საუდის არაბეთის ეროვნულ დღეზე (23 სექტემბერი) ვერსალის სასახლეში საუდის ეროვნული ორკესტრი და გუნდი წარდგა, რომელიც 100-ზე მეტ მუსიკოსს აერთიანებს.
ვერსალის ახალი ნოტები
სექტემბრის დასაწყისში ვერსალის სასახლემ ხანგრძილივი ისტორიის უცნობი თავი დაწერა. იმავე კედლებმა, სადაც საფრანგეთის სამეფო კარის მუსიკა ისმოდა, ამჯერად სრულიად ახალ რიტმებს უმასპინძლა. ევროპის ძველი დიდებით სავსე კორიდორებში საუდის ეროვნული ორსკესტრისა და გუნდის მიერ აჟღერებული ხმები და ინსტრუმენტები ერთგვარი განაცხადი იყო, რომ ქვეყანა მსოფლიოს ახალი ენით ესაუბრებოდა – მუსიკის ენით.
ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე კონცერტი. ეს იყო სიმბოლური სცენა, რომელიც ასახავდა მზარდი კულტურული მოძრაობის არსს – საუდის არაბეთის ტრანსფორმაციას, თუ როგორ იცვლის ის სახეს სიმების, ხმებისა და მელოდიების გავლით.
მეტი, ვიდრე ანსამბლი
2019 წელს დაარსებული ორკესტრისა და გუნდის მიზანი არასდროს ყოფილა, მორიგ რიგით მუსიკალურ დასად ჩამოყალიბებულიყო. მათი მისია კიდევ უფრო დიდი იყო: შეექმნათ აკადემიური გარემო საუდის არაბეთის მუსიკოსებისთვის, რათა ადგილობრივი მემკვიდრეობისთვის საერთაშორისო პლატფორმა მიეცათ.
The Marvels-ის ტურნეს ფარგლებში ანსამბლმა უკვე იმოგზაურა პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში, სიდნეიში, ტოკიოსა და მეხიკოში. ვერსალი კი მათთვის წარმოადგენდა არა მხოლოდ მორიგ მიღწევას ევროპის ყველაზე ისტორიულ სასახლეში, არამედ მომენტს, როცა საუდის არაბეთის მუსიკოსების ახალი თაობა ამაყად იდგა მთელი მსოფლიოს წინაშე და მას საკუთარი ქვეყნის სახეს წარუდგენდა.
ორკესტრის პირველი საერთაშორისო გაჩერება 2022 წელს სწორედ პარიზი იყო. ტურნე გაგრძელდა მეხიკოში, ნიუ-იორკში, სიდნეისა და ტოკიოში, რის შემდეგაც გუნდი სახლში დაბრუნდა და 2025 წლის დასაწყისში კონცერტი ელ-რიადში გამართა. ამ წლის აგვისტოს საუდის არაბეთის დედაქალაქში მათი კიდევ ერთი კონცერტი შედგა, რომელიც საუდის ეროვნული ორკესტრისა და გუნდის 2-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს მიეძღვნა.
სხვადასხვა კულტურის შედევრები
ტურნე ერთგვარი ხიდი იყო საუდის არაბეთის მუსიკასა და გლობალურ აუდიტორიას შორის სხვადასხვა წარმოდგენით, რომლებიც თითოეული ქვეყნის კულტურას ეხმაურებოდა. მაგალითად, ლონდონში ტრადიციული სიმღერა Addayt fi Marqab ადელის მუსიკასთან იყო შერწყმული. ნიუ-იორკში ფრენკ სინატრას კლასიკა Fly Me to the Moon აღმოსავლურ სტილში იყო წარმოდგენილი. ტოკიოში კი აუდიტორიამ არაბულად შესრულებული ანიმეს თემები მოისმინა.
ვერსალის 90-წუთიან კონცერტზე ორკესტრმა საუდის არაბეთის ტრადიციული და თანამედროვე მუსიკა გააერთიანა. მასში ინტეგრირებული იყო ხალხური ცეკვებიც, როგორებიცაა khibaiti, majroor და khutwa. შემდეგ კი მთავარი მოვლენის ჯერიც დადგა და გუნდი სცენაზე სამეფო საოპერო ორკესტრთან ერთად წარდგა ეგვიპტელი მაესტროს, ჰანუ ფაჰრატის დირიჟორობით – ისტორიაში პირველი არაბის, რომელმაც ფრანგულ ორკესტრს უხელმძღვანელა. მეორე დღეს კი დირიჟორის პოზიცია რეააბ აჰმედმა დაიკავა და გახდა პირველი მაესტრო საუდის არაბეთიდან, რომელმაც ეროვნულ ორკესტრს უდირიჟორა.
100 მუსიკოსის მოზაიკა
ის, რაც ამ პროექტს მნიშვნელოვანს ხდის, არა მხოლოდ მისი აკადემიური საფუძველი, არამედ მრავალფეროვნებაა ორკესტრის რიგებში. აქ ერთიან ჟღერადობას 100-ზე მეტი მუსიკოსი ქმნის – თითოეული მათგანი საკუთარი უნიკალური ისტორიით.
აქ ზოგმა სრულიად სხვა კარიერა მიატოვა, რათა მუსიკას გაჰყოლოდა. ანსამბლის წევრებს შორის არის ყოფილი კლინიკური ფსიქოლოგი, გაყიდვების კონსულტანტი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ციფრული ინჟინერი და სხვა. ორკესტრში მოსვლა კი მათთვის ცხოვრების შემცვლელი მომენტი იყო.
განსხვავდება მათი მუსიკალური გემოვნებაც. ზოგიერთ მათგანს კლასიკური მუსიკა უყვარს, ზოგს – არაბული, ნაწილი R&B-სკენ იხრება და ა.შ.
კულისებში თითოეული მუსიკოსი განსხვავებული ხასიათისა და სტილისაა, მაგრამ სცენაზე მათი განსხვავებები ერთ ხმად ერთიანდება. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ორკესტრისა და გუნდის უნიკალურ იდენტობას: ინდივიდუალური გემოვნება, რომელიც კოლექტიურ ეროვნულ ჟღერადობას ქმნის.
„ჩვენი მუსიკა ღირსებასა და დიდებას ატარებს”
ორკესტრსა და გუნდს არ აურჩევია არსებული დასავლური კლასიკის შესრულების მარტივი გზა. ნაცვლად, მათ რეპერტუარში საუდის არაბეთის მუსიკა შეიტანეს – ისეთი საკულტო ფიგურების სიმღერები, როგორებიც არიან მუჰამედ აბდუ და ტალალ მადაჰი, ასევე ხალხური ტრადიციები. ეს ყველაფერი კი აუდიტორიას თანამედროვე არანჟირებებით შესთავაზეს.
„საუდის არაბეთის მუსიკა ღირსებას, დიდებასა და პატივისცემას ატარებს,” – ამბობს მუსიკოსი იაზიდ ალ-აიდი. პროექტმა ეს შინაარსი შეინარჩუნა და ის კლასიკურ ჩარჩოში მოაქცია, რითაც მსოფლიოს მოასმენინა საუდის არაბეთის მუსიკა ისე, როგორც ამას თავად საუდელები აკეთებენ – არა იდენტობის შეცვლით, არამედ მისი ახალ აუდიტორიებზე გავრცელებით.
ნულიდან დაწყება
საუდელი სოპრანო რიმაზ ალ-ოქბი ერთდროულად განასახიერებს ორივეს – სიამაყესა და რეალიზმს. ბავშვობიდან ოპერის მომღერალმა კარგად იცის ახალი კულტურული ეპოქის პიონერობის გამოწვევები – განსაკუთრებით ქალებისთვის სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში.
„მცირე ასაკიდან მუსიკის სწავლამ განსხვავებული პერსპექტივა გამიხსნა და ის ნამდვილ პროფესიად დამანახა,” – ამბობს მუსიკოსი. „საუდის არაბეთში ჩვენ ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ ვაშენებთ ძლიერ ფუნდამენტს – გარემოს, სადაც მუსიკოსებს შეუძლლიათ იცხოვრონ ღირსეულად და ნათელი მომავლით. ეს ქალებისთვის უფრო ძნელია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, შესაძლებლობები ახლა ხელმისაწვდომია.
„კონცერტი, როგორც ზეიმი”
დამღლელი რეპეტიციებისა და აუდიტორიის აპლოდისმენტებისგან გამოწვეულ ემოციებს შორის დაუვიწყარი მოგონებები ჩნდება.
„საუკეთესო მომენტები, როგორც წესი, ბოლო დღეს არის, გამგზავრებამდე, როცა გუნდი და ორკესტრი ერთად იკრიბება და საბოლოოდ მთელ სურათს ვხედავთ,” – ამბობს ჰასან ალ-მაჰუზი. ანსამბლის ნაწილისთვის სიხარული მაშინ მოდის, როცა გუნდი რთულ ფრაზას იდეალურ უნისონში შეასრულებს. ზოგისთვის კი თავად საკონცერტო დღეა მთავარი დღესასწაული.
თუმცა ყველა თანხმდება, რომ კულმინაცია კონცერტის ბოლოს დგება, როცა მუსიკოსები სცენაზე აპლოდისმენტების ფონზე მაყურებელს თავს უკრავენ. გუნდის ერთ-ერთი წევრი ამბობს: „ყველაზე ლამაზი მომენტია, როცა სცენა მწვანედ ნათდება,” – საუდის არაბეთის დროშის ფრად, რომელიც როგორც ეროვნულ სიამაყეს, ასევე კოლექტიურ მიღწევას აღნიშნავს.
ერი, რომელიც საკუთარ ისტორიას მუსიკაში წერს
ვერსალის კონცერტზე საუდის არაბეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა: „კულტურა წამყვანი ძალაა მდგრადი განვითარების, მთავარი მექანიზმია ეკონომიკური და სოციალური ზრდის და შთაგონების წყაროა მომავალი თაობებისთვის, შექმნან უკეთესი სამყარო დიალოგით, სტაბილურობითა და სიმდიდრით სავსე.”
ვერსალის სასახლეში საუდის ეროვნული ორკესტრისა და გუნდის გამოსვლა უფრო მეტი იყო, ვიდრე კონცერტი. ეს იყო სიმბოლური განაცხადი, რომ საუდის არაბეთი თავის კულტურულ ისტორიას თავისი შვილების ხმებით წერს. ყოველი ნოტი ადასტურებდა საზოგადოების ტრანსფორმაციას, რომელიც ღიაა მომავლისთვის, საკუთარი ფესვების დავიწყების გარეშე.
როცა 100-ზე მეტი მუსიკოსი ერთ ხმად ერთიანდება, საზღვრები ინდივიდუალურსა და კოლექტიურს, წარსულსა და აწმყოს, ადგილობრივსა და გლობალურს შორის იშლება და ეს მომენტი აფიქსირებს საუდის არაბეთის ხედვის მთავარ არსს: ისტორია, რომელიც შიგნიდან იწყება, თავდაჯერებითა და შემოქმედებითობით მთელ მსოფლიოს ესაუბრება.

BILLBOARD ARABIA