4 აპრილს ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ოფიციალურად დაადანაშაულა. საქმე ეხება 18-თვიან გამოძიებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხმა ქალმა ბრენდი სექსუალურ ძალადობაში ამხილა.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, 50 წლის ბრენდის წინააღმდეგ წაყენებულია ბრალდებები გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. ბრენდი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდს მოიცავს – ერთ-ერთი შემთხვევა ინგლისის საკურორტო ქალაქ ბორნმუთში, დანარჩენი სამი კი ლონდონის ცენტრალურ რაიონში, უესტმინსტერში მოხდა. პოლიცია აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება და მოუწოდებს ყველას, დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს, თუ კი რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
2023 წლის სექტემბერში ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა – Channel 4-მა და Sunday Times-მა გამოაქვეყნეს ოთხი ქალის ბრალდებები, რომ ბრენდმა მათზე სექსუალურად იძალადა. დაზარალებულთა ვინაობა გასაჯაროებული არ არის. კომიკოსი, მწერალი და მსახიობი პოლიციამ უკვე დაკითხა.
ბრენდი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. პარასკევს, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა: „არასდროს მიძალადია. ვლოცულობ, რომ ეს სიმართლე ჩემს თვალებში დაინახოთ. ახლა მექნება შესაძლებლობა, დავიცვა ჩემი თავი სასამართლოში და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.“
ბრენდი ცნობილი იყო თავისი თამამი და ხშირად არაკორექტული ე.წ. სთენდაფ მონოლოგებით. ის სხვადასხვა გადაცემას უძღვებოდა რადიოსა და ტელევიზიაში. ასევე გამოქვეყნებული აქვს მემუარები, სადაც ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაზე ჰყვებოდა. რასელ ბრენდი მონაწილეობდა ჰოლივუდის ფილმებშიც და 2010-2012 წლებში დაქორწინებული იყო პოპვარსკვლავ კეტი პერიზე.
ბოლო წლების განმავლობაში ბრენდი თითქმის გაუჩინარდა მასმედიიდან, თუმცა ინტერნეტში დიდი აუდიტორია მოიპოვა ვიდეოებით, რომლებშიც კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობს. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. რასელ ბრენდი სასამართლოში 2 მაისს უნდა წარდგეს.
ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის წარმომადგენელმა ჯასვანტ ნარვალმა განაცხადა, რომ „პროკურორებმა დეტალურად შეისწავლეს საქმის მასალები. პოლიციის თქმით, გამოძიება Channel 4-ის დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო.
„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რასელ ბრენდს უნდა წარედგინოს ბრალი, მათ შორის გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში,“ – განაცხადა ნარვალმა. „სამეფო პროკურატურა ყველას შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი აქტიურ ფაზაშია და ბრალდებულს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს.“
2024 წლის იანვარში BBC-მ ბოდიში მოუხადა თანამშრომლებს, რომლებიც ბრენდის ქცევის გასაჩივრებას მისი სტატუსის გამო ვერ ბედავდნენ. ბრენდს 2006-2008 წლებში, ორ კვირაში ერთხელ, BBC-ზე გადაცემა მიჰყავდა და პერიოდულად სხვა პროექტებშიც იყო ჩართული. BBC-ს განცხადებით, რედაქცია აღიარებს, რომ წარსულში „წამყვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი პოზიციები არასწორად გამოეყენებინათ“.