წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-6 სეზონი გაიხსნა

ფესტივალი 8 სექტემბერს დაიხურება.
წინანდლის ფესტივალი

31 აგვისტოს წინანდლის ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალის მე-6 სეზონი დაიწყო. ფესტივალი ჯუზეპე ვერდის „რეკვიემით” გაიხსნა. სცენაზე პანკავკასიური ორკესტრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად წარდგა. მუსიკალურ საღამოს წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი და მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა ხელმძღვანელობდა. 

ფოტო: წინანდლის ფესტივალი

ფესტივალის ოფიციალურ გახსნამდე „რადისონ ქოლექშენ წინანდლის” მამულში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წინაშე სიტყვით წარდგნენ:  „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ავი შოშანი, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, ასევე ფესტივალის მხარდამჭერების – იტალიისა და ნორვეგიის საელჩოების წარმომადგენლები. 

გიორგი რამიშვილი
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

გიორგი რამიშვილი: 

„ბედნიერი ვარ, რომ წინანდლის ფესტივალის ისტორია გრძელდება და ჩვენთან ერთად არიან ისეთი შესანიშნავი პროფესიონალები, როგორიც ჯანანდრეა ნოზედა და ავი შოშანი გახლავთ. მიხარია, რომ წელს ჩვენი ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე კვლავ წარდგებიან ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან ჯოშუა ბელი, სერ ანდრაშ შიფი, ვასილი პეტრენკო და სხვა საოცარი ვარსკვლავები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას, რათა ასეთი მნიშვნელოვანი და ხარისხიანი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება არ გაჩერდეს და  კიდევ უფრო განვითარდეს. გვსურს, მთელმა მსოფლიომ წინანდლის ფესტივალიდან მიიღოს გზავნილი, რომ ჩვენ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვართ.”

ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პანკავკასიური ორკესტრი, რომელიც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან შედგება. როგორც დავით საყვარელიძემ Billboard Georgia-სთან საუბრისას აღნიშნა, წელს პანკავკასიური ორკესტრი უკვე რვა ქვეყანას აერთიანებს. 

დავით საყვარელიძე
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

დავით საყვარელიძე: 

„ფესტივალისათვის მე-6 სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო სტანდარტებით ზუსტად ეს დრო სჭირდება ფესტივალს, რომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს და შესაბამისი ცნობადობა და გავლენა მოიპოვოს. წინანდლის ფესტივალმა ეს ნამდვილად შეძლო. წელს პროგრამა არაერთ ვარსკვლავს აერთიანებს და ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი პრესის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არიან საერთაშორისო Billboard-ის კლასიკური მუსიკის კრიტიკოსები. გვყავს სპეციალური დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან. შემიძლია ვთქვა, რომ წელს წინანდლის ფესტივალისადმი მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი. ფესტივალიდან ოთხ კონცერტს Medici.tv-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს. ფესტივალის გახსნა პირდაპირ გადაიცემა Euronews Georgia-ს ეთერშიც. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული და მასშტაბური სეზონი გვაქვს. ჩვენს სტუმრებს კლასიკურ მუსიკასთან ერთად, დამატებით ვთავაზობთ სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებას. მაგალითად, წელს პროგრამაში წარმოდგენილია თუმანიშვილის დასის სპექტაკლი „მელოტი მომღერალი ქალი”. ასევე გაიმართება სუხიშვილების კონცერტი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა იხსნება.”

ფესტივალის მისიასა და მნიშვნელობაზე საუბრისას ავი შოშანმა აღნიშნა, რომ წინანდლის ფესტივალი ახდენილი ოცნებაა. 

ავი შოშანი
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

ავი შოშანი:

„როცა გიორგი რამიშვილმა წინანდალში მოგვიწვია, ჩვენ მას ის საჭიროებები გავუზიარეთ, რასაც ფესტივალთან დაკავშირებით ჩვენი გეგმები და ხედვა მოიცავდა. გიორგი რამიშვილი ის შემთხვევაა, როცა ადამიანი თავის სიტყვასა და დანაპირებს ძალიან სწრაფად ასრულებს. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს. რაც შეეხება ფესტივალის მისიას, ახლაც ვამბობ და ყოველთვის ამას გავიმეორებ: პანკავკასიური ორკესტრია ის მთავარი მიზეზი, რატომაც აქ ვიმყოფებით. ჩვენ კვლავ და კვლავ ვაჩვენებთ იმას, რომ მუსიკა არის საერთაშორისო ენა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. უკვე მივაღწიეთ იმას, რომ წინანდლის ფესტივალი მსოფლიო რუკაზე მოვნიშნეთ და დღეს მას მთელი მსოფლიოდან ესწრება აუდიტორია.”

ჯანანდრეა ნოზედა
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალის განვლილ გზასა და კლასიკური მუსიკის სამყაროში მის ამჟამინდელ გავლენაზე ისაუბრა ფესტივალის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ჯანანდრეა ნოზედამ: 

„წინანდალი ჩემთვის პრიორიტეტია. როცა აქ არ ვარ, მთელი წელი ველოდები, რომ ფესტივალის ახალი სეზონისთვის კვლავ დავბრუნდე საქართველოში. ყოველწლიურად ფესტივალი ვითარდება – იზრდება პანკავკასიური ორკესტრის შესრულების ხარისხი და უფრო მასშტაბური ხდება შემსრულებელი მუსიკოსების პროგრამა. წინანდალი უკვე აღიარებულია მსოფლიოში და  მას უკვე აქვს სახელი განთქმული. ის ფაქტი, რომ აქ არის ყველაფერი – მუზეუმი, რეზიდენცია, სასტუმრო, ვენახები – ეს გვაძლევს საშუალებას, ყველამ ერთად შევიგრძნოთ ეს ადგილი.”

დავით საყვარელიძე და ავი შოშანი
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

პრესკონფერენციის შემდეგ წინანდლის ამფითეატრში ფესტივალი პირველი კონცერტით გაიხსნა. კონცერტის წინ მსმენელს დავით საყვარელიძემ და ავი შოშანმა სცენიდან  მიმართეს. ავი შოშანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუსიკა არის ის ძალა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. 

ჯანანდრეა ნოზედა
ფოტო: წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ფესტივალი მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში აუდიტორიას არაერთ შთამბეჭდავ კონცერტს წარუდგენს. ფესტივალი 8 სექტემბერს დაიხურება. 

ფესტივალის პროგრამას გაეცანით ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ნოელ გალაგერის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიშალა „ოაზისი”

შემდეგი სტატია

სტივი უანდერმა ახალი სიმღერა გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

სვიფტს პერსონალურად ტრამპის საწინააღმდეგო განცხადება არ გაუვრცელებია. მან თავის ფანებს არჩევნებში რეგისტრაციისაკენ მოუწოდა.
მეტი

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები”  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საუბრობენ

ბრაზილიის, იტალიისა და ჩეხეთის ელჩები საქართველოში ფესტივალ „ღამის სერენადების” მხარდამჭერები არიან
მეტი

„რატომ არ აკოცა გოგოს?” – ბრიტნი სპირსი საბრინა კარპენტერის მუსიკალური ნომრისას უცხოპლანეტელის კოცნის სცენას გამოეხმაურა

ბრიტნი სპირსმა კარპენტერს წითელ ხალიჩაზე მისი ხსენებისათვის მადლობაც გადაუხადა.
მეტი

ჯასტინ ტიმბერლეიკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დაწყებულ სასამართლო განხილვას საპროცესო შეთანხმებით დაასრულებს

ჯასტინ ტიმბერლეიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის ივნისში დააკავეს.
მეტი