„იშვიათი გამომსახველობის მქონე ბალერინა. მისი პირადი ოდეტა-ოდილია მუდმივად ცოცხლობს მოგონებებში…”
Bachtrack
„თუ შეიძლება, რომ კლასიკური ცეკვა ოზუს ფილმში ითარგმნოს, მაშინ ეს სწორედ ის იყო.”
ტობი ტობიასი, ArtsJournal
ასე აფასებენ ნინო ანანიაშვილის მიერ შესრულებულ „გედების ტბას” ცნობილი გამოცემები და ბალეტის კრიტიკოსები – საკულტო როლს, რომელიც პრიმა-ბალერინას ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად საკრალურიც კია. ყველაფერი სწორედ გედით დაიწყო… გედის წყალობით მოხვდა ბალეტში მაშინ, როცა ბალერინობაზე არც კი ფიქრობდა და გედი იქცა მისი კარიერის მთავარ როლადაც.
ნინო ანანიაშვილი:
„ექვსი წლიდან დავდიოდი ფიგურულ სრიალზე. ერთხელაც, ჩვენთან მოვიდა ბალერინა ალა დვალი და ყინულზე „მომაკვდავი გედის” ცეკვა დამიდგა. მახსოვს, ამ ნომრისთვის დედამ „პაჩკა” ოპერის თეატრის სახელოსნოში შემიკერა. ეს რომ ვიცეკვე, დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, ალამ სთხოვა დედაჩემს, მონაცემები აქვს, ძალიან ემოციურია და იქნებ ბალეტზე გადაიყვანოთო. ჩვენი მეზობელი იყო ოპერის თეატრის ბალერინა ვივი მეტრეველი და დედამ მასთან მიმიყვანა, გასინჯეთ, აბა, თუ მართლა აქვს მონაცემებიო. მანაც დაუდასტურა, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიო და ასე, ცოტა გვიან, 10 წლის ასაკში გადავედი ბალეტში. მაშინ სასწავლებლის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო.”
ისე მოხდა, რომ კარიერაში მისი პირველი დიდი ბალეტიც „გედების ტბა” იყო. „ესეც შემთხვევით მოხდა, სხვათა შორის. წესით მე არ უნდა მეცეკვა იმ ბალეტში, მაგრამ სხვის ნაცვლად მომიწია,” – იხსენებს ბალერინა.
თანდათან ოდეტა-ოდილია მის სავიზიტო როლად, ქართველი ბალერინა კი ნამდვილ გედების დედოფლად იქცა. ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან მსოფლიოს უდიდეს სცენებზე სწორედ ნინო ანანიაშვილის გედის სანახავად ჩადიოდნენ. „მისი მკლავები ჰაერში ისე ლივლივებს, თითქოს ძვლები სრულიად არ ჰქონდეს!” – წერენ მის მიერ შესრულებულ „მომაკვდავ გედზე”, რომელიც მართლაც სცდება ფიზიკურ შესაძლებლობებს და მაყურებელში არამიწიერ განცდას ტოვებს.
„ჩემმა პედაგოგმა რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურმა ცხოვრებაში ყველაზე დიდი კომპლიმენტი გამიკეთა და მითხრა: იცი რა არის საინტერესოო? რომ შენ შენი გედები შექმენი, შენი სავიზიტო და ეს უკვე შენი ხელმოწერააო. როგორც მაია პლისეცკაიამ შექმნა თავისი გედი, ისე შექმენი შენ შენიო. გამიკვირდა, რადგან ჩემამდე რამდენს უცეკვია ეს პარტია. მართალია, მე ჩემს თავს სულ კრიტიკულად ვუყურებდი და მუდმივად ვცდილობდი გაუმჯობესებას, მაგრამ ალბათ იყო რაღაც, რადგან მთელი ცხოვრება გედებს ვცეკვავდი და ყველას გედების ნახვა უნდოდა. მეც ყველაზე ბევრჯერ ეს როლი მაქვს შესრულებული, თანაც ყველაზე მეტი – 7-8 ვერსია, თუმცა ყველა ვერსიაში ვცდილობდი, ჩემი გედი შემენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფიულად სხვადასხვა გამოხატულება იყო საჭირო, ჩემ შექმნილ პერსონაჟს, რომელიც პირველად რაისასთან გავაკეთე, მაინც სულ ვინარჩუნებდი.”
გასაკვირი არცაა, რომ სწორედ „გედების ტბას” მიიჩნევს ერთ-ერთ იმ ბალეტად, რომელშიც, მისი აზრით, მუსიკა და ქორეოგრაფია ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ფიქრობს, რომ ბალეტში წამყვანი როლი მუსიკას აქვს, მთავარი ჯადოსნობა კი სწორედ მაშინ ხდება, როცა მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში მოდის.
„გედების ტბას თუ ავიღებთ, განსაკუთრებით მეორე მოქმედებას, ძალიან მუსიკალურადაა დადგმული. მეოცე საუკუნის ბალეტებიდან, მაგალითად, ბალანჩინის „სიმფონია დო მაჟორის” დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ბიზეს ნოტები ამოხტნენ და ცეკვავენ. იგივე, სერენადა რომ მესმის, სხვა რამე ვერ წამომიდგენია, იმ წუთში ბალანჩინის „სერენადა” მაქვს თვალებში. ესაა სასწაული შერწყმა მუსიკისა და ცეკვის. დღევანდელობაში გამოვყოფდი ირჟი კილიანს. ისე აქვს თანამედროვე ქორეოგრაფია მოცარტზე დადგმული, რომ როცა ეს მუსიკა მესმის, თვალებს ვხუჭავ და მის ქორეოგრაფიას ვხედავ.
ხდება ასე, რომ როცა მუსიკა და მოძრაობა იმდენად ლამაზადაა ერთმანეთთან შერწყმული, სხვა რამ ვეღარ წარმოგიდგენია. ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს დირიჟორსაც. ბალეტის დირიჟორობა რთულია, რადგან ამ შემთხვევაში დირიჟორს როგორც მუსიკალური ნაწილი, ასევე ვიზუალური მხარეც უნდა ესმოდეს. ამიტომ ბალეტში იშვიათია მაღალი დონის დირიჟორები, მაგრამ როცა ეს ხდება, აი, მაშინ იქმნება სასწაული სცენაზე.”
მუსიკაზე, მის როლსა და აღქმის მნიშვნელობაზე საუბრისას, ნინო ანანიაშვილი Billboard საქართველოსთან თავისი კარიერის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს:
„მე თვითონ ვერ ვმღერი, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მაქვს. მხოლოდ თუ წავიმღერე, აი, როგორც ახლა თქვენ წაგიმღერეთ. „ქეთო და კოტეს” რომ ვდგამდით, იქ ძალიან უნდოდათ, რომ თეკლას პარტიაში ოთხი კუპლეტი მემღერა. ნიკოლოზ რაჭველმა მთხოვა, მოდი, მე მოგცემ და ელენემ (შვილი) გავარჯიშოსო. იცოდა, რომ მას კარგი სმენა ჰქონდა. სახლში ჩავიკეტე და ჩუმად ვმღეროდი. ამ დროს კი ელენე მიკაკუნებს: დედა, ძალიან გთხოვ, შენ იცეკვე, ოღონდ არ იმღეროო. მოკლედ, შვილმა დამაკომპლექსა, ფაქტობრივად. ნიკას ვუთხარი, ელენემ მითხრა, არ იმღეროო და აღარ ვიმღერებ-მეთქი.
თუმცა შინაგანად ძალიან კარგად მესმის მუსიკა და როცა ვცეკვავ, გულში სულ ვმღერი. ჩემი პედაგოგი რაისა ძალიან მუსიკალური იყო, აბსოლუტური სმენა ჰქონდა და დიდ ყურადღებას მაქცევინებდა, რომ მუსიკაში ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო. ამასთანავე, ჩვენ რუსული სკოლის წარმომადგენლები ვართ და არასდროს ვითვლიდით. თვითონ მასწავლებელიც, როცა რაღაცას გაჩვენებს, თან გიმღერის. არ იყო ჩვენი ქორეოგრაფია ისეთი რთული, როგორიც, მაგალითად, ბალანჩინის დადგმული სტრავინსკი – იქ თუ არ ითვალე, ვერ ჩაჯდები, სულ ირღვევა რაღაცები. მაგრამ კლასიკაში – ჩაიკოვსკი, გლაზონოვი, შოპენი – არასდროს ვითვლიდი, ყოველთვის ვმღეროდი და სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებითაც მაქვს ერთი საინტერესო ისტორია: ეს ფაქტი, რომ მე ცეკვის დროს გონებაში ვმღერი, არასდროს არავისთვის მქონდა ნათქვამი. ერთხელაც, ვცეკვავ ნიუ-იორკში, სადაც ძალიან დავუმეგობრდი ერთ-ერთ ქალ ჟურნალისტს, კრიტიკოსს. მისი მეუღლე ვოკალის პედადოგი იყო. სპექტაკლის შემდეგ მოდის ჩემთან ეს კაცი, ნოელი, და მეუბნება: იცი რა, ნინო, როცა ცეკვის დროს გიყურებ, ასე მგონია, მღერიო. სხვას რომ ვუყურებ, ეს შეგრძნება არ მაქვსო. შეუძლებელია, მე მართლა ვმღერი-მეთქი, ვუპასუხე. და ეს ისე გამიხარდა, აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ადამიანმა, პროფესიონალმა ეს იგრძნო.”
თუ მანამდე ცეკვის დროს გონებაში მღეროდა, დღეს – როცა საშემსრულებლო კარიერა უკვე წლებია, დაასრულა – მუსიკა კვლავ სცენაზე აბრუნებს. ახლა, როცა ნაცნობი მელოდია ესმის, გონებაში საკუთარ ცეკვას მიჰყვება.
„ხშირად უბრალოდ ვუსმენ ბალანჩინის მიერ დადგმული „სერენადის” მუსიკას, მივყვები მელოდიას და ვიცი, რომ ვცეკვავ. მაგალითად, „დონ კიხოტეს” მუსიკა რომ გავიგო, ცეკვას არ ვიწყებ. ეს უფრო სიმფონიური მუსიკის შემთხვევაში ხდება. აი, მემართება, მაგალითად, ჩაიკოვსკიზე: როგორც „მაკნატუნას”, ასევე „მძინარე მზეთუნახავის” ვალსებზე, ულამაზესი მუსიკაა, არ მბეზრდება.
ზოგადად, ბევრი მუსიკაა, რომელზეც ახლაც სიამოვნებით ვიცეკვებდი. ჩემი მეუღლე მუდმივად უსმენს კლასიკას და ხანდახან ისე მომეწონება ხოლმე კონკრეტული ნაწარმოები, ვფიქრობ: ხომ ბევრი რამ არის დადგმული, მაგრამ კიდევ რამდენი გამოუყენებელი, ლამაზი მუსიკაა, რომელიც ჯერ არ დაუდგამთ.”
თავად, ახლა უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის ხელმძღვანელის რანგში, სპექტაკლებს სხვადასხვა შთაგონებით დგამს. ზოგჯერ ეს შესაძლოა სიუჟეტი იყოს, როგორც „წუნა და წრუწუნას” შემთხვევაში მოხდა, ზოგჯერ კი – მუსიკა, რისი მაგალითიცაა „საგალობელი” – ბალეტი, რომელიც ქართულ მუსიკაზე დადგა. „სხვათა შორის, „საგალობლის” იდეა რომ მომივიდა, ეს რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის დამსახურებაა, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ ‘შენ უნდა შექმნა რაღაც შენი, ქართული,’” – ამბობს წარმოდგენაზე, რომელიც უკვე ქართული საბალეტო დასის სავიზიტო ბარათად იქცა.
სულ ახლახან საკუთარი სტუდიაც გახსნა, რომელიც ბალეტის სწავლის საშუალებას ნებისმიერი ასაკისა და მონაცემების ადამიანებს აძლევს.
„თქვენ არ იცით, როგორი ბედნიერი ვარ და რატომ – იმდენი და ისეთი ხალხი მოდის, ნამდვილად რომ არ ველოდი. ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ვერ იარეს ბალეტზე, მაგრამ ის სიყვარული დარჩათ და დღემდე აინტერესებთ. რატომ უნდა დავჩაგროთ ისინი?! შემდეგ ეს ადამიანები უკვე ჩვენს სპექტაკლებზეც მოდიან, ეცნობიან ამ სფეროს, სხვანაირად უყურებენ, მუსიკას უსმენენ… გვყავს ასევე ბავშვებიც, რომელთაგანაც თუ ვინმეს განსაკუთრებული მონაცემები ექნება, უკვე ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც გადავა. მოკლედ, ბაზარი გავზარდე, ასე ვთქვათ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს პოპულარიზებისთვის.”
საქართველოში ბალეტის პოპულარიზაციისთვის თავად ყველაზე ბევრი გააკეთა. მომენტი, როცა საკუთარ თავში ეს პროფესია აირჩია, არ ახსოვს. ამბობს, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. თეთრმა გედმა სწორედ იმ ადგილას მიიყვანა, რომელსაც ნინო ანანიაშვილი ეკუთვნოდა.
„რაც თავი მახსოვს, ასე იყო, რომ ბალეტით მოვდიოდი. ბალეტი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. ყველაფერი, რაც კი ცხოვრებამ მომცა, ბალეტია და ბალეტმა მომცა ყველაფერი. ვამბობ ხოლმე, ქმარიც კი ბალეტიდან გავიცანი-მეთქი. მთელი ჩემი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვენი – მიყვარს, მაინტერესებს და არ მბეზრდება. ბალეტი, ეს არის ინფექცია – იმდენად გიყვარდება, რომ სხვანაირად ვეღარ წარმოგიდგენია. იმდენი რამ მქონია ცხოვრებაში საინტერესო, იმდენ ადამიანს შევხვედრივარ – ქვეყნების ლიდერებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს – და ეს ყველაფერი ბალეტმა მომცა. აი, ასე გამიტანა ცხოვრებამ.
თუმცა როცა ყველაფერი დავიწყე, მე არ ვიცოდი, გავხდებოდი თუ არა ბალერინა, მოვხვდებოდი თუ არა თეატრში, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ერთ-ერთი კარგი სტუდენტი ვიყავი. სკოლაში ძალიან მკაცრი პედაგოგი მყავდა. მეუბნებოდა: ‘შენი ერთი გამარჯვება ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მეორეც არაფერს ნიშნავს, არც მესამე, თუ შენი თავი იმ დონეზე არ დააყენე, რომ ბალერინა დაგერქვას.’ ძალიან რთული პროფესია გვაქვს, ყველა ვერ უძლებს ამ დატვირთვას. ჩვენ გვაქვს დატვირთვა, ტკივილი და გაძლება, მაგრამ ამ ყველაფერს უდიდესი სიყვარული და სიამოვნება ახლავს თან. ბებიაჩემი სესილია თაყაიშვილის მეგობარი გახლდათ და კარგად მახსოვს, ერთხელ ჩვენს სახლში იყვნენ სესილია, ნადია ხარაძე – ოპერის მომღერალი და ბებიაჩემი – ექიმი. ბებიაჩემმა ნადიას უთხრა, რა არის, კიდევ მღერიო? ნადიამ კი უპასუხა, შენ ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს აპლოდისმენტები სპექტაკლის შემდეგო. ამ დროს სესილია მოუტრიალდა და უთხრა, ეს ისეთი რამ არის, ამის გადმოცემაც კი შეუძლებელიაო. ბებიაჩემს ეს სულ უკვირდა, მაგრამ როცა მე დიდ თეატრში მოვხვდი და ჩემს სპექტაკლზე მოვიდა – სხვათა შორის, სულ პირველ რიგში იჯდა და არასდროს მიკრავდა ტაშს, უბრალოდ მიყურებდა და ამაყად ამბობდა: ‘დიახ, ის ჩემი შვილიშვილია’ – მერე მითხრა, ახლა ვხვდები, რას ამბობდნენ ნადია და სესილია და რას ნიშნავს ის მადლობა, რომელსაც მაყურებელი შენ ტაშით გიხდისო.”
თუმცა ტრიუმფალური საშემსრულებლო კარიერა წლებთან ერთად დასასრულს მიუახლოვდა. ხანგრძლივი შემოქმედებითი გზის ფინალი კი ერთგვარ წრის შემკვრელ მომენტად იქცა და დასრულდა იმით, რითაც ყველაფერი დაიწყო – გედით. 2009 წელს ნინო ანანიაშვილი ამერიკას, 2012 წელს კი იაპონიას „გედების ტბით” დაემშვიდობა. „გედის სიმღერა” – ასე გამოეხმაურა The New York Times პრიმა-ბალერინას ბოლო წარმოდგენას. საკულტო ოდეტა-ოდილიას პარტია ანანიაშვილმა 2013 წელს, 50 წლის საიუბილეო საღამოზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც შეასრულა.
„ჩემს ცხოვრებაში გედს რაღაცნაირი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ყინულიდან ბალეტში გედმა წამიყვანა, ჩემი პირველი დიდი სპექტაკლებიც გედები იყო, ABT-სთან (ამერიკული ბალეტის თეატრი) გედებით დავიწყე და გედებით დავასრულე, იაპონიაშიც ჩემი ბოლო კლასიკური გალაც „გედების ტბა” იყო. ხო, მთელი ცხოვრება მართლაც ეს გედი მომყვება.”