ბრაიან ინოსა და ბიტი ვულფის სამი ემბიენტ ალბომის შექმნა, მიუხედავად ჩანაწერების უნიკალურობისა, მათი ჩვეულერივი, ყოველდღიური შემოქმედებითი პროცესი იყო.
ვულფი ველოსიპედით ლონდონის ბინიდან გამოდიოდა, პარკს გაივლიდა და ათი წუთის შემდეგ ბრაიან ინოს სტუდიაში მიდიოდა, სადაც არტისტები ერთად ქმნიდნენ მუსიკას გიტარაზე, რომელიც ინომ ჯერ კიდევ 1981 წელს შეიძინა. თუ სტუდიაში არ აღმოჩნდებოდა საჭირო ინსტრუმენტები, მუსიკოსები უახლოეს ლომბარდის მაღაზიაში მიდიოდნენ და იქ პოულობდნენ ახალ მუსიკალურ საკრავებს.
„პირადი თვითმფრინავი არ გვყოლია,“ – ამბობს ვულფი სიცილით.
ასე უბრალოდ, ყოველდღიური მუშაობიდან დაიბადა სამი ემბიენტ ალბომი: Lateral და Luminal ივნისში, ხოლო Liminal ახლახანს, 10 ოქტომბერს გამოვიდა. ყველა მათგანი Verve Records-ის მეშვეობით არის გამოცემული.
ეს პროექტი თავად არტისტებშიც იმდენად ღრმა ემოციებს იწვევს, რომ ინომ და ვულფმა სპეციალურად ჩამოწერეს ის შეგრძნებები, რომლებიც ალბომების შექმნისას განიცადეს. (მათ შორის არის ailyak – ბულგარული ტერმინი, რომელიც ნელა მოძრაობას და პროცესით ტკბობას გულისხმობს, feath, რომელიც სიმშვიდეს ნიშნავს და ilinx – რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც თამაშით გამოწვეული უცნაური აღტაცება.)
ჩვეულებრივი ინსტრუმენტებით რაიმე სიღრმისეული ნაშრომის შექმნა მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა. ბრაიან ინო ხაზს უსვამს, რომ სინამდვილეში მიზანი საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც პროცესმა ასეთი შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო.
„როცა სტუდიაში მარტო ვმუშაობ, ეს არის აბსოლუტური სპონტანურობისა და შემთხვევითობის ნაზავი, უბრალოდ შევდივარ და ვფიქრობ, “ჯობია, რაღაც დავიწყო, ბოლოს და ბოლოს ეს სტუდია მაქვს.” შემდეგ კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმ მომენტს, როცა რაღაც იწყება ,“ – ამბობს მუსიკოსი.
„გარკვეულწილად, ეს მიზნის არქონაზეა დამოკიდებული და აღმოვაჩინე, რომ ძალიან რთულია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებსაც შეუძლიათ ასე მუშაობა… მე და ბიტი ძალიან მშვიდად ვგრძნობდით თავს, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს ერთნაირი შემოქმედებითი მიდგომა გვქონდა.“
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამ მიდგომას იზიარებს: „შემოქმედება მხოლოდ შემოქმედებისთვის,“ მათი კარიერა იმ ამბიციებით განისაზღვრება, რომლებიც მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, მეცნიერებას და სხვა სფეროებს აკავშირებს. ინო გამოჩენილი აქტივისტი, არტისტი და პროდიუსერია, რომელიც მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან დევიდ ბოუი და U2, ამ ყოველივემ კი თანამედროვე პოპისა და როკ მუსიკის ხმის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ბიტი ვულფი მულტიმედია არტისტია, რომლის ნამუშევრები კლიმატს, მუსიკის გავლენას დემენციაზე და ბევრ სხვა თემას მოიცავს. შესაბამისად, სიმბოლურადაც და წარმოსახვითაც მართებულია, რომ ორი ადამიანი, რომელთაც ინსრუმენტები ლომბარდის მაღაზიებიდან შეაგროვეს, ახლა სწორედ ამ მუსიკას კოსმოსში გაუშვებენ.
15 ოქტომბერს ბიტი ვულფი და ბრაიან ინო ალბომ Liminal-ს მთლიანად კოსმოსში გადასცემენ. არტისტები Holmdel Horn Antenna-ს 50 ფუტიან დანადგარს იყენებენ, რომელმაც 1964 წელს დიდი აფეთქების დამადასტურებელი ფაქტები აჩვენა.
„ჩვენთვის ეს მუსიკა ახალი ტერიტორიების კვლევას, იმ სამყაროს წარმოდგენას ჰგავს, სადაც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. ამიტომ, სიმბოლურად სწორად მიგვაჩნია, რომ ეს მუსიკა გაურკვეველ, ბნელ მატერიაში გადავცეთ.“ – ამბობს ინო.
კამპანიის წყალობით, ტერიტორია, სადაც დოქტორ რობერტ უილსონის პატივსაცემად შემდეგ პარკი გაშენდა, 2023 წელს დეველოპერებისაგან იხსნეს და Horn Antenna ახლა ამერიკის ერთ-ერთი უახლეს პარკში, 35 ჰექტარზეა გაშენებული, თავად უილსონიმა კი 1978 წელს კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივების აღმოჩენაში მონაწილეობისთვის ნობელის პრემია მიიღო. მუსიკასთან ერთად, ეს ყველაფერი თავბრუდამხვევი რამ არის, რომელიც როგორც შიდა ლანდშაფტის ყველაზე ინტიმურ ნაწილებს, ასევე სამყაროს ყველაზე შორეულ სფეროებსაც იკვლევს.
„ხელოვნების და ტექნოლოგიის ეს ექსპერიმენტი მეცნიერებისა და არტისტების: ჯონ კეიჯის, რობერტ რასჩენბერგის, ენდი უორჰოლის თანამშრომლობის გრძელ ისტორიას აგრძელებს, რათა სფეროები გააერთიანოს და ცოდნა გააზიაროს,“ – ამბობს ბიტი ვულფი.
კოსმოსური ტრანსლაცია უფრო მეტ შემაერთებელ ქსოვილს ქმნის, რომელიც ინოსა და ვულფის ნამუშევრებსა და კარიერას აკავშირებს. არტისტები ერთმანეთს EarthPercent-ის მეშვეობით შეხვდნენ, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ინომ 2021 წელს დააარსა და რომელიც მუსიკოსების შემოსავლიდან შემოწირულ თანხას გარემოსდაცვითი მიზნებისთვის მოიხმარს. არტისტები თავდაპირველად ერთმანეთს Zoom-ის საშუალებით დაუკავშირდნენ, შემდეგ კი SXSW 2022-ზე, სადაც ისაუბრეს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას კლიმატურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ბიტი ვულფის თქმით, „ძალიან ბუნებრივი კავშირის“ წყალობით, ისინი მოგვიანებით სტუდიაში შეიკრიბნენ.
„დასაწყისში უბრალოდ ვთამაშობდით პროგრამებთან და იმ ძალიან მოწყენილ, შელახულ უკულელესთან, რომელსაც ინოს სტუდიაში ალბათ არავინ მოსიყვარულებია” – ამბობს ხუმრობით ბიტი ვულფი და ამატებს: “სრულიად სპონტანურად ორი მუსიკალური ნაწარმოები შევქმენით, და ეს მართლაც სახალისო იყო.”
ასეთი განწყობით, საბოლო ჯამში, არტისტებმა 450 მუსიკალური ნაწარმოები შექმნეს.
„ვფიქრობ, მომავალში საკუთარ გზას ვიპოვით, თუ გვექნება უნარი, საგნების მიმართ ემოციური კავშირები გვქონდეს“, ამბობს ინო, რომელიც Zoom-ის საშუალებით, ვულფის მსგავსად, თბილი, მხიარული და ღრმად ჩაფიქრებულია. „ხელოვნებაში შეგიძლია, უამრავი რამ იგრძნო და ამით არ დაზიანდე, რადგან მათი გათიშვა შენს ხელშია. ხელოვნების საშუალებით შეგიძლია, საკუთარ თავს ახალი გრძნობების განცდის საშუალება მისცე. ასე რომ, ხელოვნება გრძნობების შექმნის საშუალებაა, მაგრამ ასევე საშუალებას გაძლევს, ეს გრძნობები საჯარო გახადო და სხვა ადამიანებთან ერთადაც განიხილო.”
რა თქმა უნდა, თავად მუსიკა არ ეუბნება ვინმეს, თუ როგორ უნდა იგრძნო იგი, ის უბრალოდ სივრცეს გვაძლევს, სადაც შესაძლოა რაღაც განიცადო. თუმცა სამი ალბომის ნაზი, სივრცითი, ერთდროულად მარტივი და მრავალშრიანი ნაწარმოებების გათვალისწინებით, მსმენელს შეუძლია, მუსიკა ერთგვარ ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებად აღიქვას ამ ხმაურიან სამყაროში.
„ძალიან ბევრი ინფორმაცია ცდილობს მუდმივი ხმაური ატეხოს,“ – ამბობს ვულფი. „ამიტომ ეს ინფორმაცია ხდება უფრო კონცენტრირებული, ხმამაღალი, მწვავე და საბოლოოდ სტრესული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც იყოს მშვიდი, თუმცა მშვიდთან ერთად ამავდროულად მაინც მოცულობითი.“
“ხშირად ვმოქმედებთ ბრძოლა-გაქცევის რეჟიმში, რადგან იმდენად გაღიზიანებულები ვართ, შემდეგ რაღაც შოკისმომგვრელი გვჭირდება, რაც რეაქციას გამოიწვევს. მე კი ვფირობ, საპირისპიროს გაკეთება ასეთ დროს რევოლუციურია.”
„ჩვენ მსოფლიოს ყველაზე დიდი ინდუსტრიის, რეკლამის კონტექსტში ვართ, რომელიც ცდილობს, გაიძულოთ, რა უნდა გიყვარდეთ ან მოგწონდეთ. ასევე ვართ კორპორატიული პოლიტიკის ინდუსტრიაში, რასაც მე თანამედროვე დემოკრატიას ვუწოდებ, რომელიც გეუბნება, ვის უნდა დაუჭირო მხარი, ვის უნდა აჩვენო ლოიალობა, რას უნდა აკეთებდნენ. მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას… მე ვფიქრობ, ხელოვნება ერთ-ერთი ძირითადი გზაა იმის სათქმელად, რომ გაჩერდე და დაფიქრდე, თუ რა გეხება შენ ნამდვილად, რის მიმართ გინდა იყო მგრძნობიარე .” – ამბობს ბრაიან ინო.
“უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ დამშვიდდით, გთხოვთ! გთხოვთ! ამიტომაც, როცა ნიუ-იორკის ხმაურიან რესტორანში შევდივარ, მინდა ბრძანება გამოვცე და ვთქვა: გთხოვთ, ყველამ დაიცავით სიჩუმე.”
Luminal, Lateral და Liminal მხარს უჭერენ ამ საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას და ამ გზით მუსიკას აფართოვებენ იმ ხელოვნებით, მეცნიერებით, ემოციებითა და ინტელექტუალური ეკოსისტემებით, რომელიც თითოეული არტისტის ნამუშევარში იგრძნობა. ამგვარად, კოსმოსური ტრანსლირება შესაფერისი კომპონენტია, რადგან ის მუსიკას მეცნიერებასთან, აქტივიზმთან, ბუნებასთან და დიდ ამოუცნობ არსთან აერთიანებს.
„ნევროლოგმა ოლივერ საკსმა თქვა, რომ არსებობს ორი რამ, რაც ნამდვილად უნდა დავიცვათ, რათა ვიყოთ გონიერი არსებები ამ პლანეტაზე და ესენია ხელოვნება და ბუნება“, – ამბობს ვულფი. „ეს არის ორი რამ, რაც გვაცოცხლებს შინაგანად. სწორედ ამაზე ვფიქრობ ყოველთვის, როცა მინდა ადამიანებს შევახსენო ხელოვნებისა და ბუნების ღირებულება, რომელიც ასე აშკარად ჩანს, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი სწრაფი განვითარების პროცესში დაიკარგა“.
ამ მიზეზით, ალბომები და კოსმოსში ტრანსლირება ლოგიკურად ჯდება თითოეული არტისტის მცდელობებში, დაიცვან პლანეტა და გამოაღვიძონ კაცობრიობა, რათა დაანახონ მათ, რომ მსოფლიოს ბედზე ჩვენი ქმედებები მნიშვნელოვანად ისახება. ახალი მუსიკის მეშვეობით ეს წახალისება ერთგვარი იმედის მომცემი აქტია, რომელიც რბილი სინთეზატორებით შესრულებულ გამაერთიანებელ მოწოდებად იქცევა.
„ვფიქრობ, ჩვენ ისტორიის უდიდეს სოციალურ მოძრაობაში ვართ. მოძრაობაში, რომელიც მოგვიწოდებს – გაჩერდით, ჩვენ ამ პლანეტის ნაწილი ვართ; ერთმანეთის ნაწილი ვართ; ყველა სხვა არსების ნაწილი ვართ, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ჩვენ არ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. უბრალოდ ჩვენ უფრო მეტ ყურადრებას ვამახვილებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მესიჯი გავიგოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე არტისტი ამჟამად ძალიან დაკავებულია, ბრაიანი ინო 11 ოქტომბერს ლონდონში რამდენიმეათასი ადამიანის წინაშე პრო-პალესტინური მსვლელობის დროს მხარდამჭერი სიტყვით წარდგა. იგი ამჟამად ბეტე ადრიანსესთან ერთად მუშაობს წიგნზე – „რას აკეთებს ხელოვნება: დაუმთავრებელი თეორია“, ხოლო ბიტი ვულფი საკუთარ მრავალფეროვან პროექტებს განაგრძობს. არტისტები კიდევ ერთ კოლაბორაციულ პროექტზე მუშაობენ.
„ვფიქრობ, ასეთი ხელოვნება გიქმნის სურვილს, რომ იყო მშვიდი და ბედნიერი იმით, რაც გაქვს. ის არ გეუბნება, რომ სხვა ცხოვრება გქონდეს, რომ სხვანაირი უნდა იყო. გეუბნება, რომ გაჩერდე, დაინახო, სად ხარ, რას გრძნობ, მიიღო ის ემოციები, რაც გიჩნდება. არ მინდა, ვუთხრა ხალხს, რა არ უნდა აკეთონ. ინო ხალხს არჩევანის საშუალებას აძლევს, ინსტრუქციების ნაცვლად: „აი, გრძნობების ასეთი ნაკრები შეგიძლია განიცადო. რას ფიქრობ მათზე?“ თუ არ მოგწონს, რაღაცას სწავლობ. თუ მოგწონს, შეიძლება ცოტა შეცვალო შენი ცხოვრება, რომ უფრო მეტი ასეთი გრძნობა გქონდეს.”
მსოფლიოში, რომელიც მუდამ მეტის გაკეთებასა და მეტად მონდომებას გვავალებს, ეს მუსიკა გვახსენებს, რომ ჩვეულებრივი, მარტივი ნივთებით სიამოვნებაც ნორმალურია. შეგიძლია, მეგობართან ერთად ველოსიპედით პარკში ისეირნო, ან ხანდახან ვარსკვლავებს უყურო, ესეც სრულებით საკმარისია.