„ძალიან პატარა ვიყავი, როცა ხელში კამერა ავიღე. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ვიპოვე ფოტო, სადაც ალბათ მეოთხე-მეხუთე კლასში ვარ და ფოტოაპარატი მიჭირავს ხელში – ‘ჩაიკა’. მახსოვს, ვიღაცამ მაჩუქა, ვერ ვიხსენებ – ვინ. იმ დროს მასწავლებელიც არ არსებობდა, შენ თვითონ სწავლობდი ყველაფერს. ჩადებ ფირს, გააფუჭებ, მეორეს ჩადებ, გააფუჭებ, მერე ერთი კადრი გამოგივა და ხვდები, რომ, თურმე, აი, ასე ხდება. მაშინ, რა თქმა უნდა, არ გერქვა, რომ ფოტოგრაფი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებს წლები ვიღებდი, ფოტოგრაფობა, შეიძლება ითქვას, რომ 1985 წლიდან დავირქვი. პირველი გამოფენა მქონდა და იქ დამერქვა, რომ, ჰო, ესეც ფოტოებს აკეთებს.”
თუ დღეს ვინმე, თავისი არსით, ფოტოგრაფიასთან ასოცირდება, ერთ-ერთი გურამ წიბახაშვილია. ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც, უკვე 40 წელიწადზე მეტია, ქართული კულტურის განუყოფელი ელემენტია, თავად კი – ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ფიგურა – ყველასთვის თითქოს უშუალო ახლობელი და კარგად ნაცნობი „წიბახა”.
„სულ აპარატით ვმოძრაობ. შეიძლება ითქვას, რომ კამერა ჩემი ნაწილია. ერთხელ აქვე პურზე ჩავედი უკამეროდ და მეგონა, შიშველი ვიყავი. 20 ნაბიჯსაც რომ გადადგამ, იქ შეიძლება რაღაც საინტერესო შეგხვდეს. ამიტომ სახლიდან გასვლამდე, რომ ჩავიცვამ და მოვემზადები, ბოლო შტრიხი არის კამერა, კისერზე ჩამოვიკიდებ და გავდივარ.”
თუმცა მისი სახელი არა უბრალოდ ფოტოგრაფიასთან, არამედ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქასთანაც ასოცირდება, როცა ქვეყანაში ერთგვარი კულტურული აფეთქება მოხდა – ტრანზიცია ძველიდან ახალში, საბჭოურიდან დასავლურში. ეს პერიოდი – 80-90-იანი წლები – თანამედროვე ქართული კულტურის ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი იყო, რომლის შესახებაც დღეს წარმოდგენა გადმოცემითა და იმ დროის ამსახველი ვიზუალური მასალით გვაქვს. გურამ წიბახაშვილი კი ერთ-ერთი ის მთავარი ფიგურაა, ვინც ქვეყნისა და მისი კულტურის იმდროინდელი ისტორია სამუდამო გამოსახულებად აქცია.
„‘პერესტროიკის’ დროს ცოტა შემსუბუქდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური დაწოლა ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ, თავისუფალი ხელოვნება ეკეთებინათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მათ, ვინც იმ დროს ასპარეზზე გამოვიდნენ, თავისდაუნებურად მიეცათ საშუალება, შედარებით თავისუფლები ყოფილიყვნენ და ეს მეტად გამოემჟღავნებინათ. ყველა დროში ყველა ადამიანს უნდა, თავისუფალი იყოს. უბრალოდ არის პერიოდები, როცა გზღუდავენ და იძულებული ხარ, გაჩუმდე, ან შემოვლითი გზებით აკეთო რაღაცები. კი, ამ პერიოდშიც შეზღუდვები მაინც იყო, იდეოლოგია მაინც არსებობდა, მაგრამ ხვდებოდი, რომ ახლა ამას თუ გააკეთებ, უბრალოდ არ ექნებათ საშუალება, ყურადღება მოგაქციონ.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩემი მეგობრობა ჩემივე თაობის ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, უფრო თავისუფლები ყოფილიყვნენ, ვიდრე მანამდე. ესენი იყვნენ მხატვრები, მაგალითად, ‘მეათე სართულის’ ჯგუფი: კარლო კაჭარავა, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო; ფოტოგრაფები, რომელთაც კიდევ უფრო ადრე შევუერთდი: ბორია შავერდიანი, დათო სულაქველიძე, იურა მეჩითოვი, შემდეგ უკვე ნათელა გრიგალაშვილიც. მერე კი თანდათან სხვა პროფესიის ადამიანებიც შემოგვემატნენ, რომლებიც ხედავდნენ, რომ ამ ურთიერთობებში უფრო მეტი თავისუფლებაა. ესენი იყვნენ, მაგალითად, მუსიკოსები: ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი; და მწერლები: შოთა იათაშვილი, დათო ბარბაქაძე, დათო ჩიხლაძე…

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
თანაც, ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში ინფორმაციის დეფიციტია. საბჭოთა კავშირია და სად რა ხდება, ეს ინფორმაცია მოსაპოვებელია. ამ დროს ჩუმად უსმენ დასავლურ მუსიკას, ჩუმად კითხულობ აკრძალულ ლიტერატურას, არ იცნობ მხატვრებს, რადგან გამოდის წიგნი, სახელწოდებით ‘მოდერნიზმი’, რომელშიც წერია, რომ ყველა ის მხატვარი, რომელიც ახლა გენიოსადაა აღიარებული, ცუდია. ეს წიგნი კი ერთადერთი იყო, სადაც მათზე ეწერა. კი, ეწერა, რომ ცუდები არიან, მაგრამ რაღაც ეწერა. ეს კი შენთვის წყარო ხდება, რომ ისინი არსებობენ. სხვა შემთხვევაში მათ არსებობასაც კი ვერ გაიგებ. ასეთი დრო იყო, ინფორმაციის სხვანაირად აღქმის დრო – როცა შენ ინფორმაციებს შუა უნდა ამოგეკითხა ინფორმაცია. და, სხვათა შორის, ამის გამო ბევრ რამეს სხვანაირად კითხულობდი და ხანდახან უფრო დიდ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდი, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა. უბრალოდ შენთვის ეს იყო საკრალური.”
შემდეგ იყო მართლაც საკრალური პერიოდი საქართველოს ისტორიაში – 90-იანი წლები. ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი, რომელმაც, კანონზომიერად, თავის წიაღში ყველაზე მძლავრი კულტურული მოძრაობა შვა.
„მოვიდა 90-იანები და გაქრა ყველაფერი – საჭმელი, სასმელი, სითბო, ფული – და კიდევ უფრო შიშველი გახდა ყველაფერი, კიდევ უფრო თავისუფალი. ისეთი დროა, რომ რასაც აკეთებ, მხოლოდ შენთვის აკეთებ, არავის აინტერესებს. გყავს მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრე, რომლებსაც ერთმანეთის საქმიანობა აინტერესებთ, სულ ესაა. თანაც ხვდები, რომ ეს ის პერიოდია, რომ არ იმუშაო – ფოტოები არ გადაიღო, არ დახატო, მუსიკა არ დაწერო – რეალურად მკვდარი ხარ, რადგან სხვა აღარაფერი არსებობს და ერთადერთი, რაც გაგრძნობინებს, რომ ადამიანი ხარ, თუ რამეს აკეთებ, ესაა. ამავდროულად, შენს თავსაც აჯერებ, რომ ახლა რასაც აკეთებ, ეს კარგია.
ასე დაიწყო ეს პერიოდი და ნელ-ნელა ჰორიზონტზე რაღაცებიც გამოჩნდა. თავიდან ეს იყო კერძო შეკრებები კერძო სივრცეებში, მაგალითად, ლადო ბურდულთან სახლში, ე.წ. ‘ლადოს კიდობანში’. ლადომ თქვა, რომ, აი, ჩემი სახლი და მოდი, კონცერტი გავმართოთ, გამოფენა მოვაწყოთ, მოდების ჩვენება… და ეს იყო თავგანწირული ნაბიჯი. აბა, წარმოიდგინეთ, რომ ამ სიცივესა და შიმშილში ერთადერთი ადგილი გაქვს, სადაც შეგიძლია ჩაიკეტო და შენთვის იყო, შენ კი ამ დროს ამბობ: ‘მოდით და ყველანი აქ იყავით.’”

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
„მახსოვს, 93 წელს, მარტში, სრული გამყინვარებაა და ვიღაცამ მე და ბორია შავერდიანს შემოგვთავაზა გამოფენის გაკეთება ‘ქარვასლაში’. ჩვენ ვიფიქრეთ: ‘მარტო გამოფენის გაკეთებას, ხომ არ სჯობს, უფრო მეტი ხალხი შემოვიკრიბოთ?!’ და დავპატიჟეთ დათო ჩიხლაძე, რომელმაც გამართა პერფორმანსი ‘სამზარეულოს დრამა’ და ასვეე ლადო ბურდული, რომელმაც დაუკრა. ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, ‘კიბე’ ერქვა. იმ ყინვაში უამრავი ხალხი მოვიდა, რითაც მივხვდით, რომ პურის შიმშილის გარდა, ამის შიმშილიც არსებობს. ადამიანებს ეს სჭირდებათ და არანაკლებ, ვიდრე პური.”

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
„ასევე ძალიან საინტერესო იყო დათო ჩიხლაძისა და მწერლების ჯგუფის პროექტი ‘გასტრონომიული პოეზია’. შედიოდნენ ცარიელ გასტრონომებში – ზოგან მართლა არაფერი იყო, ძმრის ბოთლების გარდა – და ლექსებს კითხულობდნენ. რეალურად, ეს იმის სიმბოლო იყო, რომ ‘აქ საჭმელი არ არის და, აი, ლექსები შეგიძლია, რომ მიიღო.’”

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
გარდა იმისა, რომ თავად იყო ამ პროცესების მონაწილე, მთელი ამ ისტორიის მემატიანეც გახდა. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისმა ფოტოებმა ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი შემოინახეს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს გაუცნობიერებლად მოხდა.
„არ გეგონოს, ამ ყველაფერს იმიტომ ვიღებდი, რომ ისტორიის შემომნახველი ვყოფილიყავი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმე ფოტოების გადაღება იყო. მომწონდა ის ფაქტი, რომ რაღაც გამოსახულებად იქცევა – ის რეალობა, რაც ახლა შენ წინაა. თანაც ვხვდებოდი, რომ ცოცხალი პროცესი ეს იყო. ცოცხალი არის ახლა ეს კონცერტი და მე იქ მივდიოდი იმიტომ, რომ იქ იყო სიცოცხლე და მეც მინდოდა, ცოცხალი ვყოფილიყავი. ჩემი სიცოცხლე კი იმით გამოიხატებოდა, რომ თითს ვაჭერდი კამერას. მაშინ ჩვენ თვითონაც არ გვეგონა, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო. ამას იმპულსურად აკეთებდი და ვერ ხვდებოდი, რომ ხვალ შეიძლება სულ სხვა დატვირთვა შეეძინა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – ჩემთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს და 10 წელიწადში აღმოჩნდა, რომ 90-იანები უკვე ისტორიაა.”
თუმცა ისტორიის გამოსახულებად ქცევის პროცესი მარტივი არ ყოფილა. ფირის გამჟღავნება და დაბეჭდვა, სხვა ყველაფრის მსგავსად, იმდროინდელი ფოტოგრაფისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.
„მაშინდელი და დღევანდელი ფოტოგრაფი ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანია. დღევანდელ ფოტოგრაფს ციფრულ ეპოქაში ბევრი რამის ცოდნა არ ესაჭიროება. მაშინდელ ფოტოგრაფს კი, გარდა სახელოვნებო მხარისა, ბევრი რამ უნდა სცოდნოდა – ფიზიკა, ქიმია… იქ ქიმიური პროცესებია, რომელიც მოითხოვს დენს, წყალს, სითბოს და წარმოიდგინე, ზამთარში სურათებს იღებ, დენი არაა, სითბო არაა, წყალი ცივია და ვერ ამჟღავნებ იმიტომ, რომ 20 გრადუსი გჭირდება და ამ დროს 7 გაქვს. მახსოვს, ღამის 2 საათზე მოდიოდა ხოლმე შუქი და მე და ჩემი მეუღლე ორივე ვდგებოდით – ის სარეცხ მანქანას რთავდა და მე სურათების ბეჭდვას ვიწყებდი, რადგან წყლის გაცხელების საშუალება მქონდა. ვიცოდით, რომ ორი საათი იქნებოდა შუქი და ისევ ჩაქრებოდა. ეს ორი საათი ის თავის საქმეს აკეთებდა, მე ჩემსას. ჩაქრებოდა და ისევ ვიძინებდით.
ფირის ფოტოგრაფიაში ორი პროცესია – გამჟღავნება და დაბეჭდვა. გამჟღავნებით ყველაფერს ამჟღავნებ, უბრალოდ მერე იქიდან არჩევ, რა დაბეჭდო. უნდა გახედო და მიხვდე, გჭირდება ეს თუ არა. აი, მაგას უკვე ცოდნა უნდა, რომ ნეგატივზე შეძლო ამოცნობა, კარგია ფოტო თუ ცუდი.
თუმცა მაშინ სულ სხვა ღირებულებები და ამოცანები გაქვს. 36 კადრიდან ირჩევ, ვთქვათ, ამას და ამას – ორ კადრს – და ამბობ, რომ ეს არის კარგი. გავიდა 30 წელი და ახლა რომ გადახედე იმავე ფირს, ხვდები, რომ ისტორიული თვალსაზრისით ეს კადრიც კარგია და შეიძლება კიდევ უკეთესი, ვიდრე ის, რაც მაშინ დაბეჭდე. ამიტომ ახლა ხშირად ვუბრუნდები ხოლმე ძველ ფირებს. მაშინ უფრო მხატვრული თვალსაზრისით ვარჩევდი სურათებს, ვიდრე მათი მნიშვნელობით, რადგან ეს მნიშვნელობა იმ დროს იქ არის და შენ ვერ აღიქვამ, რომ ხვალ აღარ იქნება. თუმცა მას შემდეგ ასაკი მომემატა და დღეს უკვე დროის სპექტრში ვუყურებ ყველაფერს.”
„დღეს ვინმესთან სახლში რომ მიხვიდე, უნდა დაურეკო და წინასწარ უთხრა, შეუთანხმებლად ვერ მიხვალ. მაშინ ეგრე არ იყო. მაშინ მე შემეძლო ვყოფილიყავი ლადო ბურდულის სახლთან ახლოს, ავსულიყავი და დამეკაკუნებინა და მას ეთქვა ‘მოდი’. ან შეიძლება ეთქვა, ‘ახლა წადი, დამანებე თავი.’ შესაბამისად, მივდიოდი და სურათებს ვუღებდი. მერე აღმოჩნდა, რომ არიან ადამიანები, მაგალითად, იგივე, ლადო, ირაკლი ჩარკვიანი, ვისი ბიოგრაფიებიც მაქვს ფოტოებით. 20 წლის განმავლობაში როგორ ცხოვრობდნენ, შემიძლია მთელი ბიოგრაფიული სპექტრი დავდო.”

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი იმ პერიოდის ქართულ კულტურაში მუსიკა იყო. სწორედ იმ დროს იკრებდა ძალას ქართული ალტერნატიული სცენა, რომელმაც სრულიად შეცვალა საქართველოში დამკვიდრებული მეინსტრიმ მუსიკა, საკონცერტო კულტურა, მუსიკის მნიშვნელობა და მსმენელის მიერ მისი აღქმა.
„ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებდა, რადგან მუსიკა იყო ერთ-ერთი ის ნაწილი, სადაც ჩანდა, რომ ეს ქვეყანა არსებობს. ეს პროცესი 80-იან წლებში დაიწყო. ცხადია, ვსაუბრობ იმ მუსიკაზე, რომელიც იყო საბჭოთა იდეოლოგიის ალტერნატივა და რომელიც იძებნებოდა დასავლეთში. იქაც ეს ალტერნატიული მუსიკა ხომ პროტესტი იყო, რომ ‘აი, მე აღარ მომწონს ეს საზოგადოება, ვემიჯნები და მაქვს პროტესტი. არ მომწონს, შენ როგორც ცხოვრობ და მე ვიცხოვრებ სხვანაირად.’ ხანდახან ეს ‘სხვანაირად’ უარესიცაა ხოლმე, მაგრამ არის სხვანაირად. აქაც იგივე პროცესი დაიწყო მუსიკოსებში, რომლებიც პოპის ნაცვლად უკვე როკს ან პოსტპანკს წერდნენ. მაგალითად, იყო ასეთი ჯგუფი ‘ბერმუხა’, ბაჩი ქიტიაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს რომ მოუსმინო, შეიძლება ცოტა ნაივურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ მაშინ ეს იყო ყველას წყურვილის საგანი, რომ ამ მუსიკისთვის გესმინა.
ცოტა მოგვიანებით შეიქმნა ჯგუფი ‘ბლიცი’, რომელიც The Beatles-ის ქავერებს მღეროდა. იყვნენ ასევე ჯაზბენდებიც. შემდეგ უკვე ალბათ ჩემი თაობა მოდის – ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი და სხვები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პანკი და პოსტპანკი უნდა დაეკრათ. ტექსტები საპროტესტო იყო. შეიძლება ახლა რთულად მოსასმენია, მაგრამ ეს იყო საპროტესტო მუსიკა და ეს არ იყო მარტივი. ისინი გამოირჩეოდნენ ჩაცმულობითაც და ესეც პროტესტი იყო. ამის გამო სულ პრობლემებს აწყდებოდნენ, რადგან ეს სხვანაირი ჩაცმულობა აღიზიანებდათ იმ ნაცრისფერ ადამიანებს, რომლებსაც მორჩილება ერჩივნათ და უნდოდათ, რომ არავინ გამოყოფოდა საერთო ჯგუფს. და ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის 99%-ს. ამიტომ, ამ ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებოდათ პრობლემები ქუჩაში მათი გარეგნობის გამო.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი
დღეს ის ადამიანები, ვინც იმ პერიოდში ნაცრისფრები იყვნენ, ოდნავ გაფერადდნენ და ისიც იმიტომ, რომ ეს სიფერადეც მეინსტრიმი გახდა, რაც სწორედ მათი დამსახურებაა, ვინც მაშინ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მათ თქვეს, რომ ‘არა, მე მაინც ასე ჩავიცვამ. მცემ? მე მაინც ასე ჩავიცვამ.’ და მათ რომ ეს თავიანთ თავზე არ აეღოთ, დღეს ისევ ის 99 ნაცრისფერი ვიქნებოდით.”
იდეური დატვირთვის გარდა, იმდროინდელი ხელოვნება გამოირჩეოდა მხატვრული ღირებულებითაც, რომელიც დღემდე ერთგვარ თამასას წარმოადგენს. ხშირად გაიგონებთ, რომ იმ რთულმა დრომ, როცა არსებობისთვისაც კი ბრძოლა გიწევდა, ბევრად დიდი და მნიშნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა დატოვა.
„მე მგონი, თავისუფლება არის აქ მთავარი განმსაზღვრელი. იმის გამო, რომ მაშინ არავის აინტერესებდი და იცოდი, რომ ბაზარი არაა და შენს პროდუქტს მაინც ვერ გაყიდი, აბსოლუტურად თავისუფალი იყავი და იმას აკეთებდი, რაც შენ გინდოდა. ხვდებოდი, რომ ახლა რასაც გააკეთებ, არც კარგად შეაფასებენ და არც ცუდად, შესაბამისად, თვითცენზურაც არ გაქვს და რაც გინდა, იმას აკეთებ. და აღმოჩნდა, რომ ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი ხელოვნებაში, როცა შენ აკეთებ იმას, რაც თავად მიგაჩნია, რომ კარგია. ის მერე ათ წელიწადში ასე დაფასდება თუ ისე, იმ ათი წლის ამბავია, მაგრამ იმ დროს შენ აკეთებ რაღაცას, რაშიც აბსოლუტურად გულწრფელი და თავისუფალი ხარ. მერე კი აღმოჩნდება, რომ ეს კარგია და რომ თავისუფლების იმპულსი მთავარია ხელოვნებაში და ეგრეც მოხდა.”

შოთა იათაშვილი, ზურაბ რთველიაშვილი და გიორგი ბუნდოვანი
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
თავისუფლების იმპულსი ერთ-ერთი ის ემოციაა, რასაც გურამ წიბახაშვილის ფოტოები გადმოსცემს. იმპულსი, რომელსაც თვითონაც ისევე განიცდიდა, როგორც მისი ობიექტივის გმირები, რადგან თავადვე იყო იმ პროცესების შუაგულში, რომლებსაც აფიქსირებდა. შესაძლოა ამიტომაცაა, რომ მისი ნამუშევრები არა უბრალოდ ეპოქის სტატიკურ დოკუმენტებს, არამედ ცოცხლად შემონახულ მომენტებს წარმოადგენენ.
„ეს ფოტოები ჩემი ცხოვრების ნაწილი და ჩემი ისტორიაა. ფოტოგრაფია ძალიან კარგი რამაა – ის არ გაძლევს საშუალებას, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაივიწყო. თორემ ადამიანს აქვს ეგ თვისება – გგონია, რომ ყველაფერი გემახსოვრება და ამ დროს ერთ თვეში გავიწყდება რაღაცები. ფოტოგრაფია კი, ჰოპ, უცებ ამოვა და გახსენებს, რომ ეს არსებობდა.
თუმცა სინამდვილეში რეალობა და გამოსახულება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. გამოსახულება – ეს არის ილუზორული რაღაც, მეტაფიზიკური, და სწორედ ეს იყო ის, რაც ყოველთვის მხიბლავდა. კი, ის რეალობას ასახავს, ოღონდ ძალიან სუბიექტურად. ერთი და იგივე რეალობა შენ სხვადასხვანაირად შეგიძლია აღწერო. ორივე მათგანი რეალობა იქნება, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ აღწერ მას – სულ სხვადასხვა. ეს არის ილუზორული რეალობა: რა ფოტო გადაიღე, როგორ და რა კუთხიდან, ერთსა და იმავე რეალობაში სხვადასხვა ამბავს მოგიყვება. ლადო ბურდულის კონცერტზე რომ ვსხედვართ მე და ვიღაც, ვისაც პანკი არ მოსოწონს, მისთვის ეს არის სისულელე და ჩემთვის ეს არის ზღაპარი. ამიტომ, მე რომ გადავიღებ ფოტოს, ის იქნება ზღაპარი და ის რომ გადაიღებს, იქნება სისულელე. განა იქ რეალური ელემენტები არ იქნება?! ელემენტები რეალურია, მაგრამ ამბავი – სხვადასხვა. ამბის აღქმაა სხვადასხვა. შესაბამისად, მე როგორც აღვიქვი, შენც ის გადმოგეცი.
ამიტომ, ეს ფოტოებიც, რომლებზეც ვამბობთ, რომ, აი, იმდროინდელი რეალობა შემოგვინახა, რეალურად, ჩემი თვალით დანახული რეალობაა. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჩემი თვალით დანახული ყველაზე ახლოსაა იმ რეალობასთან და რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მაშინდელი ცხოვრების.”
–ანუ შეიძლება ითქვას, რომ სწორი თვალით დანახული რეალობაა?
-შეიძლება ეგრეც დავარქვათ, მაგრამ მაინც სუბიექტურია.
–ესე იგი, გამოდის, რომ დღეს მთელ ამ ისტორიას თქვენი თვალით ვუყურებთ?
-მეტი გზა არ გაქვთ…