29 სექტემბერს მზიურის პარკში მდებარე სახელოვნებო სივრცეში „კუბი კონტექსტში” თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 17” გაიხსნება. ფესტივალის წლევანდელი თემა სახელოვნებო განათლებაა, რომელიც მულტიმედიური ვორკშოპების სახით იქნება წარმოდგენილი. პროექტი 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდში ფესტივალი სხვადასხვა შინაარსის ვორკშოპებისა და პერფორმანსების სერიებს უმასპინძლებს შემდეგი მიმართულებებით: სახვითი ხელოვნება, პერფორმანსი, ვიდეო, ხმა, ინსტალაცია, ტექსტი, მდგრადი ხელოვნების პრაქტიკა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები აღნიშნული თემების გარშემო მულტიმედიური მეთოდებით საკუთარ ნამუშევრებს შექმნიან, რომელთა უმეტესი ნაწილიც კუბის გალერეასა და პარკში გამოიფინება. ერთ-ერთი მათგანი კი მზიურში, ღია ცის ქვეშ ხანგრძლივი დროით განთავსდება. ვორკშოპებს გაუძღვებიან: ალეკო ცაბაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, გოჩა ჟღენტი, ვატო წერეთელი, კრიშტოფ ფრანაჩეკი (პოლონეთი), მამუკა სამხარაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნინო მაღლაკელიძე, ნინუცა გაბისონია, ბაჩი ვალიშვილი და სოფია ლაპიაშვილი.
„არტისტერიუმი 17” სოციალური საწარმოს „კუბი კონტექსტში” პარტნიორობითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით იმართება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ „კუბი კონტექსტშის” ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.