Billboard-ის „პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი“ ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს – იმ მთავარ სიახლეებს, რომლებიც დღეს აქტუალურია.
გასულ კვირას ყურადღების ცენტრში ჯეკ უაიტი, არლო პარკსი და ენ ჰეთეუეი მოხვდნენ. ამ კვირაში კი აქცენტი Lady Gaga-სა და Doechii-ს ერთობლივ ენერგიულ ტრეკზე – Runway-ზე კეთდება, რომელიც ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის საუნდტრეკია.
მიუხედავად იმისა, რომ გაგას და Doechii-ს მანამდე ერთად არასდროს უმუშავიათ, ამ ტრეკში აშკარად იგრძნობა, რომ მათი თანამშრომლობა გარდაუვალი იყო. Runway, რომლის თანაავტორი და თანაპროდიუსერი ბრუნო მარსია, პირველი ოფიციალური სინგლია ფილმიდან „ეშმაკი ატარებს პრადას 2“, რომლის პრემიერაც 1-ელ მაისს იგეგმება.
Coachella-ს გახსნამდე, Katseye-მ ახალი სინგლი PINKY UP გამოსცა. გოგონების ბენდი Coachella-ზე სადებიუტო გამოსვლას გეგმავს. გარდა ამისა, ჯგუფი ახლა ხუთკაციანი შემადგენლობით წარდგება, რადგან მანონ ბანერმანმა დროებითი პაუზა აიღო. ახალი სინგლის მიმართ მოლოდინი და წნეხი საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ტექნო-პოპ ტრეკი ამ მოლოდინს სრულად ამართლებს.
ამ კვირაში The Strokes-მა რიკ რუბინის პროდიუსერობით შექმნილი ახალი ალბომი Reality Awaits დააანონსა, რომელიც ჯგუფისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველი სტუდიური ნამუშევარია. ანონსთან ერთად გამოვიდა მთავარი სინგლი Going Shopping, რომელშიც The Strokes-ისთვის დამახასიათებელი რეტრო ჟღერადობა იგრძნობა. სიმღერა ერთგვარი ბალანსია ბენდის კლასიკურ ხელწერასა და მათ ახალ ხედვას შორის, რომელიც თანამედროვე პოპ-მუსიკაზეა დაფუძნებული.
2026 წლის ტურნეს დაანონსების შემდეგ, ბლუზ-როკ ბენდი Alabama Shakes ახალი მუსიკით ბრუნდება. სიმბოლური სათაურის ტრეკი American Dream ჯგუფის პირველი რელიზია 2015 წლის გრემის მფლობელი ალბომის, Sound & Color-ის შემდეგ.
Tiny Habits 2022 წელს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლისას ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, ტრიო ახალი ეტაპისთვის ემზადება. 2023 წლის სადებიუტო EP-ისა და 2024 წლის ალბომის შემდეგ, ჯგუფმა ახალი სინგლი Right In Front Of Me გამოუშვა.