„14 ოქტომბერს მუსიკალურ ვუნდერკინდად აღიარებული არტისტი D’Angelo გარდაიცვალა. მას აქტიურად იხსენებენ ინდუსტრიის წარმომადგენლები და ნაცნობები. მათ შორის არის კარენ ტეილორ ბასი, რომელიც D’Angelo-ს სადებიუტო ალბომის – Brown Sugar-ის საკომუნიკაციო კამპანიის გუნდის წევრი იყო. მან საკუთარი თვალით იხილა მუსიკოსის შემოქმედებითი ტრაექტორია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მუსიკაზე. ბასი – აღიარებული მედია სტრატეგიის სპეციალისტია, რომელმაც კარიერა იოგის სერტიფიცირებული ინსტრუქტორის ამპლუაში გააგრძელა. ის D’Angelo-ს იხსენებს – ადამიანს, რომელსაც უბრალოდ იმ მუსიკის დაკვრა უნდოდა, რომელიც თავად უყვარდა. კარენ ტეილორ ბასი იმასაც ეხება, თუ როგორ ვერ გაუგო მას ინდუსტრიამ.
“D’Angelo გავიცანი, როცა დაახლოებით 19 წლის იყო. მე პიარის სპეციალისტი ვიყავი და პირველ მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებდი. ეს პროექტი A&R-ის ვიცე-პრეზიდენტისთვის, გარი ჰარისისთვის პრიორიტეტი იყო. სწორედ მან მოაწერა ხელი D’Angelo-ს EMI Music-თან კონტრაქტს. მაშინ უკვე ორი წელი იყო გასული, რაც EMI-ში ვმუშაობდი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებული იყო გარი. ერთხელაც, იმ პერიოდში, როცა D’Angelo ჯერ კიდევ პირველ ალბომზე მუშაობდა, გარიმ თქვა: „მინდა გაგაცნო ვიღაც განსაკუთრებული.“ ისეთი ენერგიით სავსე იყო ეს მუსიკა, რომ წლების განმავლობაში მსგავსი არაფერი მომესმინა. ლეიბლის შეხვედრებზე მას ასე აღწერდნენ: „ბიჭი, რომელიც ყველაფერს შეცვლის, შემდეგი დიდი საქმე.“
სწორედ მაშინ შეიქმნა პროექტის მთავარი გუნდი: გარი და მე, გარი ბიჩი (პროექტმენეჯერი), დეივ როსასი (რადიო) და ერიკ ტერნერი (გაყიდვები). გარდა გარი ჰარისისა, ჩვენ შორის არავინ იცნობდა D’Angelo-ს. ის იყო პასტორის შვილი და მღეროდა დედამისის ეკლესიაში. ჩვენი გუნდი რიჩმონდში, ვირჯინიაში ჩავიდა, მის მშობლიურ ქალაქში. იქ გავიცანით ის, მისი დედა და მამა, ასევე მისი ძმები – ლუთერი და როდნი. მის სკოლასაც ვესტუმრეთ, სადაც წინა წელს ტალანტების კონკურსი მოეგო. მასწავლებლებს და მუსიკის პედაგოგს ვესაუბრეთ, რათა უკეთ გაგვეგო, ვინ იყო D’Angelo.
რიჩმონდში სამი-ოთხი დღე გავატარეთ. როცა მანქანით ქალაქში გვატარებდა, გვაჩვენებდა ადგილებს, სადაც გაიზარდა. გვანახა ადგილობრივი მაღაზიაც, სადაც სოულის კლასიკურ ჩანაწერებს ყიდულობდა. მოგვიანებით, ის და მისი ბიძაშვილები მოულოდნელად გამოჩნდნენ იმავე სკოლის ტალანტების შოუზე და მუსიკალური ნომერიც შეასრულეს. ჩვენ კი ვფიქრობდით: „ღმერთო ჩემო, მართლაც ძალიან დიდი ვარსკვლავი გამოვა.“ თან ამ ყველაფერს ვისმენდი, ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი და ვაწყობდი კამპანიის მთლიან სტრუქტურას. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა: საუბარი, მოსმენა, დაკვირვება, ერთად სიცილი და ჩემი მცდელობა, გამეგო მისი ბნელი მხარე.
ის ხშირად ჩამოჯდებოდა ჩემს ოფისში და მე ვეუბნებოდი: „მინდა, შენი იდეები მოვისმინო” და ის ძალიან გარკვევით ამბობდა: „მინდა ვიყო, როგორიც იყო Prince. ვგულისხმობ იმას, რომ ყველაფერი არ მინდა ვაკეთო. მინდა მქონდეს მისტიკა. არ მომწონს ზედმეტი გადატვირთვა. მუსიკაზე მინდა ფოკუსირება. მე სოულ-არტისტი ვარ. მეზიზღება ტერმინი – ნეო-სოული. უბრალოდ იმ მუსიკის დაკვრა მინდა, რასაც ვგრძნობ.“
თუ D’Angelo-ს შეხვდებოდით და ერთი საათით მაინც ესაუბრებოდით, აუცილებლად ახსენებდა მარვინ გეის. უამრავი მომღერლით იყო შთაგონებული, მაგრამ ყოველთვის მარვინს უბრუნდებოდა.
D’Angelo იყო მხიარული და უყვარდა ბუნებრიობა – იმდენად, რომ ქალებზეც კი არ მოსწონდა ფერადი მანიკური. როცა აღტაცებული იყო, ტუჩებს ილოკავდა და დაამატებდა: „გესმის, რასაც ვამბობ? მე ვიცი, შენ რასაც ამბობ“. ასევე ძალიან უყვარდა დამოუკიდებლობა – მაშინ, როცა ბევრი არტისტი მანქანის მომსახურებას ამჯობინებდა, ის თვითონ მართავდა მანქანას, რათა თავისი დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა.
ალბომ Brown Sugar-ის პრესკამპანია და ფოტოსესიები მასთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით კეთდებოდა. მისთვის პრიორიტეტი იყო შავი პრესა: „გამორიცხულია, მე შავი პრესის გარეშე რამე გავაკეთო, რადგან ის არის ჩემი საფუძველი. მე ვარ შავკანიანი არტისტი.“ ამიტომ, სანამ მთავარ მედიას მივმართავდით, შავი პრესა სრულად ავითვისეთ.
D საკუთარ სხეულში კომფორტულად იყო. ვერ ვიტყვი, რომ მსუქანი იყო, მაგრამ ცოტა მასა მაინც ჰქონდა და ეს მისი სტილი იყო. შემდგომ, პოპულარობის მატებასთან ერთად, მენეჯერებმა და ლეიბლმა ტრენერი მიუჩინეს. ეს და ძალიან ბევრი რამ მასზე გავლენას ახდენდა. სექს-სიმბოლოდ ყოფნა არ უყვარდა. მისი საქმე მუსიკა იყო და არა ფიზიკური იმიჯი.
პრესასთან კომუნიკაციის დღეები ძალიან რთული იყო, რადგან არ უყვარდა ინტერვიუები. საათობით ლაპარაკი უწევდა, დილიდან საღამომდე. წარმოიდგინეთ მუსიკოსი, რომელსაც ამდენხნიანი კომუნიკაცია აქვს პრესასთან. თან გადაბმულად ეწეოდა – იწყებდა სიგარეტით და ამთავრებდა მარიხუანით. მაშინ TMZ ან სოციალური მედია არ არსებობდა. ჟურნალისტები ბედნიერები იყვნენ, რომ მასთან პირისპირ სხდებოდნენ. ამიტომ არავინ წერდა: „D’Angelo ეწევა“ ან „D’Angelo მარიხუანას მოიხმარს.“ ჩვენ ვიცავდით მას, რადგან მისი გვესმოდა. მახსოვს, ერთხელ ვუთხარი: „ინტერვიუების დროს უნდა შეწყვიტო მოწევა.“
მას ასევე ძალიან უყვარდა არტისტი ერნი ბარნსი. Brown Sugar-ის ვიდეო რომ ნახოთ, სწორედ ამიტომ ჰგავს დახატულ ტილოს: სითხეები, კვამლი, ტონალობები – ეს D-ის სურვილი იყო. ჩვენ კი ზუსტად იმ ავთენტურობის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით. თუმცა ვიდეოების გადაღება არ უყვარდა, საერთოდაც, არ უყვარდა, როცა ყურადღება მკვეთრად მასზე იყო გამახვილებული.
ალბომის რელიზის წვეულებისთვის ვიფიქრე: „რატომ არ მოვიწვიოთ ყველა გავლენიანი ცნობილი ადამიანი, თუნდაც არ ვიცნობდეთ, რომ უბრალოდ მოვიდნენ იმ ხმაურის გამო, რომელიც უკვე შევქმენით?“
და მოვიდნენ კიდეც: მადონა, Prince, მარტინ სკორსეზე… სრული სიგიჟე იყო. D’Angelo კი საკუთარ წვეულებაზე ვერ შედიოდა. მაგრამ სწორედ იქ დაიწყო ყველაფერი – როგორც მისთვის, ისე ჩემთვის. იმ საღამოს შემდეგ, Page Six-თან შეხვედრების შესაძლებლობაც მომეცა, რომ მის შესახებ ეწერათ. Armani-ს წარმომადგენლებიც დამიკავშირდნენ და თქვეს, რომ მისი პირველი ტურის დაფინანსება სურდათ.
D’Angelo-სთან ვიმუშავე ალბომის რელიზამდე ერთი წელი და მისი გამოსვლიდან შვიდი თვე. შემდეგ EMI დავტოვე და East West-ში გადავედი, რადგან სილვია როუნთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. როცა ეს გაიგო, ჩემს ოფისში მოვიდა და მთხოვა, არ წავსულიყავი. „ყველაფერი სხვანაირად იქნება, ინტერვიუებზე და სესიებზე დროულად მოვალ,” – მითხრა მან.
ვიცოდი, რომ რთული პერიოდი იქნებოდა. ძალიან მიყვარდა – როგორც არტისტიც და როგორც ადამიანიც. EMI-ს შემდეგ პერიოდულად ვხვდებოდი. სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ღამის პირველ საათზე ბარ Six-ში შემოსულიყო, ჩამომჯდარიყო და დიჯეის სოულის კლასიკურ მუსიკაზე გართობა გაეგრძელებინა.
მასთან ბოლო საუბარი 2024 წლის ოქტომბერს მქონდა. ჩემი იოგის კლიენტის, დაიანა უილიამსის ზარზე თავადაც ჩაერთო. დაიანა მისი მედია-ქოუჩიც იყო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტკივილი აწუხებდა და ვუთხარი, რომ იოგა, შესაძლოა, დახმარებოდა. ვხუმრობდით კიდევაც, როცა მას ჩემს იოგის ხალიჩაზე წარმოვიდგენდი. ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამ მდგომარეობის სიმძიმის შესახებ მხოლოდ გასულ აგვისტოს გავიგე, როცა მითხრეს, რომ ძალიან ცუდად იყო.
Brown Sugar-ს 30 წელი შეუსრულდა. D’Angelo-ს სურდა, რომ ის შავი, დაუმუშავებელი, ძლიერი და სიღრმისეულად სოულის ჟანრის ნამუშევარი ყოფილიყო.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და საიდან მოდიხარ – მისი მემკვიდრეობა ბობ მარლის მსგავსია: უნივერსალური. ის იყო შავი, სოულური, ახალგაზრდა და წერდა იმას, რასაც იმ წამს გრძნობდა. საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც უბრალოდ ნამდვილი მუსიკოსობა უნდოდა. უყვარდა თავისი ხალხი. უყვარდა შავი მუსიკა და უყვარდა შავკანიანი ქალები.
სამყაროში, სადაც ხშირად გვავიწყდება შავკანიანი ქალების როლი, ყოველთვის ზრუნავდა, რომ ისინი სწორად, ღირსეულად ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. მაშინაც კი, როცა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არ იყო, მისი სიკეთე და გულწრფელობა ყოველთვის იგრძნობოდა. ამიტომ ეხება მისი მუსიკა ყველას. ეს მისი ცხოვრების საუნდტრეკია. ის უბრალოდ თავის თავს თამაშობდა. მაშინ არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს, ახლა კი ვხვდები. მასზე ზეწოლა ეკლესიიდანაც მოდიოდა. სწორედ ამიტომ ეხებოდა მარვინ გეის ტკივილი ასე ღრმად – ორივე პასტორის შვილი იყო და ერთნაირი წნეხის ქვეშ ცხოვრობდნენ.
D-ს განმარტოება სჭირდებოდა. არ სჭირდებოდა „გამოძერწილი“ სხეული, ჩვენ კი შევბოჭეთ. ვერ მოვუსმინეთ, ვერ მივხვდით, რა არის დეპრესია და როგორ უნდა მისცე არტისტს სივრცე. ახლა ვნანობ, რომ მაშინ იოგასა და მედიტაციას არ ვიცნობდი. ახლა მეტი გამეგება და მეტად დავეხმარებოდი მას.” – გეილ მიტჩელი.