ალექსი ლანტერნიე: „არსებული ფასის გადახდა მსოფლიოს მუსიკაზე წვდომისთვის, მის მნიშვნელობას აკნინებს”

„დიზერის” აღმასრულებელი დირექტორი სტრიმინგ პლატფორმის ხელმძღვანელის რანგში თავის პირველ წელიწადს მიმოიხილავს. ასევე საუბრობს არტისტების ანაზღაურებასა და დიზერის მომავალზე.
ალექსი ლანტერნიე
Félix Devaux for Billboard France

მუსიკის, ფილმისა და ტექნოლოგიების ფესტივალ South by Southwest London-ის ინაუგურაციულ გამოშვებაზე „დიზერის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2024 წლის ივლისიდან იკავებს, Billboard საფრანგეთთან სასაუბროდ დაჯდა. 

ლანტერნიემ საკუთარი ხედვა გააზიარა იმ გამოწვევებზე, რასაც ხელოვნური ინტელექტი მუსიკის შექმნის პროცესს უყენებს. ასევე „დიზერის” სტრატეგიულ და ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მუსიკის ინდუსტრიის მომავალზე. 

ელექტრონული კომერციიდან სტრიმინგამდე

კარიერა კონსულტირების სფეროში დაიწყეთ, სანამ ელ. კომერციაში გადმოინაცვლებდით. როგორ უკავშირდება ეს მუსიკას?

ბოლო 15 წელია, ძირითადად B2C (business-to-consumer) პლატფორმების შექმნით ვარ დაკავებული, რომლებსაც მილიონობით ადამიანი იყენებს. თავიდან იყო Amazon France, რომელიც ვიდეოთამაშებსა და მედიას მოიცავს. ასევე შევქმენი ელ. კომერციული აპლიკაცია სამხრეთ აზიაში, სახელწოდებით Lazada, რომელიც საბოლოოდ „ალიბაბამ” შეიძინა. ასევე იყო „უოლმარტი”, სადაც ვიმუშავეთ ტექნოლოგიისა და მარკეტინგის გადაკვეთაზე. ჩვენი მიზანი “ამაზონთან” კონკურენცია იყო. 

ამ გამოცდილებებმა საბოლოოდ „დიზერამდე” მიმიყვანა იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ გაგვეფართოებინა მომხმარებელთა აპლიკაცია საფრანგეთის ტექნოლოგიურ გუნდებთან ერთად, რაც ძალიან იშვიათია ამგვარ კონკურენტულ ბაზარზე. Apple Music, Amazon Music, YouTube Music… ყველა ეს კომპანია მუსიკალურ სტრიმინგს გვთავაზობს. ჩემთვის გამოწვევა ის იყო, რომ ჩემი B2C ცოდნა მუსიკისთვის მომერგო.

მუსიკა უამრავი ადამიანის საზიარო გატაცებაა, რაც იშვიათია. იგივე შეიძლება ითქვას კინოზეც, მაგრამ ჯამში საკმაოდ მცირეა ხელოვნების იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებიც უნივერსალურად უყვართ. რა თქმა უნდა, მუსიკის სამყარო საოცრად კომპლექსურია, მაგრამ ბევრად მარტივია, შეხვიდე ისეთ სფეროში, რომლის მიმართაც პირადი სიყვარული გაქვს, ვიდრე სრულიად უცნობ სექტორში შეაბიჯო.

როგორ მოხდა დირექტორის პოზიციაზე თქვენი აყვანა?

ძალიან სტანდარტული გზით. „დიზერის” ბორდმა განსაზღვრა, თუ როგორ კანდიდატს ეძებდნენ – მას, ვისაც ჰქონდა B2C ცოდნა, ფრანგული ფესვები და კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობის გამოცდილება. მე შევხვდი ბორდის წევრების უმრავლესობას, შემდეგ კი „დიზერის” სტრატეგიული გეგმა წარვადგინე, რომელშიც დავეყრდენი წინა ინდუსტრიებში ჩემს გამოცდილებას და წარმოვაჩინე, თუ როგორ მოერგებოდა ეს გამოცდილება მუსიკის სფეროს. 

თქვენ ასევე დააარსეთ პლატფორმა, სახელწოდებით Essor. რა განსხვავებაა კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორობას შორის?

ორივე შემთხვევაში ანგარიშვალდებული ხარ ხალხთან, სამსახურებთან და ინვესტორის კაპიტალთან. ასე რომ, პასუხისმგებლობის გრძნობა თანაბარია. მთავარი განსხვავება არის ის, რომ როცა კომპანიას აარსებ, შენ თავად ქმნი მთელ გუნდს. ეს კი ბუნებრივად ქმნის უფრო მჭიდრო ქსელს, თუმცა ამავდროულად ნაკლებად მრავალფეროვანს, ვიდრე არსებული კომპანიაა, სადაც ნიჭისა და წარმატების უფრო ფართო მემკვიდრეობასთან გიწევს შეხება. 

„დიზერს” წარმატების ფენომენალური ისტორია აქვს. ადამიანები ხშირად ადარებენ მას უფრო დიდ კონკურენტებს, მაგრამ მოდი, არ დაგვავიწყდეს – ათობით სტრიმინგ პლატფორმას არასდროს მიუღწევია ნახევარ მილიონ დოლარამდე შემოსავლის ან მოგებისთვის. ასეთ ბაზარზე კი ეს მთავარი წარმატებაა, რაც ფრანგული ტექნოლოგიური გუნდების დამსახურებაა. და ეს წარმატება უნდა ვაღიაროთ. ჩემი საქმეა, რომ „დიზერის” მემკვიდრეობა გამოვიყენო საძირკვლად იმისა, თუ რა უნდა იყოს მომავალში. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება კომპანიის ნულიდან შექმნასა და უკვე დაარსებულ კომპანიასთან თანამშრომლობას შორის.

თქვენ აღნიშნეთ მოგება. ეს ახლა მთავარი პრიორიტეტია, თუ მთავარ ფოკუსად ჯერ ისევ გამომწერთა რაოდეობა რჩება? 

ჩვენი მთავარი მიზნები შემდეგი რამდენიმე წლისთვის სამმაგია: განვაგრძოთ ინოვაციების შეთავაზება ჩვენი მომხმარებლისთვის, უზრუნველვყოთ სამართლიანი ანაზღაურების მოდელი არტისტებისთვის და გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების მომხმარებლების გამოცდილება. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, მოგება მთავარ ელემენტად რჩება. 

Félix Devaux for Billboard France
კავშირი „დიზერის” სტრატეგიასთან

რა იყო თქვენი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, პირველი მთავარი გადაწყვეტილება ბოლო 9 თვის განმავლობაში? რა ახალი მიმართულების შეტანა გადაწყვიტეთ დიზერში”?

თავდაპირველად ფინანსურ დისციპლინაზე ვფოკუსირდი. ამ კუთხით მე განვაგრძე ჩემი წინამორბედის ბრწყინვალე ძალისხმევა ხარჯების, რესურსების, მარკეტინგისა, და ოპერაციული ეფექტურობის ოპტიმიზაციით.

შემდეგ ჩვენ ჩავუშვით გაფართოების ახალი ინიციატივა, რომელიც ფოკუსირებულია ჩვენი პლატფორმის თავისებურებებზე. „დიზერი” საკუთარ თავს გამოარჩევს ახალგაზრდა თაობის საჭიროებების მიზანში ამოღებით. სწორედ ისინი წარმოადგენენ ახალი გამომწერების უმრავლესობას. 

ჩვენ ვფოკუსირდებით ოთხ ძირითად ღერძზე: ალგორითმი, აპლიკაცია, დიზაინი და მუსიკა. უკვე სოლიდური სამუშაო გავწიეთ ალგორითმის მორგების თვალსაზრისით. მომხმარებელს სურს მეტი კონტროლი და სჭირდება საკუთარი მონაცემების დამუშავება. ალგორითმს შეუძლია შესანიშნავი შეთავაზებების გაკეთება, მაგრამ გამჭვირვალობა მთავარია. გასული თვიდან მოყოლებული, „დიზერის” მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და დაარედაქტირონ მონაცემები, რომლებსაც ჩვენი ალგორითმი იყენებს: რა მოეწონათ, რა გამორთეს და რას მოუსმინეს. შეუძლიათ თავად დაარეგულირონ ისე, რომ მათ რეალურ გემოვნებას დაემთხვეს. 

აგრეთვე, მეტი კონტაქტის დამყარებისთვის, ჩვენ ინვესტიციას ვაკეთებთ არტისტებისა და ფანების ინტერაქციაში „დიზერის კლუბის” მეშვეობით. ჩვენ ვავითარებთ ინსტრუმენტებს, რათა დავეხმაროთ არტისტს, პირდაპირ მივიდეს თავის აუდიტორიასთან. ამჟამად ვმუშაობთ ლეიბლებსა და არტისტებთან და მას შემდეგ, რაც პროდუქტი მზად იქნება, მეტ დეტალს გავაზიარებთ.

სტრიმინგი ოდესღაც მუსიკალური ტექნოლოგიის ინოვაცია იყო. ახლა კი უფრო ლაივ ღონისძიებების ბუმია. თქვენ ჩაუშვით დიზერის კლუბი” და პარტნიორობთ ფესტივალებსა და საკონცერტო სცენებთან. ეს სტრატეგიაა?

აბსოლუტურად. ადამიანებს ყველაზე მეტად ფიზიკური კონტაქტი სურთ. სტრიმინგ აპლიკაციები შესანიშნავი პლატფორმებია ამისთვის. ფესტივალების მიღმა ბევრ არტისტს აქვს სურვილი, ფანებთან ერთად კერძო ღონისძიება მოაწყოს. ისეთი პლატფორმა კი, როგორიცაა დიზერი, უნიკალურად პოზიციონირებს ამ ყველაფრის განსახორციელებლად. 

„დიზერის კლუბი” საშუალებას აძლევს არტისტებს, გამართონ ღონისძიებები, სადაც ფანებს შეეძლებათ მისვლა. რამდენიმე კვირის წინ დავესწარი Damso-ს BĒYĀH-ის მოსმენის წვეულებას – ორი დღით ადრე, სანამ ალბომი გამოვიდოდა. ღონისძიებაზე 1500 ფანი და საოცარი ენერგია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა კონცერტი. Damso უბრალოდ იჯდა და საუბრობდა, თუმცა ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო.

ესაა, რითაც შეგვიძლია, ჩვენი ღირებულება გავზარდოთ: სწორი ფანების მოზიდვით. ჩვენ ვიცით, ვინ, რას და სად უსმენს. ასე რომ, როცა არტისტი კონკრეტულ ქალაქში ღონისძიებას გეგმავს, ჩვენ შეგვიძლია ეს მის ადგილობრივ მსმენელამდე მივიტანოთ.

ფიქრობთ, რომ სტრიმინგში Gen Z-ის მოზიდვა უფრო რთულია? 

რეალურად, ასაკიან მსმენელთან შედარებით, ჩვენ ვხედავთ სტრიმინგის მაღალ მოხმარებას ახალგაზრდებში. სტრიმინგი მასობრივი მოხმარების პროდუქტია, მაგრამ უმეტესად სწორედ ახალგაზრდა თაობაში.

თუმცა მაინც, ახალგაზრდა მომხმარებლები მუსიკას ხშირად ტიკტოკის” ან ე.წ. შორთების” საშუალებით აღმოაჩენენ. სტრიმინგი ბუნებრივია მათთვის?

ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას, რომ მუსიკის აღმოჩენამ სოციალურ პლატფორმებში გადმოინაცვლა. „ტიკტოკმა” მუსიკა უფრო სოციალური და საყოველთაო გახადა. 

მაგრამ რასაც ასევე ვხედავთ, არის ის, რომ როცა ამა თუ იმ სიმღერას აღმოაჩენენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, შემდეგ მაინც „დიზერს” უბრუნდებიან, რათა ის პლეილისტში დაამატონ. სტრიმინგი მაინც რჩება საუკეთესო არჩევანად განმეორებადი მოსმენისთვის. 

Félix Devaux for Billboard France
სტრიმინგ ეკონომიკა და ფასები 

სპოტიფაიმ” საფრანგეთში ფასების ზრდა გამოაცხადა და თვიური წევრობის ღირებულება 12 ევროზე მეტს შეადგენს. სტრიმინგის ნელი ტემპით ზრდის ფონზე, ფასების ზრდა არის თუ არა მოკლე გზა? როგორი მიდგომა აქვს ამ კუთხით დიზერს”?

ეს სამართლიანი შეკითხვაა და ამავდროულად რთულიც. ყოველთვიური პრემიუმ წევრობის ფასი, 15 წელია, სტაბილურად 9.99 ევროს შეადგენდა. ახლა ის გახდა 12.14 ევრო „სპოტიფაისთვის” და 11.99 ევრო „დიზერისთვის”. ჩვენ ასევე ვთავაზობთ უფრო ბიუჯეტურ ვერსიასაც: საოჯახო, წყვილის ან სტუდენტურ პაკეტებს. საოჯახო პაკეტის შემთხვევაში ექვსი ანგარიშის ღირებულება 20 ევროა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდუალურ ღირებულებას. 

ვიდეოსტრიმინგს რომ შევადაროთ, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ფასები გაორმაგდა, მუსიკალურ სტრიმინგი მომხმარებელს გამორჩეულ ფასებს სთავაზობს. ბევრი არტისტი ფიქრობს, რომ ფასები მცირეა და არ ასახავს მათ რეალურ ღირებულებას. დღეს ჩვენი შემოსავლის 70% საავტორო უფლებების მფლობელებთან ბრუნდება. 

ერთი გზა არტისტის უკეთესი ანაზღაურებისთვის, ეს არის საწევროს ფასების ზრდა. გონივრულია, რომ ეს ინფლაციის დონესთან შესაბამისობაში ხდებოდეს. 

საფრანგეთში სტრიმინგ პლატფორმები მხოლოდ ამ წელს გახდა მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ დეკადაზე მეტია, არსებობს. რატომ? 

ორი მთავარი მიზეზია. პირველი, მასობრივ მიმღებლობას დრო და ასევე მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინვესტიცია  სჭირდება. „დიზერი” უკვე დიდი ხანია, თავისი შემოსავლის დიდ წილს მარკეტინგში აბრუნებს, რათა მომხმარებლის ჩვევები ჩამოაყალიბოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 15 წლის წინ პირატობამ სრულად გაანადგურა მუსიკის მონეტიზაცია. 

და მეორე, სტრიმინგ მოდელი შემოსავლის დიდ წილს საავტორო უფლებების მფლობელებს აძლევს, რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმები დიდი ხნის განმავლობაში წაგებაზე მუშაობდნენ. 

ადგილობრივი ფოკუსი, გლობალური გავრცელება  

ადამიანები იცნობენ დიზერს”, როგორც ფრანგულ პლატფორმას, მაგრამ თქვენ დიდ ბაზრის წილს ფლობთ ბრაზილიაშიც. როგორ ოპერირებთ ორ ასეთ განსხვავებულ ბაზარზე?

საჭიროებები განსხვავდება, მაგრამ ორივე ბაზარი იზიარებს ერთ თვისებას: დაბალი გავრცელება. საფრანგეთში ამ მხრივ 25%-ზე ვართ, ბრაზილიაში კი -10%-ზე. ჯერ კიდევ რჩება უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ სტრიმინგის ღირებულება წარმოაჩინო – ფიქსირებულ თანხად გქონდეს მსოფლიოს მუსიკაზე წვდომა. 

ბრაზილიას კიდევ უფრო ძლიერი მოთხოვნა აქვს ადგილობრივ მუსიკაზე. ჩვენ იქ დაახლოებით 30 ადამიანი გვყავს, ვინც ფოკუსირებულია არტისტებთან ურთიერთობასა და მარკეტინგზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია და ფილოსოფია ერთია, არტისტების ჩართულობა და მარკეტინგი ლოკალიზებული უნდა იყოს. 

Félix Devaux for Billboard France
ხელოვნური ინტელექტის საფრთხე 

აპრილში გაამხილეთ, რომ კომპოზიციების  18%, რომლებიც ყოველდღიურად დიზერზე” იტვირთება, სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. 2024 წლის სექტემბრის ცნობილ ქეისში, თაღლითმა, გადმოცემით, 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე ასობით ათასი სიმღერის გენერირებით. როგორ აფიქსირებს დიზერი” 100%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კომპოზიციებს?

ხელოვნური ინტელექტი, როგორც კრეატიული ინსტრუმენტი არტისტებისთვის, დიდი ხანია არსებობს და არასდროს შეუქმნია ჩვენთვის პრობლემა. რეალური პრობლემა ის არის, რომ ბოტები მასობრივად ქმნიან  მუსიკას, რომელსაც არ გააჩნია სახელოვნებო ღირებულება და ახდენს საავტორო უფლებების გაყალბებას. ეს ბოტები ქმნიან დიდი რაოდენობის კომპოზიციებს და შემდეგ ხელოვნურად ბუსტავენ მათ, რათა შეაღწიონ პლეილისტებსა და რეკომენდაციებში. როცა ალგორითმი ხედავს, რომ სიმღერას არაერთი მომხმარებელი უსმენს სხვადასხვა ლოკაციაზე, ის ავტომატურად იწყებს ამ სიმღერის შეთავაზებას. აი, სწორედ ამის პრევენციას ვისახავთ მიზნად და ამიტომაცაა, რომ ზუსტად ვახერხებთ 100%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკის იდენტიფიცირებას. 

როგორ ვახდენთ იდენტიფიცირებას? მუსიკის ეს საგენერაციო ინსტრუმენტები მათდაუნებურად ქმნიან სპეციფიკურ ხმაურის შაბლონებს, რომელთა გაანალიზება და აღმოჩენაც შეგვიძლია. ყველა შემოსული კომპოზიცია ამ ანალიზს გადის და 99%-ის სიზუსტით აღმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კონტენტს. შემდეგ კი ამ კომპოზიციებს პლეილისტებიდან და რეკომენდაციებიდან ვშლით. ბოლო დროს ასევე დავამატეთ მარკირების სისტემა: ალბომები, რომლებიც შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კომპოზიციებს, იდენტიფიცირებულია მომხმარებლისთვის. თუ ვინმეს სურს, მოუსმინოს, რა თქმა უნდა, ეს „დიზერზე” შესაძლებელი რჩება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირება ეფექტურია, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. 

ბოლო სამი წელია, რაც „დიზერი” ლიდერია არტისტზე ორიენტირებული ანაზღაურების მოდელით. „დიზერი” პატივს სცემს მუსიკალურ ინდუსტრიას და სწორედ ამით უზრუნველვყოფთ პლატფორმის გადარჩენას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი არსებობა დამოკიდებულია საავტორო უფლებების მფლობელებთან ახლო პარტნიორობაზე. 

პოდკასტების ანაზღაურებას რაც შეეხება, დაიწყებს თუ არა დიზერი გადახდის პროგრამას პოდკასტერებისთვის?

იმის გათვალისწინებით, რომ საწევრო გადასახადი სტაბილურია, დიდი გამოწვევაა, საავტორო უფლებების მფლობელებს სთხოვო, რომ შემოსავალი პოდკასტერებს გაუყონ. ამჟამად ეს არ არის შესაძლებელი.

გამოსავალი სხვა საშემოსავლო მოდელშია და ეს არის რეკლამა. პოდკასტები მონეტიზაციას სპონსორული შეთანხმებებითა და პარტნიორობებით აკეთებენ, რომლებზეც თავადვე ახერხებენ მოლაპარაკებას და შემდეგ მათ შოუებში ახსენებენ. ჩვენ კი მათ კონტენტს უფასოდ ვათავსებთ და უსასყიდლოდ ვეხმარებით მაღალ ტრაფიკში. ეს ჯერჯერობით პოდკასტერებისთვის საუკეთესო საშემოსავლო მოდელად რჩება. 

„დიზერისა” და მუსიკალური ინდუსტრიის მომავალი 

თქვენ ხაზს უსვამთ დიზერში” კურატორების მნიშვნელობას. როგორ არჩევთ მათ და რას მოიცავს მათი საქმე? 

ჩვენი კურატორები არიან ყოფილი ჟურნალისტები, აგენტები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, მენეჯერები და პროდიუსერები – ექსპერტები, რომლებიც ღრმად არიან ჩართული ინდუსტრიაში. მათი როლია, იმ ტრენდების იდენტიფიცირება, რისი დაფიქსირებაც ალგორითმს არ შეუძლია, რათა შეავსონ და დახვეწონ ალგორითმის რეკომენდაციები. 

მაგალითად, ამ ზაფხულს ბევრი რამ გვქონდა ოლიმპიური თამაშების გარშემო. ახლახან გარდაიცვალა მთავარი ფრანგი რეპერი Werenoi. ამ დროს ადამიანური ჩართულობა აუცილებელი იყო, რომ აუდიტორიისთვის ამის კონტექსტუალიზაცია მოგვეხდინა. 

დიზერის” მთავარი ბაზრები არის საფრანგეთი, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და მექსიკა. გეგმავთ თუ არა გაფართოებას მას შემდეგ, რაც მოგებისა და სტაბილურობის მოდელი უზრუნველყოფილი იქნება?

აუცილებლად. „დიზერი” უკვე არის წარმოდგენილი საზღვარგარეთ და ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით, რამდენადაც ინვესტიციების მოცულობა მოგვცემს საშუალებას. 

განსხვავებით წარსულისა, როცა ყოველკვირეულად შეზღუდული რაოდენობის ალბომები გამოდიოდა, დღეს ბაზარი ყოველდღიურად იტბორება ახალი კომპოზიციებით. ამ ფონზე კვლავ გამოჩნდებიან ახალი სუპერვარსკვლავები? არის თუ არა ეს პრობლემა დიზერისთვის”?

ეს ნამდვილად არის პრობლემა ინდუსტრიისთვის. ყოველკვირეული რამდენიმე ათეული რელიზიდან ჩვენ ათობით ათას ყოველდღიურ კომპოზიციაზე გადავერთეთ. ეს სიუხვე უზარმაზარ მუსიკალურ სიმდიდრეს ქმნის, მაგრამ ასევე ნიშანდობლივი გამოწვევაა არტისტებისთვის.

ჩვენი, როგორც პლატფორმის, როლი არის ის, რომ მუსიკის ეს უზარმაზარი მოცულობა გასაგები გავხადოთ და მომხმარებლებს დავეხმაროთ, აღმოაჩინონ არტისტები, რომლებიც მათთან არიან ახლოს. ამას ვახერხებთ სარეკომენდაციო ალგორითმებით, ადამიანური სარედაქციო რესურსითა და ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა Deezer Next.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Hot 100-ის სათავეში ალექს უორენის ჰიტი Ordinary კვლავ  მესამე ადგილზე ლიდერობს

შემდეგი სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – noa from Japan

შეიძლება დაგაინტერესოთ

NBA-ს ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რომ Megan Thee Stallion-ს ხვდება

სპორტსმენის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, როგორ კოცნის ის ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, მეგანია.
მეტი
King Crimson წევრები 1974 წელი, Michael Ochs Archives/Getty Images

King Crimson-ის მენეჯერის თქმით, გულშემატკივრები ახალი ალბომის გამოცემის შესახებ ჭორებს არ უნდა აყვნენ

„ჯერ ნამდვილად არ ვიცით, საერთოდ გამოვა თუ არა ეს ალბომი.” - დაწერა ბენდის მენეჯერმა, დევიდ სინგლტონმა სოციალურ მედიაში.
მეტი

FIFA Club World Cup-ის ფინალის მუსიკალურ შოუზე აუდიტორიის წინაშე Doja Cat, Tems, J Balvin და Coldplay წარდგნენ

საერთაშორისო ვარსკვლავებმა მხარი დაუჭირეს გლობალური განათლების მიზანს. რაც შეეხება მატჩს – „ჩელსიმ“ 3:0 დაამარცხა „პარი სენ-ჟერმენი“ და თასი მოიპოვა.
მეტი

ისტორიული კონცერტის – Live Aid-ის 12 მუსიკალური ნომერი, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს

ორ მთავარ სცენაზე სულ 57 არტისტი იყო წარმოდგენილი და ეს რიცხვი არ მოიცავს ევროპაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში გამართულ პარალელურ კონცერტებს, რომლებიც ასევე Live Aid-ის გლობალური ტელემარათონის ნაწილი იყო.
მეტი

Backstreet Boys-ის კონცერტების სერია –  Into the Millennium ლას ვეგასში, Sphere-ის სცენაზე

კონცერტზე სიმღერები 1999 წლის ალბომ Millennium-იდან შესრულდა, თუმცა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს 90-იანი წლების თინეიჯერებს ახსოვდათ.
მეტი

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

ტრევის სკოტის მუსიკალურ კარიერაში Jackboys 2-ის ეპოქა ოფიციალურად მიმდინარე კვირას დაიწყო, როცა რეპერმა 8 ივლისს გაავრცელა სინგლი – 2000 Excursion.
მეტი