ჰარი სტაილსმა 2026 წლის Ivor Novello-ს დაჯილდოებაზე Radiohead-ის ფრონტმენი, ტომ იორკი, ხუთწუთიანი სიტყვით წარადგინა. „სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომლის მოსმენაშიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს გატარებული, ახლა თავად მისმენს, როცა თქვენ მის შესახებ გესაუბრებით – ეს მართლაც წარმოუდგენელი პატივია,” – თქვა მან.
სტაილსმა იორკს საპატიო ჯილდო გადასცა Ivor Novello-ზე, რომელიც 21 მაისს ლონდონის ცენტრში, Grosvenor House-ში გაიმართა. სტაილსმა აღნიშნა, რომ Radiohead-ის სადებიუტო ალბომის, Pablo Honey-ის გამოშვებიდან მომდევნო წელს დაიბადა. ამ რეპლიკას დარბაზში სიცილი მოჰყვა, რადგან სტაილსმა ასაკობრივ სხვაობაზე გაამახვილა ყურადღება.
სტაილსმა ისიც აღნიშნა, რომ პირველი ინტიმური კავშირი Radiohead-ის სიმღერის, Talk Show Host-ის ფონზე ჰქონდა. შემდეგ წამით დაფიქრდა და შეცდომა გაასწორა, რომ ეს Talk Show Host-ის ინტროს დროს მოხდა.
გთავაზობთ სტაილსის სრულ სიტყვას, რომლითაც მან ტომ იორკი წარადგინა:
„ტომ იორკს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სიტყვებთან.
მუსიკის გამოშვების თითქმის 35 წლის განმავლობაში, მან შფოთვისა და გაუცხოების გრძნობები განწყობად, მუსიკად და ხელოვნებად აქცია. მან არაერთხელ გვაჩვენა, თუ როგორ ჟღერს მომავალი. არასდროს წასულა კომპრომისზე, ის არის შემოქმედი, ხელოვანი ამ სიტყვის ყველაზე ნამდვილი გაგებით. არ არსებობს მისი ორი სიმღერა, რომელიც ერთმანეთს ჰგავს.
ბევრი ჩვენგანისთვის ის ჯადოსნური მუსიკალური მთის მწვერვალზე ცხოვრობს, რომელზეც ყველა დანარჩენი ასვლას ვცდილობთ.
ზოგიერთ თქვენგანს Radiohead-ის ალბომები ჯერ კიდევ მათი გამოშვების დროს გქონდათ. მათი სადებიუტო ალბომი ჩემს დაბადებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე.
ასე რომ, მათი სიმღერები დროთა განმავლობაში, აღმოვაჩინე. მადლობა ბიძაჩემ მაიკლს, რომელიც ჩემს დას უამრავ დისკს უწერდა, რათა დაერწმუნებინა ისეთი მუსიკის სიკარგეში, რასაც თავად ყველაზე უცნაურ სიგიჟეს უწოდებდა.
ეს სიმღერები ხელახლა აღმოვაჩინე წვეულებებზე და მარტოობის ძვირფას წუთებში.
პირველი ინტიმური კავშირი Radiohead-ის სიმღერის, Talk Show Host-ის ფონზე მქონდა. უფროსწორად, ეს Talk Show Host-ის ინტროს დროს მოხდა.
ტომის შემოქმედება არის მუსიკა, რომელსაც გრძნობ. ჩემთვის ეს ყოველთვის რაღაც რელიგიური გამოცდილების მსგავსი იყო. რელიგიური იმ გაგებით, რომ ორაზროვანი გვეჩვენებოდა.
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ სიმღერების ავტორის უნიკალურად მესმოდა და ვიღაც აღბეჭდავდა იმას, თუ რას ნიშნავს ხანდახან, იყო ადამიანი. მადლობა ღმერთს, რომ ვიღაც ამას ფიქრობს-მეთქი, ვფიქრობდი ხოლმე. ეს უცხოპლანეტელი, ეს მოუსვენარი, ეს წინასწარმეტყველი – ტომ იორკი.
არ შემიძლია გამოვხატო, თუ როგორ იმოქმედა მისმა ნამუშევრებმა ჩემს რწმენაზე ხელოვნების დანიშნულების შესახებ დღევანდელ მსოფლიოში და ვერც იმას ვიტყვი სრულად, თუ რამდენად აგრძელებს მისი შემოქმედება ჩემზე გავლენის მოხდენას.
Exit Music-ის გარეშე Watermelon Sugar არ იარსებებდა. წარმოიდგინეთ ეს.
ახლა კი, სცენაზე გამოსვლა ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომლის მოსმენაშიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს გატარებული, ახლა თავად მისმენს, როცა თქვენ მის შესახებ გესაუბრებით – ეს მართლაც დიდი პატივია.
ტომს პირველად რომ შევხვდი, რომში, ქუჩაში მივდიოდი. წინა საღამოს ვახშამზე, The Smile-ის სიმღერას Bending Hectic-ს ვუსმენდით, როცა ჩემმა მეგობარმა მკითხა, შევხვედრილვარ თუ არა მას ოდესმე. ვუპასუხე, რომ არა-მეთქი. იქნებ ასე უკეთესიც იყო. ყოველთვის ვდარდობდი, რომ შესაძლოა ჩემ მიმართ უხეში ყოფილიყო და ემოციურად ამას ვერასდროს გადავიტანდი.
მეორე დღეს, ყურსასმენებში ალბომი A Moon Shaped Pool მიტრიალებდა და მოულოდნელად მასთან ერთად მარტო აღმოვჩნდი წყნარ, ქვაფენილიან ქუჩაზე.
გამარჯობა, მისტერ იორკ – ვუთხარი მე. ოჰ, შენ ხარ? გამარჯობა – მიპასუხა მან. ჩვენი საუბრისას ემოციებით ავივსე. მომენტები, იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენ ჩამოგვაყალიბა, უნდა დავაფასოთ. ის იყო უშუალო, მეგობრული და კეთილი. შენი კუმირის მიერ გამოხატული თუნდაც მცირე სიკეთე შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს შენს გასათავისუფლებლად. სიხარულისგან სახე გამინათდა და მას შემდეგ სულ ასე დავდივარ.
როდესაც ტომის მეგობრებს ვთხოვე, ის დაეხასიათებინათ, მათ თქვეს, რომ ის არის: თანაგრძნობით აღსავსე, მგრძნობიარე, უშურველი, თამამი, უნიკალური, ხელშეუხებელი, გამომწვევი, ნამდვილი პანკი.
21-ე საუკუნეა. გზავნილი ნათელია: მიენდეთ თქვენს იუმორსა და გულისტკივილს. მხოლოდ ლაჩრები დისტანცირდებიან ჩვენი რთული, მშვენიერი სამყაროსგან.
ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა ტომს გადავცე ეს ჯილდო ბრიტანულ მუსიკაზე მისი წარუვალი გავლენის აღიარების ნიშნად. Radiohead ჩემი საყვარელი ჯგუფია. მადლობა, ტომ, სამუდამოდ.“