9 მაისს თბილისის ჯაზფესტივალი გაიხსნა. „ისთერნ პრომოუშენსი„ და „თიბისი კონცეპტი“ პროექტის 26-ე სეზონს წარადგენს. 10 მაისს, მეორე საფესტივალო დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგა მარტინ კრატოჩვილის Jazz Q, ასევე იტალიელი პიანისტი ანტონიო ფარაო და მისი ტრიო.
მარტინ კრატოჩვილის Jazz Q ჩეხეთში ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კოლექტივია, რომელიც მსმენელმა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე იხილა. როგორც „ისთერნ ფრომოუშენსის“ დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ბენდი ქართველი მსმენელის დიდი აუდიტორიისათვის ნაკლებად ცნობილია, მარტინ კრატოჩვილის Jazz Q დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიის მატარებელი პროექტია პოსტ საბჭოთა სივრცეში.
მიხეილ გიორგაძე:
„ეს არის ბენდი, რომელიც ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი სრულყოფილი ჯაზ ბენდი იყო. მარტინ კრატოჩვილის Jazz Q გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა – კომუნისტურ რეჟიმში, როცა ჯაზი პირდაპირი მნიშვნელობით აკრძალული მუსიკა იყო იყო.“
Ბენდი ჯაზფესტივალზე ჩეხეთის საელჩომ წარადგინა. აღსანიშნავია,რომ „ისთერნ ფრომოუშენსი“ ფესტივალის ფარგლებში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან თანამშრომლობს.
10 მაისის საფესტივალო პროგრამა იტალიელი პიანისტის, ანტონიო ფარაოს ტრიომ დახურა. ანტონიო ფარაო ჯაზის სცენაზე, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული მუსიკოსია. ანტონიო ფარაოს ტრიო ჯაზფესტივალზე იტალიის საელჩომ წარადგინა.
ფინალური დღის პროგრამაშია იტალიური ბენდი Motel Kaiju და ლეგენდარული სტენლი კლარკი.მუსიკოსი ბენდთან ერთად ჯაზფესტივალს ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდის შემადგენლობაშია ქართველი პიანისტი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც თბილისის ჯაზფესტივალის სცენაზე სწორედ სტენლი კლარკთან ერთად წარდგება.
ფესტივალის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.