მუსიკალური ფესტივალი WestFest Kutaisi-ს ორგანიზატორები ბოლო დღეებში გავრცელებულ დაპირისპირებაზე განცხადებებს ავრცელებენ, სადაც განმარტავენ, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბენდ Loudspeakers-ის მონაწილეობა ფესტივალში.
ბილბორდ საქართველო უცვლელად გთავაზობთ WestFest Kutaisi-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას:
“მოგესალმებით!!! WestFest Kutaisi-ს დამფუძნებლები ვრჩებით საწყის აზრზე, რომელიც ფესტივალის შექმნის დროს გაგვაჩნდა. ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე არ გვინდოდა, ფესტივალს მიეღო პოლიტიკური ელფერი და შესაბამისად, პერსონალური თხოვნის საფუძველზე, ყველა მონაწილე ბენდთან ერთი თვის წინ, მათ შორის Loudspeakers-თან შევთანხმდით, რომ ფესტივალს არ მისცემოდა პოლიტიკური სახე და ქალაქს ჰქონოდა განტვირთვისა და გემოვნებიანი მუსიკის მოსმენის საშუალება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, ჩვენ არ გვინდოდა პოლიტიკური სახე მისცემოდა ფესტივალს. ორგანიზაცია არის არაპოლიტიზირებული, არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. WestFest Kutaisi არის კერძო პირების მიერ კომერციული მიზნით შექმნილი ორგანიზაცია. ხოლო რაც შეეხება Loudspeakers-ს, პირველადი შეთანხმების მიუხედავად, ვერ შეძლო ჩვენი თხოვნის გათვალისწინება და უარი განაცხადა ფესტივალზე გამოსულიყო.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველას ინდივიდუალურ აზრს. ფესტივალის მიზანი არის ქუთაისის ცნობადობის გაზრდა მუსიკალური თვალსაზრისით. მადლობა ყველას”
ამავე საკითხზე LOUDspeakers-მა სოციალურ ქსელში 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება:
„6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს.
სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია.
P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა.
ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!”
WestFest 2025-ის განცხადებას ფესტივალში მონაწილე ბენდები: „გამოუვალი მდგომარეობა“, 4D Monster Lobsters, Outsider, Tamada და ოჩოს ქოხი ეხმიანებიან, რომლებმაც ერთობლივი პოსტი გაავრცელეს:
“ვეხმაურებით ფესტივალ WestFest 2025-თან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ფაქტს, თითქოსდა მონაწილე ჯგუფებს გვიკრძალავენ საპროტესტო განცხადებების გაკეთებას. პირველ რიგში, ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისელი მსმენელის წინაშე გამოსვლა, ჩვენი მუსიკის გაზიარება და მათი რეაქციების მიღება. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ორგანიზატორებთან საუბრის დროს აღნიშნული იყო მათი მხრიდან, რომ ფესტივალს არ ექნებოდა “აქცია – კონცერტის” სახე. ასეთი სახის (აქცია – კონცერტი) ფესტივალებში ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე აზრის ან პოზიციის დაფიქსირების აკრძალვას. მოგეხსენებათ, მონაწილე ჯგუფები ისედაც ყოველდღიურად ვებრძვით უსამართლობის ფაქტებს თქვენთან ერთად. ყველამ იცით ჩვენი პოზიცია, რომ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ჩვენთვის ცხადზე ცხადია, რომ მთავრობის დავალებით ქვეყანაში არაერთი უსამართლობის და სისასტიკის ფაქტი ხდება და ჩვენც თქვენთან ერთად არაერთხელ გავხდით მსხვერპლი ასეთი ფაქტის.
ჩვენ არასდროს მიგვიღია მონაწილეობა ღონისძიებებში, სადაც „ცენზურას” გვიწესებენ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს! დამხობა ქოცებს და დამხობა იმპერიალიზმს!” – ნათქვამია მუსიკოსების მიერ გავრცელებულ პოსტში.
ორგანიზატორებისა და მონაწილე ბენდების განცხადებით, მიუხედავად დაპირისპირებისა, ფესტივალის მთავარ მიზნად რჩება ქუთაისში მუსიკალური სცენის განვითარება და მსმენელისთვის ხარისხიანი კონცერტების შეთავაზება.
ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი WestFest ქუთაისში 6 და 7 სექტემბერს გაიმართება.