SZA-ს თქმით, მისი მუსიკალური სეზონი დაიწყო. ოთხგზის გრემის გამარჯვებულმა დაადასტურა, რომ წლის ბოლომდე ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს წარადგენს. ამის შესახებ არტისტმა YouTube-ის ცნობილი სტრიმერის, კაი სენატის ვიდეოში ისაუბრა.
SZA-მ გაამხილა, რომ „სრულიად ახალი პროექტი“ აქვს მზად და როდესაც სენატი შესაძლო გამოსვლის თარიღზე ჩაეკითხა, მუსიკოსმა უპასუხა, რომ ეს „წლის დასრულებამდე“ მოხდება.
თუ ეს მართალია, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც SZA წლის ბოლო მონაკვეთში თავისი მუსიკალური შემოქმედების მნიშვნელოვან ნამუშევარს გამოსცემს. 2022 წელს მისი მეორე ალბომი, SOS, 9 დეკემბერს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის სტატუსი მალევე დაიმსახურა.
ალბომმა სადებიუტო კვირაში Billboard 200-ის ჩარტში 318,000 ალბომის ეკვივალენტური ერთეულით პირველი ადგილი დაიკავა. ეს შედეგი 2022 წლის მესამე ყველაზე რეიტინგული სადებიუტო მაჩვენებელი იყო. კვირის განმავლობაში სტრიმინგების მაჩვენებლით, SOS ქალი არტისტის R&B ალბომებს შორის ყველაზე წარმატებული ნამუშევარიც გახდა. ალბომმა საერთო ჯამში 10 კვირა გაატარა ჩარტის ლიდერ პოზიციაზე და გახდა პირველი ქალი არტისტის R&B ალბომი, რომელმაც ჩარტებში 10-კვირიან ნიშნულს მიაღწია. ამ კრიტერიუმით SZA მხოლოდ მერაია კერის ჩამორჩება, რომლის 1991 წლის სადებიუტო ალბომმა 11 კვირა გაატარა ჩარტების №1 პოზიციაზე.
SZA-ს ბოლო განცხადება ასევე თანხვედრაშია მის ბოლო ინტერვიუსთან, რომელიც British Vogue-ს მისცა. გამოცემასთან საუბრისას ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ორი პროექტი მზად აქვს გამოსაშვებად, თუმცა თარიღები არ დაუსახელებია. British Vogue-ის მიხედვით, SZA ამზადებს როგორც SOS-ის ე.წ. დელუქს ვერსიას, ისე თავის მესამე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით Lana.
„ვგრძნობ, რომ მუსიკას ცხოვრების უფრო მშვენიერი წერტილიდან ვქმნი. მეტად იმედისმომცემი ადგილიდან და არა ნეგატივით სავსე გარემოებებიდან,“ – განმარტა SZA-მ. „ჩემ გარშემო არსებული სირთულეები ჩემი იდენტობა აღარ არის. ეს უბრალოდ მოვლენებია, რაც თავს გადამხდა. დიახ, სისასტიკე გამოვცადე, მაგრამ ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიშორო. ნელ-ნელა ჩემი მუსიკა ამისგან თავისუფლდება და უფრო მსუბუქი ხდება“.