შონ ონო ლენონი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტური ფილმი One to One: John & Yoko „მამხილებელი იქნება ყველასთვის, ვინც კი მას ნახავს.”
„ვფიქრობ, ჩემს მშობლებს ძალიან კარგად ვიცნობ,” – ამბობს ონო ლენონი, რომელიც ფილმის თანაპროდიუსერი (ბრედ პიტთან და სხვებთან ერთად) და ასევე მუსიკალური პროდიუსერია. „მე ვიცოდი ამ პერიოდის შესახებ. ეს ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე იყო. დედაჩემს ხშირად უსაუბრია ჩემთან და ბევრი რამ ვიცი მათი ცხოვრების შესახებ, ამ პერიოდის ჩათვლით.”
ფილმი მაყურებელს ჩაახედებს წყვილის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ 18-თვიან ეპიზოდში, დაწყებული 1971 წელს მათი გადასვლით გრინვიჩ ვილიჯში, დასრულებული 1972 წლის საქველმოქმედო კონცერტით One to One, რომელიც The Beatles-ის დაშლის შემდეგ ლენონის ერთადერთი სრულმასშტაბიანი კონცერტი იყო.
ფილმის პრემიერა გასულ აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. მისი ჩვენება გაიმართა ასევე ტელურაიდისა და სანდენსის ფესტივალებზე. 18 აპრილიდან კი One to One: John & Yoko კინოთეატრებში გამოვიდა.
ფილმში გამოყენებულია წყვილის კადრები და ხმოვანი ჩანაწერები იმისთვის, რომ ლენონი და ონო პირველ პირში, მთხრობლის გარეშე წარმოედგინათ. „მე და კევინი რამდენიმე კვირა ვისხედით ოთახში და შუბლებს ვისრესდით, რომ გადაგვეწყვიტა, თუ რა მიმართულებით წავსულიყავით,” – ამბობს თანარეჟისორი სემ რაის-ედვარდსი. „არ გვინდოდა, რომ Beatles-ის ან ლენონის მორიგი დოკუმენტური ფილმი გაგვეკეთებინა. ისედაც უამრავია ასეთი. ჩვენი ფილმი კი უნდა ყოფილიყო რაღაც ახალი და ორიგინალური.”
„კევინს იდეა დაებადა, რომ გვეჩვენებინა სამყარო ისე, როგორც მას ჯონი და იოკო ხედავდნენ 1972 წელს და მათთან ერთად გაგვეტარებინა დრო. ეს კი სწირედ ისაა, რაც ხალხს აქამდე არასდროს გამოუცდია.”
აღნიშნული პერიოდის კონტექსტის უკეთ გასაგებად ფილმში გამოყენებულია მაშინდელი სატელევიზიო პროგრამების მონაკვეთები, რეკლამები, კადრები ახალი ამბებიდან და სხვა მასალები. ლენონი და ონო იმ დროს აქტიურად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ აქტივიზმში, მათ შორის იყო კავშირები ჯერი რუბინთან, რის გამოც ლენონი და ონო FBI-ს თვალთვალის ქვეშ მოექცნენ, საბოლოოდ კი პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციას ლენონის დეპორტაციის მცდელობაც კი ჰქონდა. „ეს მართლაც ლამაზი ამბავია, რადგან ხვდები, რომ ისინი მზად იყვნენ, გაერისკათ ყველაფერი – მათი კარიერა და პირადი უსაფრთხოებაც კი იმისთვის, რომ ებრძოლათ საკუთარი პოლიტიკური და მორალური რწმენისთვის,” – ამბობს ონო ლენონი.
„ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც მაყურებელმა ფილმიდან უნდა წაიღოს, არის ის, თუ როგორ რეაგირებდნენ ჩემი მშობლები რადიკალი აქტივისტების ექსტრემალურ წარმომადგენლებზე. რაღაც მომენტში მათ გაიაზრეს, რომ ადამიანები, ვისთან ერთადაც იმ დროს მუშაობდნენ, ან ზოგიერთი მათგანი – კონკრეტულად ჯერი რუბინი – ისეთი რაღაცების გაკეთებას სთხოვდნენ, რაც თანხვედრაში არ მოდიოდა ჩემი მშობლების პაციფიზმისა და სიყვარულის ფილოსოფიასთან. ფილმში ნაჩვენებია გზა, დაწყებული ჩემი მშობლების ექსპერიმენტებით რადიკალურ ჯგუფებთან, გაგრძელებული იმის გაცნობიერებით, რომ ძალიან შორს წავიდნენ და უკან უნდა დაეხიათ – არა იმიტომ, რომ ეს მათთვის საშიში იყო, არამედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები რეალურად მათ ემსგავსებოდნენ, ვისაც თავადვე ებრძოდნენ. ეს კი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია.”
ონო ლენონის თქმით, ახალგაზრდობაში დედა ხშირად ესაუბრებოდა ამ პერიოდზე, მათ შორის იმაზეც, რომ FBI მათ ტელეფონებს უსმენდა. „ჩემი ადრეული ბავშვობა ქაოსური იყო და ბევრი რამ, რაც ფილმში ხდება, მთელ ჩემს ცხოვრებას ექოდ გაჰყვა,” – ამბობს ონო ლენონი მოგონებებზე, რომელთა შორისაცაა ლენონის მკვლელობის შემდეგ FBI-ს მიერ მათ ოჯახში აგენტის ჩანერგვა.
შონის თქმით, „ონოს არ სჯეროდა იდეის, რომ აქტივიზმი სიცოცხლის შეწირვას გულისხმობდა. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავის დაცვა. თუ ცოცხალი არ ხარ, მაშინ რა აზრი აქვს? ზოგი ადამიანი აიდეალებს რევოლუციურ გმირებს, რომლებიც ძალადობრივ გზებს იყენებენ. ის კი არასდროს აღიარებდა ასეთ ხალხს. არც მე.”
დოკუმენტური ფილმის მთავარი განძი ლენონისა და ონოს სატელეფონო საუბრების ჩანაწერების დაუსათაურებელი ყუთი იყო. ჩანაწერების გაკეთება წყვილმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიგეს, რომ მათ ფარულად უსმენდნენ. ფირებზე ჩაწერილი საუბრები მენეჯერთან, თანამშრომლებსა და მეგობრებთან საიმონ ჰილტონმა აღმოაჩინა, რომელიც ლენონის მემკვიდრეობის მულტიმედია პროექტების ვიცე-პრეზიდენტია. ონო ლენონი აღნიშნულ ფირებს „ოქროს სკივრს” უწოდებს როგორც ფილმისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის.
რაის-ედვარდსი იხსენებს: „იმ წამსვე მივხვდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯონის, იოკოსა და მათი გარემოცვის საუბრების მოსმენა მაშინ, როცა ფიქრობდნენ, რომ მათ არავინ უსმენდა, მათ რეალურ სახეს ამხელს. და ბევრი რამ, რაზეც ისინი ტელეფონით საუბრობდნენ, რელევანტურია იმ ამბებისა, რასაც ფილმში ვაჩვენებთ”.
თავად One to One კონცერტის მასალა მანამდეც გამოქვეყნებულა, თუმცა ფილმის ავტორებს ძალიან გაუჭირდათ იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც ორიგინალ მასალას მოჰყვებოდა. რაც შეეხება აუდიო მხარეს, ონო ლენონის თქმით, „ჩანაწერები ძალიან ქაოსური იყო, მიკროფონები – არეული. როგორც ჩანს, მიკროფონებს დღის და ღამის შოუებს შორის ანაცვლებდნენ. ჩანს, რომ ბევრი რამ ბოლო წუთს იყო იმპროვიზებული. დიდი მოცულობის სამუშაოს გაწევა დაგვჭირდა, რომ იქამდე მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ, მაგრამ ამის კეთება ამავდროულად დიდი სიხარულის მომტანი იყო.”
ონო ლენონმა რამდენიმე კომპოზიციაც გამოარჩია, მათ შორისაა Cold Turkey და Come Together, ასევე მამის მიერ შესრულებული სიმღერა Mother. „მისგან ამ სიმღერის მოსმენა, რომელიც ძალიან განსხვავებულია Beatles-ის მუსიკისგან, ძალიან ემოციურია. გულწრფელად, ეს იყო შოკისმომგვრელი და ამავდროულად ძალიან ტკბილი, ემოციური და ამავდროულად ძალიან ძლიერი.”
შონის თქმით, ემოციური იყო ასევე დედის მიერ აგრესიული მანერით შესრულებული Don’t Worry Kyoko. „მას რამდენიმე სტილი ჰქონდა, მაგრამ Don’t Worry Kyoko განსაკუთრებული იყო – პანკ-როკ სტილი… მაშინ პანკ-როკი ჯერ არც კი არსებობდა. ზოგს შეიძლება არ მოსწონდა სტერეოზე მისი მოსმენა, მაგრამ როცა შოუს უყურებ და აუდიტორიას ლაივში ხედავ, მაშინ ხვდები… ეს არის ენერგია ,” – ამბობს ონო ლენონი და ამატებს, რომ 92 წლის იოკო ონო ფილმის შექმნის პროცესში ჩართული არ ყოფილა.
ონო ლენონმა ასევე დაასრულა ფილმის საუნდტრეკზე მუშაობა, რომელიც 9 ოქტომბერს რამდენიმე ფორმატში გამოვა.