7 სექტემბერს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში The Weeknd-ის გრანდიოზული კონცერტი იმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენის სურვილი 420 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. 2022 წელს The Weeknd მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არტისტად დასახელდა. სიმღერა Blinding Light-ის უსაზღვრო წარმატებამ არტისტს პლანეტის ყველაზე პოპულარული შემსრულებლის წოდება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სინგლმა ბილბორდ 100-ში 90 კვირა დაჰყო და Hot 100-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჰიტებს შორის დასახელდა.
მუსიკალურ ინდუსტრიაში უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, The Weeknd მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის. ინტერვიუში არტისტი ამ პრობლემის შესახებ ღიად საუბრობს. იგი ცხოვრებაში და კარიერაში ახალი თავის დაწყებას „აღორძინებას” უწოდებს.
The Weeknd-მა ახალი მუსიკალური ტურნეს საწყისად სან-პაულუ აირჩია. არტისტი ბრაზილიას გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა, სადაც მომავალ ალბომ Hurry Up Tomorrow-ში შესულო საკვანძო სიმღერა დაწერა.
14 წლიანი მუსიკალური კარიერა არტისტისთვის მნიშვნელოვანი მიღწევების თვალსაზრისით მრავალფეროვანია. იგი Spotify-ზე ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად დასახელდა, მიღებული აქვს 4 გრემის ჯილდო, ბოლო ტურნეში კი ბილეთების გაყიდვიდან 500 მილიონზე მეტი დოლარი გამოიმუშავა. არტისტმა ხაზი გაუსვა ბრაზილიელი აუდიტორიის მნიშვნელობას, რადგან სწორედ აქ გამოსვლის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
ბილბორდ ბრაზილიასთან ინტერვიუში The Weeknd-მა თქვა: „ძნელია ბრაზილიელი ხალხის სიყვარული და ენერგია აღწერო. აქ მუსიკას ძალიან ღრმად გრძნობენ. სან-პაულუმ და ბრაზილიამ გამახსენეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მუსიკას და რატომ მინდა მისი კეთება. ამას არასდროს დავივიწყებ და ყოველთვის ჩემთან იქნებით.”
The Weeknd-ის წარმატება მისი მუსიკალური სტილითაა განპირობებული. არტისტი პოპის, R&B-ის და ელექტრო მუსიკის სინთეზით საინტერესო ჟღერადობას ქმნის. მისი ტექსტები ძირითადად სიყვარულს, პიროვნულ ბრძოლასა და შინაგან ტკივილზე გვიყვება. ბრაზილიაში კონცერტის წინ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეხვედრა უფსკრულთან” და ეს ფრაზა ინტერვიუში მის პირადი ბრძოლებითა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებით ახსნა. „ეს რაღაც ძალიან სპეციფიკურია, იმედი მაქვს, რომ ჩემი მუსიკა სხვებსაც დაეხმარება უფსკრულიდან ამოსვლაში.” – ამბობს მუსიკოსი.
მენტალური პრობლემები არტისტის მუსიკაში ჩვეული თემებია, 2018 წლის სიმღერა I Was Never There-ში მუსიკოსი ღრმა ემოციურ ტკივილზე მღერის.
The Weeknd-მა პირველი კრებული House of Balloons 2011 წელს გამოსცა და ის ბილბორდ 200-ში მოხვდა. მისი სინგლის, Wicked Games-ის დებიუტი კი ბილბორდ 100-ში 33-ე ადგილზე შედგა.
The Weeknd ღიად საუბრობს მენტალური პრობლემების შესახებ. ბოლო ინტერვიუში მან გაამხილა, რომ საუბრის დაწყების წინ პანიკური შეტევაც კი ჰქონდა. იგი მუდმივად ებრძვის შფოთვით აშლილობას და აღიარებს, რომ ამას ვერსად გაექცევა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მართვას სწავლობს, რაშიც ხელოვნება ეხმარება.
The Weeknd თავს იღბლიანად თვლის, რადგან მან დეპრესიული და ნიჰილისტური დამოკიდებულება საქმიანობაში გადაიტანა და ერთგვარ თერაპიულ ფორმად აქცია. არტისტი ხშირად უკავშირებს თავის ფილოსოფიას ფრიდრიხ ნიცშეს, რომლის თქმითაც ცხოვრებას თანდაყოლილი ღირებულება და მიზანი არ აქვს.
The Weeknd ხშირად იკვლევს საკუთარ ნამუშევრებში წარმატების შესახებ სხვადასხვა გამოწვევებს. ბილბორდ ბრაზილიასთან ინტერვიუში ის ამბობს: „მინდა საკუთარი თავის ძველ ვერსიაზე უკეთესი ვიყო, ყოველთვის ვცდილობ იმას მივაღწიო რაც აქამდე მუსიკალურად არ გამიკეთებია. ფოკუსირებას ზრდაზე და ჩემი მიზნების მიღწევაზე ვაკეთებ.”
არტისტი გამოცდილებიდან გამომდინარე მუსიკისა და საზოგადოების კავშირზე საუბრობს. Მას სურს, რომ მისი მუსიკა, ისევე როგორც მას, სხვებსაც საკუთარ თავთან ბრძოლაში დაეხმაროს. The Weeknd მომავალ ალბომს ზედმეტსახელად „ფრანკეშტეინსაც” კი უწოდებს, რომელიც მიღებული გაკვეთილებისა და პიროვნული ზრდის სინთეზს წარმოადგენს.