ინტერვიუ Bad Bunny-სთან: პუერტო რიკოელი არტისტი თავის იდენტობაზე, სამსახიობო გამოცდილებაზე, რეზიდენტ ტურსა და მუსიკალურ პროექტებზე

Bad Bunny მსოფლიო სუპერვარსკვლავად იქცა. ის მომავალი Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერია.
Bad Bunny. 3 სექტემბერი, 2025 წელი.
ფოტო: Diwang Valdez, სტილისტი: Storm Pablo, გარეგნობაზე ზრუნვა: Gilbert Gonzalez, ფროდაქშენი: Sigfredo Bellaflores და Lauri Vega.

სან ხუანში გამართული 31 შოუსგან შემდგარი სერიის ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტზე, რომლის ბილეთებიც სრულად გაყიდული იყო, ემოციებით აღსავსე Bad Bunny უზარმაზარი ხელოვნური „მთის“ წინ იდგა – მის ფონზე იყო დეკორაცია, რომელიც მისივე სურვილით აიგო Coliseo de Puerto Rico José Miguel Agrelot-ის არენაზე. სწორედ ამ დროს არტისტმა მსმენელს სიყვარულის გზავნილი გადასცა.

„დააფასეთ ყოველი წუთი, ყოველი წამი, რაც ცხოვრებამ და ღმერთმა გვაჩუქა,“ – მიმართა მან 15 000 მსმენელისგან შემდგარ დარბაზს ემოცოური ხმით. „გმადლობთ, გმადლობთ. თქვენ, ვინც ერთ დღეს პუერტო რიკოდან წავიდა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და თქვენ, ვინც აქ რჩებით – მე არ მინდა წასვლა!“

„მე არ მინდა წასვლა“ – No Me Quiero Ir de Aquí – ასე დაარქვა Bad Bunny-მ თავის რეზიდენტ შოუს პუერტო რიკოში. ეს სახელწოდება უშუალოდ უკავშირდება მის ალბომს DeBÍ TiRAR Más FOToS, რომელიც ერთგვარი სიყვარულის გზავნილია პუერტო რიკოსა და კუნძულის მუსიკისადმი. ალბომის უკანა ყდაზეც Bad Bunny წერს: „ყველა პუერტო რიკოელს, მთელს მსოფლიოში.“

ალბომი 5  იანვარს გამოვიდა, „სამი მეფის დღის” წინა საღამოს, რომელიც კუნძულზე განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება. 11 ივლისს კი Bad Bunny-მ კონცერტების სერია დაიწყო და ის იქცა სიამაყის შეძახილად როგორც პუერტო რიკოელებისთვის, ისე მრავალეთნიკური გლობალური დიასპორისთვის, რომელმაც საკუთარი თავი Bad Bunny-ს ყველაზე ავთენტურ კომპოზიციებში ამოიცნო.

გამოშვებიდან სულ რაღაც ცხრა თვეში DeBÍ TiRAR Más FOToS-მა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. ალბომი ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard 200-ის ჩარტში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ალბომი პლენასა და სალსას მუსიკალურ სტილს ეძღვნება და როგორც თავად Bad Bunny ამბობს, „სიყვარულით შექმნილი ნამუშევარია, ნულოვანი კომერციული მოლოდინით.“ გლობალურად ალბომი უკვე ფენომენია: კულტურების გამაერთიანებელი, ცეკვის სტიმული, სიყვარულისა და ზეიმის გზავნილი. ყველაფერი მაინც მის კუნძულთან მიდის – ადგილთან, რომელსაც საოცარი ბუნებრივი სილამაზე აქვს და ამავდროულად, ეკონომიკური სირთულეების წინაშეა. ეს არის ადგილი, რომელსაც ის „სახლად“ მიიჩნევს და სადაც, მისი სიტყვებით, „ყოველთვის ბრუნდება.“

ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო (Bad Bunny-ს ნამდვილი სახელი) იქცა ყველაზე ცნობილ ელჩად პუერტო რიკოს ისტორიაში. 2026 წლის თებერვალში  ის ყველაზე დიდ სცენაზე ავა – სანტა კლარაში, კალიფორნიაში, Super Bowl LX-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერი იქნება.

ასობით ათასმა გულშემატკივარმა ახლა უკვე იცის განსხვავება პლენასა და სალსას შორის და მათ ასევე იციან, რომ Bad Bunny-ს ვიდეოებში ასაკოვანი კაცი 90 წლის პუერტო რიკოელი მსახიობი ხაკობო მორალესია. მსმენელების ამ ტალღამ პუერტო რიკოს მიაშურა, რათა ენახათ რეზიდენტ შოუ, რომელიც ივლისიდან სექტემბრამდე მიმდინარეობდა. იქ მათ ელოდათ ე.წ. „მარკესინას წვეულება“ (ეზოს წვეულება), რომლის დეკორაციად უზარმაზარი მთა და პატარა სახლი იყო აგებული ტიპური პუერტო რიკოელი უბნის სახლების სტილში. ამ შოუებს ლებრონ ჯეიმსიდან დაწყებული, ჯონ ჰემით დამთავრებული, უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ხოლო სცენაზე სტუმრის სტატუსით გამოდიოდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Young Miko, Arcángel, რიკი მარტინი, Rubén Blades და სხვები.

მათ შორის იყო მისი დიდი ხნის მეგობარი Residente (ნამდვილი სახელი: რენე პერეს ხოგლარი) – უშიშარი პუერტო რიკოელი რეპერი, რომელიც ცნობილია თავისი ტექსტებით და სოციალური განცხადებებით. Bad Bunny-ში მან მსგავსი, თუმცა უფრო რბილი ხასიათის თანამოზიარეც იპოვა. მათი მეგობრობა 2017 წლის დეკემბერში სან ხუანში, ერთობლივ ვახშამზე დაიწყო და მალე მუსიკალურ კოლაბორაციებად იქცა: 2019 წელს მათ გამოსცეს სინგლები „Bellacoso“ და „Afilando los Cuchillos“, რომელიც მთავრობის საწინააღმდეგო ტრეკია. გუბერნატორი როსელიო იმავე წელს გადადგა, მაგრამ მუსიკოსების მეგობრობა დღესაც გრძელდება. Residente-მ Bad Bunny-ს შოუზე ერთხელ სცენაც გაიყო, მეორე ჯერზე კი სტუმრად დაესწრო. მოგვიანებით, რეზიდენტ ტურის დასასრულს, მან მეგობარს Billboard-ის ინტერვიუერის ამპლუაში კითხვები დაუსვა. მათი დიალოგი, რომელიც Bad Bunny-ს Super Bowl-ის ჰედლაინერად დასახელებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა, მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიც არის ნოსტალგია, მუსიკა, კინო და რა თქმა უნდა, პუერტო რიკოთი სიამაყე.

Residente: მიხარია, რომ ახლა შენთან ინტერვიუს ვწერ. პირველ რიგში, მინდა გკითხო შენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ – როგორ გაჩნდა ამ კონცერტის კონცეფცია: მთა, პატარა სახლი, სივრცე, სადაც cuatrista (ტრადიციულ ოთხსიმიან საკრავზე შემსრულებელი) უკრავს… ეს ყველაფერი საიდან მოდის?

Bad Bunny: ჩემი მუშაობის სტილი ცოტა ქაოტურია, მაგრამ ჩემთვის ეფექტურია. ერთ იდეას ვიწყებ და გზაში სხვა რაღაცები მემატება, ბოლოს კი ყველაფერი ერთმანეთს ებმის. ამ შოუსთვის პირველი, რაც წარმოვიდგინე, იყო მთა. ფანტაზია მქონდა, თითქოს კუნძულის შუაგულიდან ამოჭრილი მთის ნაჭერი Coliseo-ს შუაში ჩამოაგდეს. მთაზე ბილბორდის დამონტაჟებაზეც ვიფიქრე – ირონიული მინიშნება, თითქოს ბუნებას რაღაც არღვევს. მერე მთის დიზაინზე მომუშავე გუნდმა შემოიტანა იდეები, მაგალითად ფლამბოიანის ხე და ბანანის მცენარეები. მიყვარს, როცა სხვები ისეთ რამეს მთავაზობენ, რაზეც მე არც მიფიქრია.

პატარა სახლის იდეა მოგვიანებით გაჩნდა. იცი, როგორ უხერხულია ხოლმე VIP ზონები – ვარსკვლავებით სავსე ცალკე სივრცე? მე მინდოდა ეს შემეცვალა და გამეხადა სახალისო, ინტერაქტიული და მაგარი. ამიტომ VIP გადაიქცა „B სცენად“. ეს არის სახლი ალბომიდან, ხაკობოს სახლი, თავისი სამზარეულოთი, დივნით, ყველაფრით. ეს იყო ნამდვილი ეზოს წვეულება. ხალხს შეეძლო, შოუს ნაწილი გამხდარიყო და მე მათთან ეს მომენტები გამეზიარებინა.

Residente: თუ „კასიტა“ ოცნების ეზოს წვეულებაა, ვინ იყო ისეთი, ვინც გინდოდა, იქ ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოვიდა?

Bad Bunny: ბავშვობაში ეზოს წვეულებებით გავიზარდე – შობა, დაბადების დღეები, საოჯახო შეკრებები… და აქაც სწორედ იგივე ატმოსფერო იყო. მაგალითად, გახსოვს, რა ენერგია შეიქმნა, როცა მოკრივე ფელიქს „ტიტო“ ტრინიდადი მოვიდა?  თითქოს მთელი ოჯახი ზეიმობდა. ტიტო თავის გუნდთან ერთად მოვიდა – მამასთან, შვილებთან, ძმებთან. ეს იყო ნამდვილი ოჯახური შეკრება.

ვისი ყოფნა მენდომებოდა ყველაზე მეტად? რეპერი ტეგო კალდერონის, უდავოდ. აუცილებელი არ იყო შემსრულებელის ამპლუაში მოსულიყო, უბრალოდ იქ ყოფილიყო, ამ ატმოსფეროში ჩართულიყო. და იქნებ დრეიკიც. ეს ძალიან გიჟური იქნებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, არასდროს ვიცოდი, ვინ გამოჩნდებოდა სახლში. ზოგჯერ თავადაც სიურპრიზების მოლოდინში ვიყავი. მაგრამ ყველაზე მეტად ის მიყვარდა, რომ ყველას ავიწყდებოდა, რომ ეს შოუ იყო  და უბრალოდ წამით ტკბებოდნენ.

Residente: როცა ამთავრებ სიმღერის – Lo Que Le Pasó a Hawaii შესრულებას (DeBÍ TiRAR MáS FOToS-დან), ეკრანზე გამოდის ფრაზა „No me quiero ir de aquí“ (მე აქედან წასვლა არ მინდა). შენ რას ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს პუერტო რიკოში, რომ ადამიანები აქ დარჩნენ და აღარ წავიდნენ?

Bad Bunny: ჩემი ალბომების გრძელ სათაურებს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. „No me quiero ir de aquí“ ეხება იმას, რომ არ მინდა პუერტო რიკოს დატოვება, არ მინდა სცენის დატოვება და არ მინდა ჩემი სახლის დატოვება. აქ ჩამოვიდნენ ადამიანები მთელი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან; ლათონოამერიკელები, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ. ეს ბევრ რამეს ამბობს ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთი ქვეყნის დატოვება უწევთ, ან არ სურთ წასვლა.

Residente: საინტერესოა, რა როლს თამაშობს წასვლისა და დაბრუნების იდეა? ეს მხოლოდ წასვლის შესახებ არ არის. ეს ყველაფერი ასევე ეხება მოგზაურობას, განვითარების პროცესს და შემდეგ დაბრუნებას, რომ შენს სახლში ცვლილებები გამოიწვიო.

Bad Bunny: ზუსტად. სხვა არის წასვლა განვითარებისათვის და სულ სხვაა წასვლა იმიტომ, რომ არჩევანი არ გაქვს.

Residente: ეს ასევე უკავშირდება კონცეფციას „Boricua en la Luna“ [პუერტო რიკოს მონატრების პოემა ხუან ანტონიო კორეტხერის ავტორობით, რომელიც როი ბრაუნმა სიმღერად გადააქცია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ფიზიკურად შორს არიან, ისინი მაინც აქ რჩებიან და ყოველთვის ინარჩუნებენ პუერტო რიკოულ ტრადიციებს, სადაც არ უნდა იყვნენ.

Bad Bunny: ჰო, ზუსტად. შოუს პირველ ვიზუალში ხაკობო ამბობს: „სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს არის სახლი. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის პუერტო რიკოელი ვიქნები.“ სწორედ აქ იწყება მნიშვნელობის სიღრმის აღქმა „No me quiero ir de aquí“ (მე აქედან წასვლა არ მინდა).

Residente: ხალხი ამბობს, რომ შენი რეზიდენტ შოუ ეკონომიკურად დაეხმარა პუერტო რიკოს, მაგრამ ფულს მიღმა კულტურული, შეუფასებელი ღირებულებაა, რაც შექმენი. რას ფიქრობ კუნძულის იდენტობაზე რეზიდენტ შოუს კულტურული გავლენის შესახებ?

Bad Bunny: ეს ისეთი რამ არის, რასაც ვერ იყიდი და ვერ მოიპოვებ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც გულს მიხარებს. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს გულით და კულტურული გავლენა ამის ბუნებრივი შედეგია. სხვადასხვა ასაკის ადამიანების დანახვა შოუზე მართლაც დაუვიწყარი იყო – ბავშვები, ზრდასრულები, ასაკოვანები, ზოგიერთი 80-90 წლისაც. ზოგი თავს კვლავ ახალგაზრდად გრძნობდა, ამაყობდა თავისი პუერტო რიკოელობით. ასეთი მარცვალი დათესა ამ რეზიდენტ შოუმ. ეს ხალხთან ყოველთვის დარჩება – ადგილობრივებთან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებთან.

Residente: კარგი, გადავიდეთ სხვა თემაზე: როცა DeBÍ TiRAR Más FOToS (“მეტი ფოტო უნდა გადამეღო”) გამოუშვი, თავი ცოტა დამნაშავედ ვიგრძენი, რომ რაღაც მომენტები [კადრებით] არ ავსახე.

Bad Bunny: ბევრი ფოტო ვერ გადავიღე, მაგრამ სიმღერის სათაურის მნიშვნელობა სიტყვა-სიტყვით არ უნდა გავიგოთ. ეს ეხება იმას, რომ ცხოვრობ მომენტში. ამიტომ ვსაუბრობ შოუში და ვურჩევ ხალხს, ტელეფონები დადონ და ფოტო მათ გულში გადაიღონ. სწორედ ის ფოტოა მნიშვნელოვანი.

Residente: დიახ, ზოგჯერ მომენტის დამახსოვრება უფრო დიდებული და ჯადოსნურია, ვიდრე ნებისმიერი ფოტო.

Bad Bunny: ზუსტად. არსებობს ბალანსი მომენტის აღბეჭდვასა და უბრალოდ მის გაცოცხლებას შორის. ახლახან  ვცადე ერთი ფანისთვის კოცნა გამეგზავნა, მაგრამ ვერ დაინახა, რადგან ტელეფონზე იყო ფოკუსირებული. მომენტი დაკარგა! იმედია, ვინმე სხვამ დაინახა და უთხრა.

Residente: შენ ითანამშრომლე გილბერტო სანტა როსასთან და რუბენ ბლეიდსთან ერთად. კიდევ რომელ სალსა არტისტთან გინდოდა სცენაზე გამოსვლა? და შეგიძლია, მითხრა შენი ტოპ ხუთი სალსა ლეგენდა?

Bad Bunny: ძალიან მინდოდა ვიქრო მანუელთან გამოსვლა. მივწერეთ, მაგრამ მისი გრაფიკი გადატვირთული იყო, ამიტომ ვერ გამოვიდა. ის იყო პირველი სალსა არტისტი, რომელთანაც კოლაბორაცია მქონდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი გზის ძიებაში ვიყავი და სწორედ მან გამიჩინა რწმენა.

რაც შეეხება ჩემს ტოპ ხუთეულს ცოცხლებიდან ან გარდაცვლილებიდან – ვიტყოდი ჰექტორ ლავოე, ფრენკი რუიზი, ჩეო ფელიციანო, ისმაელ რივერა, სელია კრუზი, ტიტო როჰასი. ასევე ტიტო როდრიგესი – მიყვარს მისი ხმა.

Residente: ალბომზე და რეზიდენტ შოუზე ახალგაზრდა მუსიკოსების ორკესტრი როგორ შეიკრა?

Bad Bunny: სიმღერაზე – „Baile Inolvidable“ იდეა მქონდა და ვიცოდი, რომ სწორი გუნდი მჭირდებოდა მისი განხორციელებისთვის. დიდ მომღერლებთან შემეძლო წასვლა, მაგრამ იდეები მქონდა და მჭირდებოდა ვინმე, ვინც ამ ყველაფერს სიცოცხლეს შესძენდა. შევხვდი Big Jay-ს (პროდიუსერი ჯეი ენტონი ნუნიეზი), რომელიც ბონგოს და კამპანას უკრავს და მან  გაგვიფორმა მუსიკა.

შემდეგ ვნახე ტიკ-ტოკზე ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი, ჯულიტო გასტონი ახალგაზრდა მუსიკოსების ორკესტრს ხელმძღვანელობს. მას საოცარი ენერგია ჰქონდა, mini-Roberto Roena-სავით [პუერტო რიკოელი სალსა მუსიკოსი]. ეს ძველი ვიდეო იყო, ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა მისი პოვნა. აღმოჩნდა, რომ ჯულიტო თავისუფალი იყო და საჭირო მუსიკოსები შეკრა. საინტერესოა, რომ ჯულიტოს მიერ შემოთავაზებული სახელები ემთხვეოდა Big Jay-ის იდეებს. ამ მუსიკოსებს ისეთი გრძნობა და ჟინი ჰქონდათ, რასაც ვეძებდი.

Residente: გიფიქრია მათთან სრული ალბომის გაკეთებაზე?

Bad Bunny: ეს სიურპრიზი იქნება, მაგრამ კი. აშკარაა, რომ აქ ყველაფერი არ დამთავრებულა.

Residente: არსებობს ისეთი სიმღერები შენს პროგრამაში, რომლებიც ემოციურად გეხება და გრძნობების კონტროლი გიწევს?

Bad Bunny: რა თქმა უნდა. ამას დღე და განწყობა განსაზღვრავს. პირველად, როცა La Mudanza შევასრულე, ძალიან მძაფრად შემეხო, რადგან ჩემს მშობლებზე ვსაუბრობდი და ვიცოდი, რომ დედაჩემი დარბაზში იყო. 

Residente: ახლა მინდა გესაუბრო მსახიობის კარიერაზე, რითაც ცოტა ხნის წინ დაკავდი. ჩემი გამოცდილებით, სცენაზე თამაში უფრო მეტი გულწრფელობის საშუალებას გაძლევს.

Bad Bunny: განსხვავებულია, მაგრამ როგორც გითხარი, სამსახიობო გამოცდილება ფრთხილად მინდა მივიღო. პატივისცემით ვარ განწყობილი, ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლე და გამოცდილება შევიძინე. ყოველთვის პატივს ვცემ ხელოვნებას და გარკვეულ ტექნიკებს ჩემს პროექტებშიც ვიყენებდი. ასევე მიყვარს ჭიდაობა. მისი ელემენტები მთელი კარიერის განმავლობაში გამოვიყენე.

მაგრამ სამსახიობო გამოცდილება ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ბოლო ფილმებში. ყოველთვის მიყვარდა კომედია. ეს ჟანრი ყველაზე მეტად მხიბლავს, ყოველთვის მიყვარდა ხალხის გაცინება. Happy Gilmore ჩემი ოცნება იყო. იმავე დროს ვმუშაობდი Caught Stealing-ზე, სადაც სრულიად განსხვავებული განწყობა იყო.

Residente: სეტზე ყოფნისას ფირზე უყურებ გადაღებულ მასალას თუ უბრალოდ, პროცესს ენდობი?

Bad Bunny: ჩემი მუსიკალური ვიდეოების შემთხვევაში ყოველთვის ვუყურებ გადაღებულ მასალას. მაგრამ ფილმებში ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე. Happy Gilmore-ში ადამ სენდლერი მთლიანად მენდო. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ ვიგრძენი, რომ საკმარისად მომწონდა საკუთარი თავისთვის შეხედვა. დარენ არონოფსკის შემთხვევაში, ვიცოდი, რომ თუ რამე შეცდომას დავუშვებდი, ის აუცილებლად მეტყოდა. ზოგჯერ გადაღებულ მასალას მაჩვენებდა და ამბობდა: „ეს შესანიშნავია“.

Residente: შენი შოუს სტუმრების სია ძალიან მოულოდნელი იყო, მაგალითად ლუის ფონსი Lo Que Le Pasó a Hawaii-ს მღეროდა. ჟანრების განსხვავების გამო ეს რთულად წარმოსადგენი იყო.

Bad Bunny: თავიდანვე ასეთი ხედვა იყო. მინდოდა, ყველას ეგრძნო, რომ ამ პროცესის ნაწილი იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა შენს მუსიკალურ გემოვნებას, პოლიტიკურ შეხედულებებს ან რამე სხვას. ეს შოუები ყველასთვის იყო. მინდოდა, ხალხს თავი მნიშვნელოვნად ეგრძნო და ეთქვა: „მე ამ პროცესის ნაწილი ვიყავი.“ მთელი კონცეფცია ერთმანეთის პატივისცემაზე, სიყვარულსა და ასევე ჩვენს სახლსა და კულტურაზე ზრუნვაზე იყო აგებული.

Residente: ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს პუერტო რიკოული შობის ზეიმი იყო. სითბოს და თანაზიარობის განცდით.

Bad Bunny: ნამდვილად. უკვე ვთქვი და ისევ ვიტყვი: ეს რეზიდენტ ტური იყო განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რაც ოდესმე მქონია. სიტყვა, რომელიც მახსენდება, არის „ჰარმონია“. 30 შოუდან არცერთი ვიდეო არ გავრცელებულა, სადაც ვინმე ჩხუბობს ან კამათობს. ყველამ უბრალოდ ისიამოვნა, იცეკვა და სიყვარული გამოხატა.

Residente: ახლა შენ კარიერის პიკზე ხარ. შემოქმედებითად როგორ ცდილობ, საკუთარ თავს აჯობო?

Bad Bunny: ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩემს საქმიანობაში: ვიფიქრო, რა იქნება შემდეგ. არ ვცდილობ „მაღალ საფეხურზე“ ასვლას. უბრალოდ მინდა, გულით შევქმნა და შემდეგ სამყარომ და ხალხმა გადაწყვიტოს, რა გამოვა.

ახლახან ვსაუბრობდით, როგორ ხდება, რომ არტისტები გარკვეულ ეტაპზე შედიან კრიზისში და ეს მაშინ ხდება, როცა ყველაფერს მიაღწევენ. მახსოვს საუბარი დედასთან. მან მითხრა: „არ შეშინდე. უბრალოდ ისიამოვნე.“ როცა ჩემი პირველი ჰიტი გამოვიდა, ვიფიქრე, რომ ეს იყო საბოლოო წარმატება. მერე გამოვუშვი Un Verano Sin Ti. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა რეკორდების მოხსნას ან ჩარტის პირველ პოზიციამდე მისვლას. მინდოდა მუსიკის შექმნა პუერტო რიკოსთვის. ეს პროექტი გამახსენებს, რომ საკუთარ ხედვას უნდა ენდო და გულიდან იმღერო.

Residente: როცა შემოქმედებითი ხარ,  წერ, კომპოზიციას ქმნი, რეჟისურას აკეთებ, ასრულებ – ეს მოტივაცია არასდროს ქრება. რაც აქ შექმენი, მართლაც განსაკუთრებულია. შენი ნამუშევრები რაღაც ახალს მასწავლის, მაძლევს ინსპირაციას. ეს ნამუშევრები მაგრძნობინებს თავს ამაყად, რომ პუერტო რიკოელი ვარ.

Bad Bunny: მადლობა. შენგან ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში ჯორჯ მაიკლის Father Figure-ის ინტერპოლაცია შევა

შემდეგი სტატია

როზესთვის გრემის მოგებაზე ფიქრიც კი ემოციურია: „ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

მსგავსი ბედი აქამდე მხოლოდ ორ არტისტს გაუზიარებია, მათ შორისაა ელტონ ჯონის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი ბრიტანული ექსპორტი.
მეტი

„შუქი მოვიდა – ო, რა კარგია”

„როდესაც თბილისში ვარ, თავს სხვანაირად ვგრძნობ. ეს განცდა ალბათ მხოლოდ მაშინ გიჩნდება, როცა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდი და მასზე სიზმრებსაც ხედავ.” - ფრედი პაიანი.
მეტი

თორნიკე ტაბატაძე – ქართველი არტისტი, Spotify-ზე მილიონობით სტრიმით

თორნიკე ტაბატაძე ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით – სასიმღერო, საორკესტრო, ამბიენტსა და ექსპერიმენტულ მუსიკაზე.
მეტი