წინანდლის ფესტივალის რიგით მეათე დღეს, დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის ორგანიზატორები დაუვიწყარ დღეს ჰპირდებიან. ამ დღეს მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა მოისმინოს გამორჩეული პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ცნობილი ქართველი დირიჟორის ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, პიანისტ ოლგა შეპსის და დავიდ გარეტის თანხლებით თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებები და იხილოს ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობის ნინო კასრაძის თეატრალური დადგმა.
9 სექტემბერს, ფესტივალის განრიგის მიხედვით, დღის 12:00 საათზე, პიანისტი გიორგი გიგაშვილი IXX საუკუნის გერმანელი კომპოზიტორის რობერტ შუმანის და რომანტიზმის ეპოქის წარმომადგენლის, უნგრელი კომპოზიტორსა და ვირტუოზს ფრენც ლისტის ნაწარმოებებს შეასრულებს.
23 წლის ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია, რამაც 2019 წელს მის კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა. იგი არის ბად-კისინგენის კონკურსის KlavierOlymp-ის პირველი პრემიის და მსმენელთა პრიზის მფლობელიც. 2023 წელს გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე II პრემია, უმცროსი ჟიურის პრიზი, სპეციალური პრიზი კამერული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის და მსმენელთა 5 სპეციალური პრიზი მიიღო. 2022/23 წლების სეზონში გიორგი გიგაშვილი Classeek-ის ელჩ ხელოვანად დასახელდა.
9 სექტემბერს, 19:00 საათზე, წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება დაიწყება, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორი ვახტანგ კახიძე, პიანისტ ოლგა შეპსის და ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტის თანხლებით უხელმძღვანელებს.
ღონისძიებაზე ფრიც კრაისლერის ოთხი პიესა და პეტრე ჩაიკოვსკის „ფრანჩესკა და რიმინი“ შესრულდება.
ყველასთვის ცნობილი ქართველი დირიჟორის ვახტანგ კახიძის დებიუტი და სადირიჟორო მოღვაწეობა 1989 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან დაიწყო. 1993 წლიდან კი იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია. 2002 წელიდან ვახტანგ კახიძე თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ პერიოდში ორკესტრმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან შემოქმედებით წარმატებებს და აღიარებას მიაღწია. 1993 წლიდან, ვახტანგ კახიძე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „შემოდგომის თბილისს“ უძღვება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყოველწლიურად მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს მასპინძლობს.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს უკრაინელი პიანისტი ოლგა შეპსი, იგი ისეთ წამყვან ორკესტრებთან ერთად გამოდის როგორებიცაა: მონტე-კარლოს ფილარმონიული, ვარშავის ფილარმონიული, ზალცბურგის მოცარტეუმის, მიუნხენის სიმფონიური, შოტლანდიის სამეფო ეროვნული, ციურიხის კამერული, NDR რადიოს ფილარმონიული, ტულუზის ეროვნული, პრაღის ფილარმონიული, ისრაელის ფილარმონიული, ახალი იაპონიის ფილარმონიული, ბრაუნშვაიგის სახელმწიფო, ჰელსინბორგის სიმფონიური ორკესტრები და სხვა.
2009 წლიდან ოლგა შეპსი ხმისჩამწერი ლეიბლის Sony Classical ექსკლუზიური არტისტია. მისმა სადებიუტო ალბომმა „შოპენი“ ECHO Klassik-ის ჯილდო გამოსვლისთანავე მოიპოვა. 2013 წლიდან კი ოლგა Steinway-ს არტისტია.
9 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მესამე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოება ჟან კოქტოს პიესას „ადამიანის ხმას“ მსახიობ ნინო კასრაძის შესრულებით იხილავს. ავანგარდისტმა მწერალმა პიესა დიალოგ-მონოლოგი, 1930 წელს დაწერა. პიესა ერთადერთ პერსონაჟ ქალს ტელეფონის ყურმილით ხელში, წარმოგვიდგენს, რომელიც ყოფილ შეყვარებულს ესაუბრება.
მსახიობი ნინო კასრაძე 1996 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა სპექტაკლ „მაკბეტში“ ნათამაშები როლისთვის, 2001 წელს კი მას „წინანდლის პრემია“ მიენიჭა.
სრული პროგრამის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულებს: