ავსტრალიელი მუსიკოსი ნიკ ქეივი ყოველთვის ახერხებდა მსმენელის გაოცებას. მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს ისეთ ეტაპებს, როგორებიცაა The Birthday Party-ის ვოკალისტის სტატუსი 80-იანების დასაწყისში, კაილი მინოუგთან კოლაბორაცია, ჯგუფი Nick Cave & the Bad Seeds და ა.შ. თუმცა, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ არტისტს კერამიკული ქანდაკებები გაიტაცებდა.
67 წლის მუსიკოსი უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ე.წ. სტაფორდშირის სტილის კერამიკულ სკულპტურებზე. ამ ხელობას პირველად გლობალური პანდემიის პერიოდში დაეუფლა, ხოლო 2022 წელს თავისი პირველი გამოფენაც გამართა. 17 ფიგურისგან შემდგარი სერია, რომელიც ეშმაკის ცხოვრების ისტორიას ასახავდა, ფინეთში, სარა ჰილდენის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. სერია სახელწოდებით The Devil – A Life ამჟამად ნიდერლანდებში, ვასენაარის Museum Voorlinden-შია გამოფენილი.
ახლახან, The Art Newspaper-თან ინტერვიუში ქეივმა თავის ინტერესზე და სკულპტორების სერიაზე ისაუბრა:
„სტაფორდშირის სტილის სკულპტურებს წლებია, ვაგროვებ. უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს ნივთები. ეს არ არის ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები, მეორადი ნივთების მაღაზიებშიც შეიძლება იპოვოთ. ისინი სულ ჩემს წინ ელაგა, როცა სამუშაო მაგიდასთან ვიჯექი. კოვიდის დროს თითქოს უქმად დავრჩით და ისეთი რაღაცების გაკეთების უფლება მივეცით საკუთარ თავს, რაც ადრე არ გვიკეთებია. ერთხელაც, ერთ-ერთ ასეთ სკულპტურას დავაკვირდი და ვიფიქრე: ეს ხომ მეც შემიძლია!” – თქვა ნიკ ქეივმა ინტერვიუში.
მუსიკოსის თქმით, დედამისს ნიკ ქეივის მიერ მოზარდობისას გამოძერწილი თიხის ფიგურები ძალიან მოსწონდა. როგორც არტისტი იხსენებს, როდესაც დედა კოვიდის პერიოდში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამან მასში სენტიმენტები გააღვიძა, რაც მალევე ახალ გატაცებად იქცა. „ვიფიქრე: ჯანდაბა, ეს მართლა არ უნდა იყოს რთული,“ – ამბობს ხელოვანი.
ქეივმა აღნიშნა, რომ სკულპტურებისადმი მისი სიყვარულის მიღმა არავითარი ირონია არ იმალება. მან ასევე განმარტა, რომ 17-ნაწილიანი სერია The Devil – A Life მისთვის შვილის, არტურის, გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ შინაგან განცდებთან გამკლავების გზა გახდა. ნიკ ქეივის ვაჟი 2015 წელს, 15 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
„ყველაფერს უფრო იდუმალი, მისტიკური მიზიდულობა დაეტყო. შემდეგ ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
„საბოლოოდ, ეს ყველაფერი გაერთიანდა დანაშაულის შეგრძნებისა და პატიების ირგვლივ, რაც ჩემი შვილის სიკვდილს უკავშირდებოდა. ეს იყო რაღაც, რასაც სიმღერების წერით ბოლომდე ვერასდროს მივუახლოვდი. ეს ფიგურები კი ჩემთვის უკიდურესად პირადული გახდა,” – აღნიშნა მუსიკოსმა.
ნიკ ქეივის ბოლო ალბომი Wild God აგვისტოში გამოვიდა. ის მე-18 სტუდიური ნამუშევარია Bad Seeds-თან ერთად. ალბომმა ავსტრალიაში მუსიკალური ჩარტების მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო Billboard 200-ის ჩარტებში 66-ე პოზიციას მიაღწია. Wild God-მა გრემის ორი ნომინაციაც მიიღო. ის ასევე იყო ნომინირებული Australian Music Prize-ზე, თუმცა, საბოლოოდ, პრიზი ავსტრალიელი მუსიკოსის, კანკავა ნაგარას (Kankawa Nagarra) ალბომმა მოიპოვა სახელწოდებით – Wirlmarni.