„რაუმი” – ორი მხატვრის მიერ შექმნილი ხელოვანების გადაკვეთის ადგილი

გურამ შავდია და მარიამ ოდიშელიძე საკუთარ შემოქმედებასა და მათ მიერ დაარსებული სივრცის შესახებ საუბრობენ.
მარიამ ოდიშელიძე და გურამ შავდია

Raum გერმანულად სივრცეს ნიშნავს. ასე ერქვა აუდიტორიებს დიუსელდორფის აკადემიაში, სადაც ქართველი მხატვრები გურამ შავდია და მარიამ ოდიშელიძე სწავლობდნენ. საქართველოში დაბრუნებისას კი გადაწყვიტეს, აკადემიის სივრცის კონცეფციაც თან წამოეღოთ – სივრცის, რომელშიც იმუშავებდნენ, გამოფენდნენ საკუთარ და სხვების ნამუშევრებს, ისწავლიდნენ, ასწავლიდნენ, შეაფასებდნენ და გააზიარებდნენ. ასე შეიქმნა რაუმი” თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის 18 ნომერში, სადარბაზოში, რომელიც თავადვეა ქართულ-ევროპული ხელოვნების ნიმუში. 

რაუმის” კონცეფციასა და საკუთარ შემოქმედებაზე მარიამ ოდიშელიძე და გურამ შავდია Billboard საქართველოს ესაუბრნენ:

გურამ შავდია: 

„მე ძირითადად ფერწერაში ვმუშაობ. ბოლო წლებია, აქტიურად ვარ გატაცებული ფიგურატიული ფერწერით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ვმუშაობ კულტურიდან მოტანილ არქეტიპებზე. ეს შეიძლება იყოს ისტორიული გმირი ან თუნდაც ზღაპრის ან კომიქსის პერსონაჟი, რომელიც რაღაც კულტურულ ნიშან-სიმბოლოს ატარებს. მუშაობისას კი მის ერთგვარ რეკონცეპტუალიზაციას ვახდენ, ანუ ჩემებურად გარდავქმნი უკვე სხვა მეტაფორად. ამ პროცესში კი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მუსიკა. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ძალიან დიდი მელომანი ვარ. თავადაც ვმღერი და ძალიან მიყვარს ეს სფერო. ვუსმენ ყველაფერს, კლასიკიდან დაწყებული, ჯაზითა და ელექტრონული მუსიკით დასრულებული – ნებისმიერ რამეს, რაც მერე მაძლევს იმპულსს, რომელსაც შემოქმედებით პროცესში ვიყენებ. ზოგადად, მე უფრო იმპულსურად, ინტუიციურად ვმუშაობ და იშვიათად ვგეგმავ. 

ამ ეტაპზე, აი, ასე პირდაპირ დავეჯახე ბაროკოს ეპოქას და იმ ნიშან-სიმბოლოებს ვეძებ, რომლებიც იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი. მაგალითად, დახატული მაქვს ჰენდელის პორტრეტები, ასევე ნამუშევარი, სახელწოდებით „ბაროკო ხვდება ბუნებას”. ძირითადად რასაც ვებღაუჭები ხოლმე, ეს არის კოსტიუმები, რადგან ჩაცმულობა, როგორც წესი, ძალიან კარგად გადმოსცემს მთელ პერიოდს და გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. მაშინდელი დრესკოდი ძალიან საინტერესოა ჩემთვის: ვარცხნილობა, პარიკები, ის, რომ იმ პერიოდის ჩაცმულობაში ზღვარი ქალსა და კაცს შორის თითქმის წაშლილი იყო. ეს უკვე საინტერესო მასალაა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციები გავაკეთო. 

ჩემს 7 წლის შვილსაც ძალიან უყვარს მუსიკა, განსაკუთრებით The Beatles, ნამდვილი ფანია. ერთი პერიოდი ისეთი დიდი დოზით და ინტენსიურად ვუსმენდით მათ მუსიკას, რომ ჩემი გონება მხოლოდ ამით იყო მოცული. შედეგად კი შეიქმნა, აი, ასეთი ნამუშევარი – Sgt. Peppers-ის ალბომის ყდის ჩემეული ვერსია. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს შვილს დავუხატე. მერე ვკითხე, რას იტყვი-მეთქი და სხვათა შორის, რაღაცები შემისწორა… კრიტიკა მივიღე. 

ძალიან მიყვარს ბლუზიც, რომელიც მამაჩემმა ჯერ კიდევ ბავშვობაში შემაყვარა. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ბლუზმენების ცხოვრება: როგორც ჩამოვიდნენ აფრიკიდან ამერიკაში, როგორ მოიკიდეს იქ ფეხი და ა.შ. მადი უოტერსი ერთ-ერთი ბლუზმენია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. მას აქვს ორი ასეთი სიმღერა: Hoochie Coochie Man და Mannish Boy. ამ სიმღერებზე მაქვს შექმნილი ინტერპრეტაციები ჩემივე წარმოდგენილი ისტორიებით, თუ ვინ არიან ეს Hoochie Coochie Man და Mannish Boy და ა.შ.”

ერთ სივრცეში ცხოვრებისა და მუშაობის და ერთნაირი პროფესიული გზის გავლის მიუხედავად, სრულიად განსხვავებულია გურამისა და მარიამის ხელწერა. გავლენების თავიდან ასარიდებლად, რაუმში” მათი პირადი სივრცეები იყოფა და ორი ხელოვანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს.

მარიამ ოდიშელიძე:

„ჩემს შემოქმედებას რაც შეეხება, ძალიან გრძელი გზა გავიარე ბევრი ექსპერიმენტით. 20 წლის ასაკში წავედი გერმანიაში და ჩემს თავს ვეძებდი, მაინტერესებდა განვითარება საქართველოს გარეთ. ამ პროცესში კი მივხვდი, რომ ჩემი თავი აქ არის, საქართველოში და ყველაფერი, რაც ჩემშია, ჩემს სამშობლოსთან არის კავშირში. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვიყავი, მიმეღო ის ყველაფერი, რაც იქ დამხვდა, თუმცა მივხვდი, რომ ევროპა რასაც მთავაზობდა, მე მხოლოდ ეს არ ვიყავი, მე ვიყავი აზიაც და ჩემში ამ ყველაფრის სინთეზი იყო. ამის გააზრების შემდეგ უკვე აღმოსავლურ ხელოვნებაში დავიწყე ჩემი ესთეტიკისა და კონცეფციის ძიება. თავდაპირველად ძალიან მკვეთრად ვიყენებდი ორიენტალურ სიმბოლოებს ჩემს შემოქმედებაში. მერე კი, დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეერწყა და ახლა შესაძლოა რაღაც ერთი დეტალი იყოს – მაგალითად, მთვარე ან აღმოსავლური თაღი და ასეთი დეტალებით იყოს შემოსული აღმოსავლეთი ჩემს ნამუშევარში.

ამჟამად უფრო ქსოვილზე მუშაობით ვარ გატაცებული. ზუსტად საიდან და რატომ მოდის ნაჭრების თემა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და მე თვითონაც მაინტერესებს. შემოქმედების ამ ეტაპის დაწყება კავშირშია იმასთანაც, რომ იმ პერიოდში ორსულად ვიყავი და აღარ მსურდა ზეთის საღებავებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ეს ნაჭრები და წყლის საღებავები თითქოს უფრო მისაღები იყო. ქაღალდზე ბევრი ნამუშევარი მქონდა და ეს ყველაფერი უცებ ნაჭრებზე გადმოვიდა, თითქოს გაცოცხლდა, გაიბერა, ამოიწია და ახლა ასეთი ფორმა შეიძინა. გარდა ამისა, ისე მოხდა, რომ აქ, სადაც ახლა სახელოსნო გვაქვს, მანამდე ჩემი ბებია ცხოვრობდა და სახლი სავსე იყო ნივთებით, მათ შორის იყო ძველი ნაჭრები, თეთრეულები, სუფრები და ა.შ. არც ვიცოდი, რა უნდა მექნა მათთვის და საბოლოოდ ასე მეორე სიცოცხლე მივეცი. იდეურადაც მომწონს ეს ყველაფერი. ის მომენტიც მომწონს, რომ ცოტა ფემინური თემაცაა, რაც ჩემთვის ძალიან აქტუალურია, რადგან თავადაც დედა ვარ. და როდესაც ამასთან შეჭიდება გიწევს, ხვდები, რამდენად რთულია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეათავსო. თითქოს, როცა ქალი კარიერას იკეთებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამასთან ერთად გვერდით გზაზე პარალელურად იმდენი რამ მიდის, რომ მისთვის ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს საქართველოში. და მოთხოვნა, რომ ქალი სახლშიც კარგი უნდა იყო, თავსაც მიხედო და კარიერაშიც არ ჩამოუვარდე კაცს, ძალიან მაღალია. ეს ყველაფერი კი ხელოვნებაშიც მინდა, რომ ვთქვა. 

ეს ტექსტილებიც რეალურად ფერწერაა, რადგან ჩვეულებრივად ვხატავ ზედ. ეს არის იგივე ნახატი, როგორც ქაღალდზე, მაგალითად, ან ტილოზე, უბრალოდ წყლის საღებავებით. ნახატია და შემდეგაა შეკერილი. ამიტომ ფერწერისგან ვერ გავარჩევ.”

გურამი: „შენი ფერწერა ტრანსფორმირდება სამ განზომილებაში. ის, რაც სიბრტყეზეა, ფორმას იძენს, ობიექტად აქცევ, რაც მას კიდევ სხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას სძენს.” 

სხვა დატვირთვა აქვს „რაუმსაც”. მარიამმა და გურამმა საკუთარი სივრცის კარი სხვებისთვისაც გახსნეს –  ატარებენ გამოფენებს, ვორკშოპებს, სივრცე ღიაა ხელოვნების სხვა დარგებისთვისაც. ეს ყველაფერი კი ხელოვანებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნასა და ხელოვნების განვითარებას ემსახურება. 

მარიამი: „ეს სივრცე თავისით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და თითქოს თვითონვე გვიჩვენებს გზას. ძალიან უცნაური და ჯადოსნური რამაა. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რომ აქაურობას ამხელა რესურსი ჰქონდა და თითქოს არც აქ მთავრდება ეს ყველაფერი. გვაქვს სურვილი, რომ „რაუმი” ამ სივრცის გარეთაც გავიყვანოთ. ბევრი გეგმა გვაქვს. გვინდა გერმანიასთან თანამშრომლობაც და იმ ჯაჭვის შენარჩუნება, რაც დიუსელდორფის აკადემიასთან გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ეტაპზე არავითარი დაფინანსება არ გაგვაჩნია და ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვაკეთებთ.”

გურამი: „დღეს ხელოვანებს მაინცდამაინც დიდი შესაძლებლობები არ ეძლევათ, ასეთი მოცემულობაა. არადა ბევრი ნიჭიერი ხელოვანია, რომელიც ჩრდილშია, არ ჩანს, ვერ ბედავს გამოჩენას, ან მისთვის რთულია, დაუკავშირდეს გალერეებს, რომ მათ შეამჩნიონ და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ სწორედ ის პატარა ალტერნატიული სივრცე ვართ, რომელიც ზუსტად ასეთი ჩრდილში მდგომი მხატვრებისთვის არის საინტერესო და არა მხოლოდ მათთვის. ჩვენ ვეძებთ იმ ურთიერთობებს, რაც დიუსელდორფში გვქონდა, იმ ატმოსფეროს, იმ ჯანსაღ კრიტიკასა და კომუნიკაციას, რადგან ეს გააძლიერებს და ჩამოაყალიბებს ჯანსაღ გარემოს და დიდი ძალა იქნება სამომავლოდ. აკადემიის მთავარი სლოგანი იყო: „ჩვენ აქ არ ვასწავლით, არამედ ვქმნით ატმოსფეროს, რომელიც ასწავლის.” ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ და უტყუარია, ნამდვილად ასეა.” 

მარიამი: „ამიტომაც ვართ ღია სხვებისთვის, რომ არ გვინდა ჩვენს თავში ჩაკეტვა და თითქოს ამით სწორედ იქაური გარემოს კომპენსაციას ვახდენთ, რაც ასე გვაკლია. როცა სხვებსაც ვუღებთ კარს, მერე ერთმანეთთან დაკავშირება ხდება, ერთად მუშაობა, გაზიარება და ამით წინ მივდივართ. ყველას გვჭირდება ეს. სხვანაირად რაღაც ღირებულს ხელოვნების ისტორია ვერ შექმნის. თითო-თითო მხატვარი არსად ყოფილა, ყველგან ეპოქა იყო. ასე უნდა იმუშაოს ამ ყველაფერმა და ამიტომაცაა ჩვენი მეგობრობა და კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ იორკმა Apple TV+-ის სერიალისთვის შექმნილი სიმღერა გამოსცა 

შემდეგი სტატია

Nikala & Big Boy – Noble Savage-ში წარდგებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

სპორტსმენის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, როგორ კოცნის ის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანია.
მეტი
King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

„ჯერ ნამდვილად არ ვიცით, საერთოდ გამოვა თუ არა ეს ალბომი.” - დაწერა ბენდის მენეჯერმა, დევიდ სინგლტონმა სოციალურ მედიაში.
მეტი

FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

საერთაშორისო ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს გლობალური განათლების მიზანს. რაც შეეხება მატჩს – „ჩელსიმ“ 3:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და თასი მოიპოვა.
მეტი

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

ორ მთავარ სცენაზე სულ 57 არტისტი იყო წარმოდგენილი და ეს რიცხვი არ მოიცავს ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში გამართულ პარალელურ კონცერტებს, რომლებიც ასევე Live Aid-ის გლობალური ტელემარათონის ნაწილი იყო.
მეტი

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
მეტი

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion.
მეტი