12 მაისს კი, საღამოს 6 საათზე, დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
დიმიტრი კრიმოვის განსხვავებული მიდგომები და სტილი თეატრალურ სივრცეში ცნობილი და აღიარებულია. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი არაორდინალური ხედვის მქონე რეჟისორი. ქართველი საზოგადოება მის შემოქმედებას კარგად იცნობს, თბილისში მისი სპექტაკლები არაერთხელ დაიდგა, მათ შორის „დემონი, ხედი მაღლიდან“.
კრიმოვი ერთი შეხედვით მარტივ, ცხოვრებისეულ ელემენტებს განსხვავებულ, პოეტურ შინაარსა და ფორმას სძენს და მაყურებელს ყველაფრის აღქმას სხვა კუთხიდან სთავაზობს.
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ვორკშოფის ფარგლებში დიმიტრი კრიმოვთან ერთად მსახიობებმა „ჰამლეტის“ სხვადასხვა ეპიზოდები გაითამაშეს.
დიმიტრი კრიმოვი, რეჟისორი
„დღევანდელი ვორკშოფიდან გამომდინარე მგონია, რომ არტისტები, როგორც რეჟისორები უნდა ხვდებოდნენ, რომ მუშაობის პროცესში უნდა იგებოდეს კონსტრუქცია, სადაც მოქმედება ხდება. ამ ყველაფერში პირველ რიგში სპექტაკლის და როლის იდეა მოიაზრება. ეს საკმაოდ რთული პროცესია, სადაც აუცილებელია კითხვების დასმა, მასზე პასუხი და სწორი გადაწყვეტილების მიღება. მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული შენი დანარჩენი ქმედების განვითარება. აუცილებელია მუშაობა, ნაბიჯ-ნაბიჯ საჭიროა ამ ბაზის შესწავლა და მისი საინტერესოდ გაგება, რათა საბოლოოდ თანამედროვე სკულპტურა შეიქმნას და აიგოს. შესაძლოა ეს არარეალური, რეალური, გროტესკული ან ნებისმიერი სხვა რამ იყოს, თუმცა საწყისი ბაზის ცოდნა აუცილებელია, რადგან ისე, ნებისმიერი ადამიანი ჩათვლის, რომ თანამედროვე ხელოვნების შექმნა ყველასთვის მარტივი და შესაძლებელია.
რაც შეეხება თბილისში სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, თუმცა ვისურვებდი აქ მუშაობას, რადგან აქ ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო რამ ხდება.“
„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ვისი დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი უმასპინძლებს მას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვაჩუქებთ თეატრის მოყვარულებს.“ – დავით საყვარელიძე – სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, 12 მაისს სოხუმის სახელმწიფო თეატრში კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელზეც რეჟისორი მის ბოლოდროინდელ გახმაურებულ დადგმას „კოსტიკს” უჩვენებს და მაყურებელთან თავის ამერიკულ გამოცდილებას გააზიარებს.