თითქმის 60 წლის შემდეგ, რაც ბობ დილანმა Mr. Tambourine Man ჩაწერა, სიმღერის ორიგინალი ტექსტი აუქციონზე 508 000 დოლარად გაიყიდა.
ტექსტთან ერთად აუქციონზე დილანის სხვა ნივთებიც იყო წარმოდგენილი, მათ შორის ზეთის საღებავში შესრულებული ხელმოწერილი ნახატი და არტისტის სხვა ნამუშევრები. ნივთები გარდაცვლილი ამერიკელი ჟურნალისტის, ალ არონოვიცის პირადი კოლექციის ნაწილი იყო. არონოვიცი, რომელმაც 1964 წელს დილანი The Beatles-ს გააცნო და რომელიც The Velvet Underground-ის პირველი მენეჯერი იყო, Mr. Tambourine Man-თან თავის უნიკალურ კავშირზე 1973 წლის სტატიაში საუბრობდა:
„ბობ დილანმა Mr. Tambourine Man ერთ ღამეს ჩემს სახლში დაწერა. ის ჩემი სამზარეულოს თეთრ ბართან იჯდა ჩემი პორტატიული საბეჭდი მანქანით, სიგარის კვამლში გახვეული და მისი თხელი, გრძელფრჩხილებიანი თითები ბეჭდავდა სიტყვებს ჩემს ყვითელ Saturday Evening Post-ის ფურცელზე. მთელი ეს დრო გვერდით ოთახიდან ჩემს 6-ფუტიან დინამიკებში ისმოდა მარვინ გეის Can I Get a Witness? ბობი კი სიმღერის ყოველ ჯერზე დასრულების შემდეგ დგებოდა და ფირსაკრავის ნემსს ისევ თავიდან აყენებდა,” – წერდა არონოვიცი.
„სამზარეულოს ბარზე ნაგვის ურნა ვიპოვე, რომელიც სავსე იყო დაკუჭული ქაღალდებით, რომლებზეც ტექსტის დაუსრულებელი დასაწყისები ეწერა. ავიღე, რომ ნაგავში გადამეყარა, როცა ჩუმმა ემოციამ შემიპყრო, როგორც ქარმა, რომელიც თავისი აჩრდილისებრი ძალით ცივად გაჩერებს, რათა შეამჩნიო ის. ავიღე დაკუჭული ქაღალდები, გავასწორე, წავიკითხე გიჟური მოხტუნავე სტრიქონები, ჩემთვის გავიღიმე და ფურცლები ფოლდერში ჩავაწყვე. მე ისინი დღემდე მაქვს.”
გაყიდული ტექსტი შედგებოდა ყვითელი ფურცლის ორი გვერდისგან, რომლებიც მოიცავდა ნაბეჭდი ტექსტის სამ შავ ვერსიას. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტი 1964 წლის მარტით თარიღდება.
Mr. Tambourine Man-ის შესრულება დილანმა 1964 წელს დაიწყო. საბოლოოდ კი სიმღერა 1965 წლის 15 იანვარს ჩაწერა და შევიდა მის მეხუთე ალბომში Bringing It All Back Home, რომელიც იმავე წლის აპრილში გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამავე ალბომიდან Subterranean Homesick Blues იყო დილანის პირველი სინგლი, რომელიც Billboard Hot 100-ში შევიდა, Mr. Tambourine Man გახდა მისი პირველი ჩარტის ლიდერი კომპოზიცია, თუმცა The Byrds-ის შესრულებით, რომელმაც სიმღერის ქავერი იმავე თვეს გამოსცა, როგორც ჯგუფის სადებიუტო სინგლი.
Mr. Tambourine Man-ის ტექსტის აუქციონზე გაყიდვა დილანთან დაკავშირებული კიდევ ერთი აქტივობაა ბოლო თვეების განმავლობაში – მას შემდეგ, რაც ჯეიმს მანგოლდის მიერ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის A Complete Unknown-ის გამოსვლასთან ერთად ლეგენდარული არტისტის შემოქმედება და მემკვიდრეობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.