ბრიტანული მუსიკისთვის 2025 განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა. მაშინ, როცა Olivia Dean, Yungblud, Lola Young და RAYE ამერიკულ ჩარტებს იპყრობდნენ, Oasis კი წლის ყველაზე მასშტაბურ ტურნეს ატარებდა, Radiohead სცენაზე დაბრუნდა. ბენდს ახალი ალბომი არ გამოუცია – მხოლოდ ევროპის დიდ ქალაქებში გამართული კონცერტებით და მუდმივად ცვალებადი სეტლისტით წარდგა მსმენელის წინაშე. ამ მასშტაბის ჯგუფი ასეთ შეუმჩნეველ, თითქმის მინიმალისტურ ფორმას იშვიათად ირჩევს.
მიუხედავად ამისა, 2025 Radiohead-ისთვის მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისინი მიუბრუნდნენ საკუთარ 2003 წლის ალბომს Hail to the Thief და Royal Shakespeare Company-სთან ერთად ჰამლეტის ახალ დადგმაზე იმუშავეს. პარალელურად, OK Computer-ის ნაკლებად პოპულარული ტრეკი „Let Down“ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და Billboard Hot 100-ში პირველად მოხვდა. ამ ყველაფრის ფონზე, ჯგუფის Spotify-ს თვიური მსმენელი უკვე 44 მილიონს აჭარბებს, რაც ბევრ ბრიტანულ ლეგენდას – Oasis-ს, Rolling Stones-ს, The Beatles-ს უკან ტოვებს.
ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ჯგუფი ფაქტობრივად აღარსად ჩანდა. A Moon Shaped Pool 2016-ში გამოვიდა და ალბომის მხარდამჭერი ტურნე 2018-ში დასრულდა. ტომ იორკმა The Times-ს უთხრა, რომ კონცერტები დროებით შეწყვიტეს, თუმცა შემოქმედებითი ენერგია არ განელებულა. მოგვიანებით ჯგუფის თითოეულმა წევრმა პერსონალურ პროექტებში ჩადო თავისი რესურსი – ყველაზე თვალსაჩინო იყო იორკისა და ჯონი გრინვუდის პროექტი – The Smile.
შარშან Radiohead-ის დაბრუნების შესახებ ხმები აქტიურად გავრცელდა. ბასისტმა კოლინ გრინვუდმა შემთხვევით გააჟღერა, რომ ჯგუფი ძველი მასალის გადასარჩევად შეიკრიბა. ამის შემდეგ მასშტაბური ტურნეს მოლოდინიც გაჩნდა. საბოლოოდ, სექტემბერში ოფიციალურად გამოცხადდა ლიმიტირებული ტური – მადრიდი, ბოლონია, ლონდონი, კოპენჰაგენი და ბერლინი. განაცხადეს, რომ 70 სიმღერა ჰქონდათ შერჩეული.
პირველი შოუები უკვე ტრიუმფად მიიჩნევა – ჯგუფი საკუთარ დისკოგრაფიას დაუბრუნდა ისე, რომ ახალი მასალის წარდგენის აუცილებლობა არ ჰქონია. დაბრუნება ისეთივე გამოცანებით და მრვალფეროვნებით სავსე აღმოჩნდა, როგორიც მათი ალბომებია. Billboard-ი ლონდონში ჯგუფის პირველ ბრიტანულ კონცერტს რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაესწრო. მთავარი მომენტები კი ასეთია:
სცენა აუდიტორიის ცენტრში – ახალი ძველი ფორმატი
ე.წ. In the round ფორმატი მუსიკაში იშვიათად გამოიყენება, თუმცა Radiohead-ისთვის ამან იდეალურად იმუშავა. ჯგუფის თითოეული წევრი ეფექტურად ჩანდა. ბენდი O2 Arena-ზე შეკრებილ 20-ათასიან აუდიტორიასთან ასე ახლოს პირველად გამოვიდა. „Idioteque” და „15 Step“ განსაკუთრებულად ენერგიული აღმოჩნდა.
„Fitter Happier“ – განწყობის შემქმნელი კომპოზიცია
შესასვლელ სივრცეში დაკიდებული ბანერი, რომელზეც „Fitter Happier“-ის ტექსტი ეწერა, კონცერტზე თავისებურ ატმოსფეროს ქმნიდა. ამ განწყობას OK Computer-ის ხუთი ტრეკი აძლიერებდა, მათ შორის „Paranoid Android“, „Karma Police“ და „No Surprises“. პოლიტიკისა და ტექნოლოგიების მიმართ მათი ირონია დღესაც იგივე სიმწვავით მოქმედებს.
„Weird Fishes“ – საღამოს ემოციური კულმინაცია
Radiohead-ს არასდროს ჰქონია ერთი „მთავარი“ სიმღერა, თუმცა „Weird Fishes/Arpeggi“ (In Rainbows) მრავალი მსმენელისთვის სწორედ ასეთი გახდა. მისი მშვიდი, სუფთა, ემოციური ჰარმონია და ედ ო’ბრაიენის ბექვოკალი დარბაზში ერთიან ემოციურ ტალღად იქცა. ეს იყო საღამოს ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი.
Kid A – 25 წლის წინანდელი ექსპერიმენტი
Kid A დღესაც ისეთივე არაპროგნოზირებადი და ინოვაციურია, როგორც გამოსვლისას. მისმა რადიკალურმა ელექტრონულმა მიმართულებამ თავის დროზე მსმენელი ორ ნაწილად გაყო, მაგრამ კონცერტზე შესრულებულმა ტრეკებმა – „Idioteque“, „Everything in Its Right Place“ და „The National Anthem“ – კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ნაბიჯი საჭირო იყო.
Hail to the Thief ახალი ხედვით
ალბომი, რომელსაც წლების წინ განსხვავებულად აფასებდნენ, ახლა მეორე სიცოცხლეს იწყებს. Radiohead-მა მასალა ხელახლა დაამუშავა, რაც ცხადად გამოჩნდა „Sit Down. Stand Up.”-ისა და „The Gloaming“-ის ექსპერიმენტულ შესრულებაში, ასევე „There There“-ის უფრო მკაფიო ენერგეტიკაში. პუბლიკა ამ ყველაფერს მოთმინებითა და ღიმილით შეხვდა – თითქოს ყველა თაობამ თავისებურად აღიქვა კომპოზიციები.
The Bends – კლასიკური ფინალი
ტურის სეტლისტები ჯგუფის ინტერესებისა და ფანების მოლოდინების იდეალური ბალანსია. რთულ, ექსპერიმენტულ კომპოზიციას ყოველთვის მოსდევს ენერგიული ჰიტები, რაც Radiohead-ის სიყვარულს თავიდან აღვივებს. ამ საღამოს ფინალი მარტივი, მაგრამ ზუსტი არჩევანი იყო – „Fake Plastic Trees“ და „Just“ პუბლიკას იმ Radiohead-ის შეგრძნებას უბრუნებდა, რომლის გამოც ისინი ათწლეულებია, ჯგუფის ერთგულ მსმენელებად რჩებიან.