსია როგორც სოლისტის, ასევე კამერული მუსიკის მიმართულებით. მისი შექმნილია ბერლინში დაფუძნებული კონცერტების სერია Musica Litoralis, რომელიც ოციანი წლების სულისკვეთებით არის შთაგონებული. იგი მუდმივად იკვლევს ხელოვნების ახალ ფორმებს და სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს.
რაც შეეხება ვიოლონჩელისტ ედგარ მოროს, იგი მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. 15 წლის ასაკში მას Concours de violoncelle Rostropovitch-ზე ახალგაზრდა სოლისტის პრიზი, ხოლო 17 წლისას ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის მეორე პრიზი გადაეცა.
ამავე დღეს კი, საღამოს 19:00 საათზე სცენაზე მსმენელისთვის 2 სექტემბრის კონცერტიდან უკვე კარგად ნაცნობი ხუთეული წარდგება: ჯოშუა ბელი (ვიოლინო), ირენ დუვალი (ვიოლინო), ბლაიტ ტე ენგსტრომი (ალტი), სტივენ ისერლისი (ჩელო) და ჯერემი დენკი (ფორტეპიანო). ამჯერად მათ კლარნეტისტი პიერ ჟენისონიც შეემატებათ, რომელთან ერთადაც მუსიკოსები ბრამსისა და შუმანის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება და ჯამში 17 კონცერტს უმასპინძლებს.