მოდის ცნობილი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვალენტინო ათწლეულების განმავლობაში იყო კინოვარსკვლავების საყვარელი დიზაინერი.
ვალენტინო გარავანი. 2007 წლის 6 ივლისი. იტალია, რომი.
ERIC VANDEVILLE/GAMMA-RAPHO VIA GETTY IMAGES

ვალენტინო გარავანი – იტალიელი დიზაინერი, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ 19 იანვარს მისმა ფონდმა განაცხადა. დიზაინერი 93 წლის იყო.

„ვალენტინო გარავანი ჩვენთვის მხოლოდ მეგზური და შთაგონების წყარო არ ყოფილა – ის სინათლის, შემოქმედებისა და ხედვის ნამდვილი განსახიერება იყო,“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

დიზაინერი ოთხშაბათსა და ხუთშაბათს რომში, ფონდის შტაბ-ბინაში იქნება დასვენებული, ხოლო დაკრძალვის ცერემონია პარასკევს, Santa Maria degli Angeli e dei Martiri-ის ბაზილიკაში გაიმართება.

ვალენტინო ათწლეულების განმავლობაში აღფრთოვანებას იწვევდა სამეფო ოჯახის წევრებში,  იყო პოლიტიკური ლიდერების ცოლებისა და კინოვარსკვლავების საყვარელი დიზაინერი. ჟაკლინ კენედი ონასისი, ჯულია რობერტსი, იორდანიის დედოფალ რანია და სხვა მრავალი ცნობილი ქალი ერთხმად აღიარებდა, რომ ვალენტინოს სამოსში თავს საუკეთესოდ გრძნობდნენ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია 2001 წლის „ოსკარი“, სადაც ჯულია რობერტსმა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მისი ვინტაჟური კაბით მიიღო. სწორედ ვალენტინოს ეკუთვნოდა ის მაქმანიანი კაბა, რომელიც ჟაკლინ კენედიმ 1968 წელს ონასისზე ქორწინებისას მოირგო. ასევე, გარავანის ახლო მეგობარი და ხშირი სტუმარი იყო უელსის პრინცესა დაიანა.

„მე ვიცი, რა სურთ ქალებს„მათ სურთ, იყვნენ ლამაზები,” – ამბობდა ვალენტინო. იგი არასდროს მიჰყვებოდა ექსტრავაგანტულ ან პროვოკაციულ ტენდენციებს. 1960-იანი წლების რომიდან 2008 წელს, პენსიაზე გასვლამდე, მას არასდროს დაუშვია პროფესიული შეცდომა. 

მუდამ გარუჯული და საგანგებოდ გამოწყობილი ვალენტინო სრულად იზიარებდა საკუთარი მომხმარებლების – მსოფლიო ელიტის ცხოვრების წესს. ის ფლობდა 46-მეტრიან იახტას, პიკასოსა და მიროს შედევრებს და პარიზთან ახლოს მდებარე მე-17 საუკუნის შატოს, სადაც მილიონზე მეტი ვარდი ყვაოდა. 

ვალენტინო და მისი მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორი ჯანკარლო ჯამეტი დროს ნიუ-იორკში, ლონდონში, რომში, კაპრიზე  და შვეიცარიის კურორტზე ატარებდნენ და მუდამ თან დაჰყავდათ საყვარელი ძაღლები.

„როდესაც ვხედავ ქალს, რომელიც სპორტულად არის გამოწყობილი და მაკიაჟის გარეშეა, გული მწყდება,“ – აღნიშნა ვალენტინომ 2007 წლის ინტერვიუში. – „ჩემთვის ქალი ლამაზი ყვავილია. ის მუდამ სრულყოფილი უნდა იყოს.“

ვალენტინო 1932 წელს ჩრდილოეთ იტალიაში დაიბადა. მოდისადმი ინტერესი კინოს სიყვარულმა გაუღვივა. მილანსა და პარიზში სწავლის შემდეგ, 1959 წელს, რომში საკუთარი მოდის სახლი დააარსა. „ძალიან მიყვარდა კინოეკრანი და სილამაზე. მხიბლავდა იმის დანახვა, თუ როგორ ქმნიდნენ სენსაციურ მომენტებს კინოვარსკვლავები – მუდამ გემოვნებით შემოსილნი და სრულყოფილნი,“ – თქვა მან ინტერვიუში.

თავიდანვე მის გვერდით იყო ჯანკარლო ჯამეტი, რომელიც ბიზნესის მხარეს განაგებდა, მაშინ, როცა ვალენტინო საკუთარ შარმს მსოფლიოს მდიდარ და გავლენიან წრეებში მომხმარებლის მოსაზიდად იყენებდა.

მის პირველ თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ იტალიელი კინოვარსკვლავები – ჯინა ლოლობრიჯიდა და სოფი ლორენი, ასევე ჰოლივუდის ვარსკვლავები – ელიზაბეტ ტეილორი და ოდრი ჰეპბერნი. დიზაინერს განსაკუთრებით მხარს უჭერდა Vogue-ის მაშინდელი მთავარი რედაქტორი დაიანა ვრილენდიც.

წლების განმავლობაში ვალენტინოს იმპერია გაფართოვდა – დაემატა ყოველდღიური ტანსაცმლის, მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების ხაზები. 1998 წელს ვალენტინოს ბრენდი 300 მილიონ დოლარად გაიყიდა, თუმცა დიზაინერი შემოქმედებით ხელმძღვანელად კიდევ ერთი ათწლეული დარჩა. მისი წასვლის შემდეგ მოდის სახლს სხვადასხვა დროს მართავდნენ მარია გრაცია კიური და პიერპაოლო პიჩოლი. დღეს Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორი ალესანდრო მიქელეა.

2007 წელს დიზაინერმა მოდის სფეროში მოღვაწეობის 45 წლის იუბილე რომში სამდღიანი გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნა, რომლის კულმინაციაც მეჯლისი გახდა.

ვალენტინო პენსიაზე 2008 წელს გავიდა. მის მემკვიდრეობას მიეძღვნა 2008 წლის დოკუმენტური ფილმი „ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი“ და 2011 წელს შექმნილი „ვირტუალური მუზეუმი“, სადაც მისი 300-ზე მეტი საკულტო ნამუშევარია წარმოდგენილი.

Valentino-ს მოდის სახლის აქციების 70 პროცენტს კატარული კომპანია Mayhoola ფლობს, ხოლო 30 პროცენტი ფრანგულ კონგლომერატს, Kering-ს ეკუთვნის, რომელსაც სრული კონტროლის მოპოვების უფლება 2028 ან 2029 წელს ექნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ტაქსი” – Torcho-მ ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯეიკობ ალონი 2026 წლის BRIT Awards-ზე „კრიტიკოსთა რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი

ფოლკლორი, როგორც ქართული იდენტობის ცოცხალი მეხსიერება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელთან და დამაარსებელთან - გიორგი დონაძესთან.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი