22 ნოემბერს კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახი სუპერვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის შოუს დაესწრნენ. კონცრტი Rogers Centre-ში მიმდინარეობდა. მაყურებლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ტრუდო შოუს დროს ტეილორ სვიფტის სცენაზე გამოსვლამდე ცეკვავს. Rogers Centre-ში ჟღერდა სვიფტის სიმღერა You Don’t Own Me. კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ კონცერტის დაწყებამდე ტრუდო ტეილორ სვიფტის ფანებთან ე.წ. მეგობრობის სამაჯურებს ცვლის.
Rogers Centre-ში ეს სვიფტის მეხუთე შოუ იყო. 23 ნოემბერს კი არტისტმა ამ სივრცეში თავისი ბოლო კონცერტი გამართა. ამის შემდეგ ტეილორ სვიფტო ვანკუვერში, BC Place-ში გადაინაცვლებს, სადაც Eras Tour-ს დახურავს. BC Place-ში სამი საფინალო კონცერტი გაიმართება. შოუები 6-8 დეკემბერს ჩატარდება.
ტორონტოს 23 ნოემბრის შოუზე სვიფტმა დიდი ხნის ნანატრი მუსიკალური ნომერი შეასრულა. მან სიმღერები Cassandra, Mad Woman და I Did Something Bad გააერთიანა.
ტორონტოში ჩატარებული კონცერტების სერიის დროს სვიფტმა გრემის ექვს ნომინაციაზეც ისაუბრა, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაზე, რომელიც The Tortured Poets Department-ისათვის მიიღო. „თქვენ რაღაც საოცარი გააკეთეთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,“ – უთხრა სვიფტმა Rogers Centre-ში შეკრებილ მაყურებელს. „ვგულისხმობ იმას, თუ როგორ მიიღეთ The Tortured Poets Department. ეს ალბომი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რადგან ის Eras Tour-ის დროს დავწერე. ალბომზე მუშაობის პროცესს თქვენგან საიდუმლოდ ვინახავდი,” – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა.
სვიფტმა ასევე ისაუბრა ალბომის იმ წარმატებაზე, რაც ნამუშევარმა Billboard-ის ჩარტებში მოიპოვა.
„თქვენ ამ ალბომს ექვსი გრემის ნომინაცია მოაპოვებინეთ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!“ – მიმართა ტეილორ სვიფტმა აუდიტორიას.