ჯგუფ „ოაზისის“-ის წევრი ძმები გალაჰერები კვლავ გაერთიანდნენ. მსმენელის მრავალწლიანი სურვილის შემდეგ ჯგუფმა 2025 წლის ტურნე ოფიციალურად დააანონსა.
როგორც ბენდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით იუწყება, დიდი ლოდინი დასრულებულია. ჯგუფის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ დაგეგმილი კონცერტების ჩანაწერების ტრანსლირება არ მოხდება. Oasis-ის 2025 წლის ტურნე მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის კარდიფი, მანჩესტერი, ლონდონი, ედინბურგი და დუბლინი. ამჟამინდელი ინფორმაციით, ევროპაში მათ მეტი კონცერტი არ ექნებათ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჯგუფი გეგმავს, რომ ტურნე ევროპის გარეთაც გაგრძელდეს და სხვა კონტინენტები მოიცვას.
„ოაზისი” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფია, რომელმაც შეერთებული შტატების რადარზეც გაითქვა სახელი. ადრეულ 90-იან წლებში ის შოტლანდიელმა ანტრეპრენერმა, ცნობილი მუსიკალური ლეიბლის, Creation Records-ის დამფუძნებელმა ამან მაკგიმ აღმოაჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა. „ოაზისი” მალევე ბრიტპოპის სცენის ერთ-ერთ წამყვან ბენდად ჩამოყალიბდა, რომელიც Blur-საც კი დაუპირისპირდა.
როცა „ოაზისმა” 1994 წელს სადებიუტო ალბომი Definitely Maybe გამოსცა, მათი დიდი აღმასვლაც დაიწყო და ამის შემდეგ მათი შვიდივე სტუდიური ალბომი მუსიკალური ჩარტების ლიდერის სტატუსს ფლობდა. ბენდმა 1997 წლის ალბომის, Be Here Now-ს 696 ათასზე მეტი ეგზემპლარი სულ რაღაც სამ დღეში გაყიდა, რაც დღეისათვის რეკორდულ მაჩვენებლად მიიჩნევა.
ძმები გალაგერები, ნოელი და ლიამი, 2009 წელს დაიშალნენ. ერთი პერიოდი მათმა ღია დაპირისპირებამ სამართლებრივი დავის ფორმაც მიიღო. ძმებს დედა საჯაროდ სთხოვდა, რომ ეს უთანხმოება მოეგვარებინათ. ორივე გალაჰერმა დამოუკიდებელი მუსიკალური კარიერა დაიწყო.
გალაგერების ირგვლივ ჭორები ყოველთვის ჩნდებოდა. ფანებს მუდმივად სურდათ, ბენდის გაერთიანება ეხილათ, რაც წარსულში დაუჯერებელი და შეუძლებელი პერსპექტივა იყო. მას შემდეგ, რაც ბენდის აღდგენის შესახებ ცნობები ბრიტანულ პრესაში გაჩნდა, გალაგერების სოციალური ქსელის ანგარიშებსა და „ოაზისის” ოფიციალურ გვერდზე თიზერი გამოქვეყნდა. პოსტის ვიზუალი ბენდის ლოგოსგან და დამაანონსებელი წარწერისაგან შედგებოდა, რომელიც ფანებს აუწყებდა, რომ მალე რაღაც მოხდებოდა.
ცოტა ხნის წინ ნოელ გალაგერმა განაცხადა, რომ სურს, ბენდს 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუბრუნოს. ამაზე პასუხად ლიამმა აღნიშნა, რომ ბენდს უფასოდ შეუერთდება.
„ოაზისი” 2024 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტად დაასახელეს, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა. ლიამ გალაგერმა თავდაპირველად ამაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. “F–ck the Rock n Roll hall of fame,” – წერდა ლიამი. არტისტმა პოსტში გამოიყენა იამაიკური ტერმინი BUMBACLARTS, რომელიც რაღაცისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, ზიზღს გამოხატავს.
რაც შეეხება „ოაზისის” დაანონსებულ ტურნეს, გაერთიანებული სამეფოს შოუების ბილეთები 31 აგვისტოდან სამ სხვადასხვა პლატფორმაზე ticketmaster.co.uk-ზე, gigsandtours.com-სა and seetickets.com-ზე გაიყიდება. დუბლინის ბილეთები კი ამავე დღეს, ticketmaster.ie-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
ნახეთ Oasis-ის 2025 წლის კონცერტების განრიგი:
4 ივლისი — კარდიფი, Principality Stadium
5 ივლისი — კარდიფი, Principality Stadium
11 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park
12 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park
19 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park
20 ივლისი — მანჩესტერი, Heaton Park
25 ივლისი — ლონდონი, Wembley Stadium
26 ივლისი — ლონდონი, Wembley Stadium
2 აგვისტო — ლონდონი, Wembley Stadium
3 აგვისტო — ლონდონი, Wembley Stadium
8 აგვისტო — ედინბურგი, Scottish Gas Murrayfield Stadium
9 აგვისტო — ედინბურგი, Scottish Gas Murrayfield Stadium
16 აგვისტო — დუბლინი, Croke Park
17 აგვისტო — დუბლინი, Croke Park