შაბათს, 25 მარტს Pearl Jam-ის დრამერმა ინსტაგრამ სთორიზე პოსტი გააზიარა, სადაც ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. გავრცელებული ჭორის თანახმად მეთ კამერონი Foo Fighters-ის გარდაცვლილი ჯგუფის წევრის ტეილორ ჰოკინსის ადგილს დაიკავებდა.
„ინტერნეტში გავრცელებული ჭორები არ შეესაბამება სიმართლეს, მე არ ვუერთდები Foo Fighters“ – წერს მეთ კამერონი.
თექვსმეტ მარტს The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მეთ კამერონი ტეილორ ჰოკინსის ახლო მეგობარი იყო და ის 2023 წლის ამერიკის ტურნეზე Foo Fighters-ს შეუერთდებოდა. ტურნე კი 24 მაისს გილფორდში იწყება.
2022 წლის სექტემბერში ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე სიმღერა Low-ს შესრულების დროს კამერონმა Foo Fighters-თან ერთად დაუკრა.
25 მარტს ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. Foo Fighters-ის დრამერი ბოგოტაში სასტუმროს ნომერში 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ბენდი მორიგი კონცერტისთვის ემზადებოდა.
Foo Fighters-ის მიერ გამოქვეყნებულ საახალწლო მილოცვაში ნათქვამია, რომ ტეილორ ჰოკინსის გარდაცვალების შემდეგ, ისინი მოღვაწეობას კვლავ განაგრძობენ. თუმცა, მის გარეშე, ეს უკვე სხვა ჯგუფი იქნება.
„ტეილორი ჰოკინსის გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ის ჯგუფი რაც ვიყავით, მაგრამ ვიცით, რომ წინ ყოველთვის წავალთ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ტეილორისთვის ჩვენი თაყვანისმცემლები ძალიან ბევრს ნიშნავდით, ის სულით მუდამ ჩვენს გვერდით იქნება“.