ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა. როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი ტალღისა და პანკ როკის ელემენტების შერწყმით ბენდის მუსიკამ უნიკალური ჟღერადობა მიიღო.
Electric Six ცნობილია თავისი ენერგიული ცოცხალი კონცერტებით, სადაც ვოკალისტი დიკ ვალენტაინი ქარიზმატული და თეატრალური შესრულებით გამოირჩევა, მათი კონცერტები სავსეა იუმორით, მაყურებელთან ინტერაქციით და მხიარული ატმოსფეროთი.
დიკ ვალენტაინი 16 ნოემბერს Junkyard–ის სცენაზე აკუსტიკურ სოლო კონცერტს გამართავს, სადაც Electric Six-ის ისეთი საკულტო ჰიტები შესრულდება, როგორებიცაა: Gay Bar, Dance Commander და Danger! High Voltage. კონცერტის ფარგლებში, მსმენელი ასევე მოისმენს დიკ ვალენტაინის სოლო კომპოზიციებსა და ქავერ ვერსიებს.
დიკ ვალენტაინი Electric Six-ის ფრონტმენი:
„ჩემი სახელია დიკ ვალენტაინი, ბენდ Electric Six-იდან. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი ტრუბადური ვარ, რომელიც საქართველოში ჩამოსასვლელად საკმაოდ შორ მანძილს გადის. ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოლოდინები შეიძლება მქონდეს კონცერტზე, მაგრამ მინდა თხოვნით მოგმართოთ, თუ ხუთი-ექვსი სიმღერის შემდეგ არ მოგეწონათ ჩემი მუსიკა, გთხოვთ, ბოთლებს ნუ მესვრით. მომეცით შანსი და მომისმინეთ და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, კონცერტის შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ, ვისაუბროთ დღევანდელ მოვლენებზე, ქართული ღვინოც დავლიოთ და ჩემი რვა სოლო ალბომიდან ერთი დისკიც შეიძინოთ.”
Electric Six-მა საერთაშორისო პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისში, სადებიუტო ალბომით Fire (2003) მოიპოვა, სადაც მათი ყველაზე გამორჩეული ჰიტები შედის – Danger! High Voltage და Gay Bar- საკულტო ჰიტი, რომელიც ცნობილია იუმორისტული ტექსტებითა და ენერგიული მუხტით. მუსიკალური ვიდეო, სადაც აბრაამ ლინკოლნის მსგავსი პერსონაჟები ჩანან, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. კითხვაზე, თუ რომელია Electric Six-ის ფრონტმენის საყვარელი კომპოზიცია ბენდის შემოქმედებიდან დიკი პასუხობს:
„რაც შეეხება Electric Six-ის ყველაზე ცნობილ ჰიტებს, მთავარ ჰიტებად Gay Bar და Danger! High Voltage რჩება, მაგრამ ჩემთვის Gay Bar უფრო მნიშვნელოვანია. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ხშირად ვსტუმრობ Gay Bar-ებს. მოუთმენლად ველი, რომ სცენიდან ამ სიმღერას ყველასთან ერთად შევასრულებ. მიყვარს ეს ტრეკი, რადგან ეს არის სიმღერა, რომლის მეშვეობითაც სახლი შევიძინე.”
აღსანიშნავია, რომ ბენდ Electric Six-ს 20-ამდე ალბომი აქვს გამოშვებული. ამერიკული როკ-ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, სადაც ხშირად მართავენ ტურნეებს. ბენდი უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავს ტურნეს, ხოლო რაც შეეხება დიკ ვალენტაინის სოლო პროექტს, მუსიკოსი უახლოეს მომავალში მორიგი სოლო ალბომის გამოცემას აპირებს:
„ძალიან მალე, იანვარში ჩემი ახალი სოლო ალბომი გამოვა. ვფიქრობ საქართველოში კონცერტის დროს ახალი ალბომიდან ჩემ ორ სიმღერასაც შევასრულებ. თბილისში კონცერტის შემდეგ კი როგორც ამერიკელი ტრუბადური Electric Six-ის ჯგუფს შევუერთდები. დაგეგმილი გვაქვს სამკვირიანი ტურნე ევროპასა და დიდ ბრიტანეთში, რომლის ფარგლებშიც კონცერტებს ჩავატარებთ: საფრანგეთში – პარიზში, ბელგიაში, სამი კონცერტი გვექნება ჰოლანდიაში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, როგორც ყოველ წელს. მოუთმენლად ველი ამ ყველაფერს. მგონია, რომ ჩვენ ბენდს სწორედ ახლა, ამ ბიზნესში 22 წლის შემდეგ, ნამდვილი სახე უყალიბდება. ასე რომ, თუ ჩვენი მუსიკა გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომელიმე კონცერტზე გვეწვიოთ.” – დიკ ვალენტაინი Electric Six-ის ფრონტმენი.
თბილისში, Junkyard-ის სივრცეში დიკ ვალენტაინის სოლო კონცერტის მხარდამჭერია RedRum, Locomotive Promotion, GRAMS და Elektrowerk. ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.