ჩარჩოებს მიღმა – ლეგენდარული მანანა მენაბდე

„არ აქვს მნიშვნელობა დროს, ამბოხი ყოველთვის რთულია. შენ შეიძლება თქვა, რომ ეს შენს თავთან გქონდა რაღაც ჭიდილი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ შენი ამბოხი მაინც საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან შენ არღვევ იმ ჩარჩოებს, რაშიც მათ უნდათ, რომ მოგაქციონ.”
მანანა მენაბდე | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
მანანა მენაბდე | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

„როცა შემოქმედებაში ხარ, შენ ვერ გრძნობ, ეს როგორ ხდება. თითქოს, რაღაცასთან ერთდები და ამ დროს ჭურჭელი ხდები. ის გპოულობს შენ და გპოულობს მაშინ, როცა მზად ხარ. მე ხომ არ ვიცი, რატომ მომცა უფალმა ის ხმა, რაც მომცა… ჩემი ხმა ხომ არ შეგეშლებათ ვიღაცაში?! აი, რამდენჯერ, მაგალითად, საბჭოთა კავშირის პერიოდში ტელეფონით დამირეკავს და სხვასთან მოვმხვდარვარ და ამ დროს, ვაიმეო, მანანა ხომ არ ხართ მენაბდეო, უთქვამთ… ხმით მცნობენ. მაგრამ ეს ხმა ხომ ჩემი დამსახურება არ არის… ჩემი დამსახურებაა, რომ ამ ხმაზე ვიმუშაო, რომ ამ ხმამ მერე მე მაქციოს მანანა მენაბდედ.”

Billboard საქართველოს სტუმარია მანანა მენაბდე. ლეგენდარული მუსიკოსი თავისი ცხოვრების იმ ნაცნობი და უცნობი თავების შესახებ გვიყვება, რომლებმაც იგი მანანა მენაბდედ” აქციეს. ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თავებს მიჰყვება:

~შარვალი~

მანანა მენაბდის პიროვნებისა და შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი მისი გამორჩეული სტილია. სტილი, რომელმაც იმდროინდელ სტანდარტებში გარღვევა მოახდინა. ამიტომ მასზე საუბრისას ყოველთვის შეხვდებით სამართლიანად ხაზგასმულ ფრაზას, რომ მანანა მენაბდე იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც სცენაზე შარვლით გავიდა…

„ფაქტობრივად პირველი გოგო ვიყავი, რომელმაც შარვალი ჩაიცვა და დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამას. თანაც ჩვეულებრივი შარვალი კი არ ჩავიცვი, არამედ  ტყავის ჯინსები. გარდა ამისა, აი, ახლა პერანგს რომ იცვამენ და ზევიდან მოკლემკლავიან მაისურს, ეს ყველაფერი მე ჯერ კიდევ მეცხრე კლასში მეცვა. მე რომ ფრაკით გამოვედი სცენაზე, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ფილმი „ქალიშვილები ტაკარაცუკიდან”, სადაც გოგონებს სწორედ ფრაკები ეცვათ. ესე იგი, მე, ასე ვთქვათ, დროს გავუსწარი. მანამდე მარლენ დიტრიხს კი ეცვა ფრაკი 30-40-იან წლებში, მაგრამ მე ეს ფილმი „ცისფერი ანგელოზი“ იმ დროს ნანახი არ მქონია.

ზოგადად ყოველთვის ამოვარდნილი ვიყავი სოციუმიდან. მე განა კაბა არ მეცვა, მაგრამ სხვას თუ ეცვა მინი, მე აუცილებლად მიდი უნდა ჩამეცვა. მე საერთოდ არ მიყვარს არაფერი ჯგუფური. აი, მაგალითად, მეოთხე კლასში ვიყავი, რომ პიონერის ყელსახვევს ვიხსნიდი და ჩანთაში ვდებდი, ისე მძულდა… და იმიტომ არა, რომ წყობის წინააღმდეგი ვიყავი, ან რა გამეგებოდა მაშინ?! ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ იმიტომ, რომ ყველას ეს ყელსახვევი ეკეთა. მე კი არ მინდოდა, რომ ყველასნაირი ვყოფილიყავი.”

~ამბოხი~

ტანისამოსი ერთ-ერთი გამოხატულება იყო ამბოხისა, რომელიც მანანა მენაბდის ცხოვრებისა და კარიერის გზას მუდმივად გასდევდა. თავად ამბობს, რომ ეს პროტესტი რეალურად საზოგადოებას არ ეკუთვნოდა. ეს იყო ამბოხი საკუთარ თავთან.

„ამ გადასახედიდან სულ ვამბობ, რომ საერთოდ თუკი რაიმე ღირებული და საინტერესო გინდა გააკეთო ხელოვნებაში, ურცხვი თვალი გჭირდება. ურცხვ თვალს შეუძლია დაინახოს ის, რასაც ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. თუ შენ არ დაარღვიე რაღაც კანონი, მაშინ წინ ვერ წახვალ. მე იმას არ ვამბობ, რომ შარვალი რომ ჩავიცვი, რაღაც საოცრება გავაკეთე და სამყარო შევცვალე. მაგრამ ჩემში შეიცვალა ხედვა, ჩემში გაფართოვდა ჰორიზონტი. აქ Საქმე „შარვალში” კი არ არის – გამბედაობაშია. გარდა ამისა, ბევრი სხვა რამ დავინახე. ადამიანები დავინახე: ვინ როგორ უყურებს მოვლენებს, ვინ არის შენთან ერთად, ვინ არ არის, ვის როგორ ესმის შენი ამბოხი – ესეც ხომ საინტერესოა?! ეს ყველაფერი ხომ გროვდება შენში… შენს თავზე მეტი თუ არ გახდი, ვერაფერ ღირებულს ვერ გააკეთებ – გინდ, შარვლის ჩაცმა იყოს ეს და თუ გინდ სხვა რამ. 

ეს ჩაცმულობაც ამბოხი იყო – პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ამბოხი კი ყოველთვის ძნელია. არ არსებობს „მაშინ” და „ახლა”. ეს ჩვენ ვყოფთ ასე, თორემ დრო არის დრო. დრო მუდმივია. არ აქვს მნიშვნელობა, რა დროა, ამბოხი ყოველთვის რთულია. შენ შეიძლება თქვა, რომ ეს შენს თავთან გქონდა რაღაც ჭიდილი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ შენი ამბოხი მაინც საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან შენ არღვევ იმ ჩარჩოებს, რაშიც მათ უნდათ, რომ მოგაქციონ.”

~პერსონა ნონ-გრატა~

მანანა მენაბდე | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

და რადგანაც საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არასდროს ექცეოდა, მანანა მენაბდე შოუ-ბიზნესსა და მასმედიაში პერსონა ნონ-გრატა გახდა. სწორედ იმ ინდივიდუალიზმისთვის, რომელმაც მისი სახელი და გვარიც კი ყველასგან გამორჩეული გახადა. 

„ძალიან ბევრი ნეგატივი იყო და რაღაც წრეებში ამრეზით მიყურებდნენ. პერსონა ნონ-გრატა ვიყავი. მოსკოვში მე ტელევიზიაშიც კი არ მიშვებდნენ. აი, მაგალითად, რეჟისორმა სევა პლოტკინმა გადამიღო ფილმში „ბედის ნიშანი”. იყო ასეთი ოპერის მომღერალი ვერა დავიდოვა, რომლის შესახებაც არის ეს ფილმი და იქ მეორე მთავარ როლს მე ვთამაშობ. როცა ფილმი ჩვენს ტელევიზიაში მიიტანეს, დირექტორმა უთხრა, თუ მანანას ამოჭრით, მაშინ გავუშვებთო. Რა თქმა უნდა, ასეთ დამოკიდებულებას რაღაც პერიოდი ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ამის გამო აზრი არასდროს შემიცვლია. არასდროს დავყოლივარ ჯგუფურ ნებას. Სულ მალე მივხვდი, რომ მთავარი ის კი არ არის, შენზე ვინ რას ამბობს, არამედ შენ თავად რას ამბობ საკუთარ თავზე. და, აი, მაშინ დავმშვიდდი. 

შოუ-ბიზნესშიც ასე იყო – იმ ჩარჩოებში უნდა გემღერა, რასაც საბჭოთა ესტრადა ერქვა და შენს ინდივიდუალურობაზე უარი უნდა გეთქვა. საერთოდ როცა ამ სისტემაში შედიხარ, იქ რაღაც კანონები უნდა დაიცვა, რაღაცებს ხელი უნდა მოაწერო. მე კი არ მიყვარს არაფერ კოლექტიურზე ხელის მოწერა. და როცა ადამიანს ჯვარზე აკრავენ, აი, ის ადამიანი შეიძლება იყოს უკანასკნელი გაიძვერა, მაგრამ იმ წუთში მე იმ კაცის მხარეს ვიკავებ, რადგან არ შემიძლია ადამიანის საჯარო დასჯაში მონაწილეობა. საკუთარ თავს  წარმოვიდგენ, მე რომ ვიყო, აი, გაიძვერაც კი და ჯვარზე მაკრავდნენ… არ უნდა შეცდე ადამიანი და ვითომ „სიკეთის” სახელით შენს გზას არ უნდა გადაუხვიო. მე საერთოდ არ მიყვარს მორალისტები. ალბათ ამიტომაც დიდხანს ვარიდებდი თავს თეატრს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით რეჟისორი ვარ. თეატრი და კინოც ხომ ჯგუფური ხელოვნებაა. ვიღაც ამ ჯგუფიდან უეჭველად ფეხს გამოგდებს, ან მთლიანად კოლექტივი მოგიღებს ბოლოს. ამაში არაფერია ახალი, უამრავი თეატრალური მაგალითი გვაქვს… შორს რომ არ წავიდეთ, რა გაუკეთეს ახმეტელს ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც თავად ახმეტელმა აქცია მსახიობებად?!

ასე რომ, შოუ-ბიზნესთან მე არაფერი საერთო არ მქონია. ცალკე ჩემი სამყარო შევქმენი და ცალკე ვაკეთებდი ჩემს საქმეს. ისედაც ჩაკეტილი ადამიანი ვარ. აი, ახლა ყველაზე დიდ ფუფუნებაში ვარ, რადგან არავინ მაწუხებს, ვარ მარტო ჩემს წიგნებთან და არაფერი მაქვს მუსიკისა და წიგნების გარდა. ერთი კომპიუტერი, სადაც ვმუშაობ და ჩემი გიტარა.”

~დები იშხნელები~

მუსიკისა და თავისუფლების სიყვარული მანანა მენაბდეს მემკვიდრეობით დაჰყვა. ის დები იშხნელებიდან ერთ-ერთის – თამარ იშხნელის შვილიშვილია. Billboard საქართველოსთან საუბარში იგი ბებიებთან დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებს.  

„ჩვენი სახლი ჯადოსნური სკივრივით იყო – აი, რომ გახსნი და სიმღერა რომ დაიწყება. გახსნაც კი არ სჭირდებოდა. ქუთაისში მომღერალ სახლს ეძახდნენ იშხნელების სახლს. ახლა იქ იშხნელების ქუჩაა. დებმა იშხნელებმა ზუსტად ის მასწავლეს, რომ ისინი რაც უფრო თავისთვის მღეროდნენ, მით უფრო სხვებისთვის იყვნენ. ბეღურებივით თავისთვის ჭიკჭიკებდნენ და ამიტომაც იყვნენ ყველასთვის. ეს იცით როგორი რამაა? „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა,” – მე ასე მესმის: სიყვარულს ხმაური არ უყვარს. რაც უფრო შენთვის შეინახავ, მით მეტი ენერგია ენახება მას. მუსიკაც ხომ სიყვარულია?! ისევე, როგორც პოეზია, ხატვა… ყველაფერი, რასაც ადამიანი ემსახურება. ჰოდა, ძალიან ფაქიზად უნდა მოეპყრო ამას. 

კიდევ თავისუფლება მახსოვს ოჯახისგან. არავინ არაფერს მაძალებდა და არც მიშლიდა და ამან ბევრი რამ მომცა. როცა ხედავ, როგორ შრომობენ, ხალისობენ, პატივს სცემენ ერთმანეთს. ხედავ, რომ ბებიები იკრიბებიან და მუშაობენ, კამათობენ, ეს ყველაფერი შენს ბავშვურ სულსა და გონებაში ილექება…”

– რაზე კამათობდნენ ხოლმე?

აი, მაგალითად, შენ იქ ასე არ უნდა აუწიო ხმას, მეორე ხმა ასე არ უნდა თქვა და ა.შ. ბოლოს კი აუცილებლად შეთანხმდებოდნენ რაღაცაზე. Ბევრსაც ხალისობდნენ. განსაკუთრებით ბებია ზინას ჰქონდა ძალიან მოსწრებული ენა. Მე და ჩემი და თინათინი აი, ამ საოცარ გარემოში ვიზრდებოდით და ვიყავით თავისუფლები. ასე რომ ვთქვათ, ჰაერი გვქონდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ შეგვეძლო ყველაფერი  გაგვეკეთებინა, რასაც მოვისურვებდით. ვიცოდით, რა შეიძლება და რა არა.

~მეამბოხე კონსერვატორი~

შინაგანი თავისუფლებით გამორჩეული მანანა მენაბდე, მეორე მხრივ, კონსერვატორია. ადამიანი, რომელიც მუდმივად არღვევდა დადგენილ ნორმებს და უსწრებდა დროს, ამასთანავე ყოველთვის მკაცრად იცავდა ტრადიციებს. 

„კონსერვატიზმი ჩემს ამბოხს მილაგებს. თუ კონსერვატორი არ ხარ, ბევრი რამ ხელიდან გაგექცევა. სიმკაცრე საჭიროა და პირველ რიგში, საკუთარ თავთან. როცა საკუთარ თავთან ხარ მკაცრი, იმ შემთხვევაში შეგიძლია მოსთხოვო სხვასაც. ეს ორი – თავისუფლება და კონსერვატიზმი – ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის. ამბოხს ანეიტრალებს კონსერვატიზმი. ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაგანი საზომი ისარი, რომელიც აჩვენებს, თუ საით წავიდეს და რა გზა აირჩიოს. მე, Რაც უფრო წლები მემატება, მით უფრო მეტად შევძელი ამ ისრის წონასწორობაში მოყვანა. განა ახლა არ შემიძლია ამბოხი და თავის გაგიჟება?! ყველა ეტაპზე შეიძლება ადამიანი მეამბოხე იყო. მაგრამ შინაგანი ისარი უნდა გქონდეს და ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადო, რომ შენი სურვილები მოთოკო. მე ამას ვცდილობ.”

~დიუკ ელინგტონი~

სურვილის მოთოკვა მაშინაც მოუწია, როცა ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგა. ჩეხეთში გასტროლების დროს მანანა მენაბდე ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსს დიუკ ელინგტონს შეხვდა. როცა ელინგტონმა გაიგო, რომ მანანა მენაბდე მომღერალი იყო, სთხოვა, მისთვის ემღერა. გოგონამ ფრენკ სინატრას I’m a Fool to Want You შეასრულა. სიმღერის დასრულებისთანავე ელინგტონმა მანანა მენაბდეს ამერიკაში წაყოლა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ ვარსკვლავად აქცევდა… 

„ჯერ ერთი, მაშინ მივხვდი, ვინ ვინ იყო, ვინ დაგვყვებოდა და ვინ გვითვალთვალებდა იმიტომ, რომ მაშინვე გამოამჟღავნეს თავი. იმ წუთშივე ნაბიჯი გადმოდგეს ჩემკენ და მანიშნეს, არაფერი გაბედოო. მას შემდეგაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ვგრძნობდი, როგორ დამყვებოდნენ კუდში და მითვალთვალებდნენ. მე საკმაოდ იმპულსური ვიყავი და ეშინოდათ… თუმცა მაინც ვერ წავიდოდი, რადგან ჩემთვის კარიერაზე ღირებული ჩემი მშობლები და ოჯახი იყო… თუ წავიდოდი, მე ხომ არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა? რა ვიცოდი, რომ საზღვრები გაიხსნებოდა? ეს ისეთი დრო იყო, რომ ამ ნაბიჯს თუ გადადგამდი, დაისჯებოდა შენი ოჯახი. ამის გაკეთების საშუალებას კი ჩემი ბუნება არ მომცემდა.” 

– ახლა ნანობთ?

– იცით, ამ ისტორიას რომ ვყვებოდი, ზოგი მიჯერებდა და ზოგი არა. Ჰოდა, მიუნჰაუზენს რომ არ დავმსგავსებოდი, ვიფიქრე, ჯობს ეს ამბავი საერთოდ დავივიწყო-მეთქი. წლების შემდეგ, როცა „გიტისის” სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, იქ მყავდა მეგობარი არნოლდ ვოლინცევი, მუსიკათმცოდნე, რომელსაც ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერა და ამიტომ ჩემ შესახებ ყველაფერი აინტერესებდა. მოკლედ, ეს ისტორია ვუამბე. არ ვიცი, დამიჯერა თუ არა, თუმცა დიდი ინტერესით მისმენდა. გავიდა დრო და ერთ დღესაც არნოლდი რეკავს ტელეფონზე: მანანა, მე შენთვის დიდი სიურპრიზი მაქვსო და მოაქვს წიგნი – დიუკ ელინგტონის ავტობიოგრაფია, სადაც ელინგტონი იხსენებს ჩვენი შეხვედრის ამბავს ზუსტად ისე, როგორც მე მქონდა არნოლდისთვის მონათხრობი. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. „ეს იყო სრულიად ღვთაებრივი ხმა,” – აი, ასეთი სიტყვებით წერს იგი ჩემზე. მე უკვე ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში ვიხსენებ ამ ამბავს და იქ ასეთი რამ დავწერე, რომ თუკი ელინგტონი წამიყვანდა, ალბათ ვიქნებოდი ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანი – ქართველ-ამერიკელი ვარსკვლავი. მაგრამ ის, რომ მე დავრჩი და ამ ადამიანს მაინც ვახსოვდი, ჩემთვის ეს გაცილებით მეტია.

~ქუჩის მუსიკოსი~

რკინის ფარდა დაინგრა და წლების შემდეგ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ უკვე ცნობილი მანანა მენაბდე გერმანიაში წავიდა, სადაც იგი პირად ტრაგედიას გაექცა. დიდი საკონცერტო სცენების შემდეგ მუსიკოსმა სიმღერა ბერლინის ქუჩებში დაიწყო.

„დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, რესტორან-რესტორან და ვმღეროდი. პარალელურად კი სადარბაზოებს და ბინებს ვალაგებდი და ბარშიც ვმუშაობდი ჭურჭლის მრეცხავად. თუმცა ამავე დროს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებშიც ვმონაწილეობდი და შემდეგ უკვე ჰაინრიხ ბიოლის სტიპენდიანტიც გავხდი. ამ პერიოდმა მასწავლა, რომ კიტრივით არ უნდა გეჭიროს თავი და არ უნდა გეგონოს, რომ შენ ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. მართალია, მე ასე არასდროს მგონებია, ცხოვრების არც ერთ მომენტში, მაგრამ ეს მაინც გაფხიზლებს. ეს ხომ ჩემს თავს მე მოვუწყვე. ხომ არავის უთქვამს, თბილისიდან წადი და ქუჩაში იმღერეო?! ნებისმიერ წუთს შემეძლო უკან დაბრუნება, მაგრამ მე ამას ვაკეთებდი. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა. ერთი ვიცი, რომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რაც იყო! დღემდე ვინახავ იმ ქუდს, რომელშიც ფულს მიყრიდნენ ბერლინში.”

~ქართულად სიმღერა~

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მღეროდა ინგლისურად, მანანა მენაბდე ყველასთვის ქართულ მუსიკასთან ასოცირდება. ქართული ფოლკლორი მისი შემოქმედების ორგანული ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში მუსიკოსის სავიზიტო ბარათადაც იქცა. 

„Რით უნდა ვიყო საინტერესო, მაგალითად, მე იტალიელისთვის? როცა იტალიურს ვიმღერებ? მე ხომ ისე ვერასდროს ვიმღერებ იტალიურს, როგორც, მაგალითად, ჩელენტანო მღერის. ან ლედი გაგა – ინგლისურს. ისინიც ანალოგიურად – კი, იმღერებენ, მაგალითად „ჩაკრულოს”, განა ვერ შეძლებენ, მაგრამ ეს ის იქნება, რასაც „რუსთავი” მღეროდა ან მე ვიმღერებ ან რომელიმე ქართველი მომღერალი?! ალბათ არა, ხომ? ამიტომ მე ვარ საინტერესო მათთვის მხოლოდ ჩემი საკუთრით. მაგრამ კარგად უნდა იცოდე ეს შენი საკუთარი. მე უკვე ოთხი წლის ვიყავი, რომ ქართული ხალხური სიმღერების მთელ რეპერტუარს ვმღეროდი. ეს ილექება და თავის შედეგს იძლევა. შენ რომ კარგად იცი, მაგალითად,  გურული კრიმანჭული, მერე იქ ჯაზური ინტერპრეტაციის დროს ამას ბუნებრივად გამოიყენებ, რომელიმე ციტატას ბუნებრივად ჩასვამ. ელა ფიცჯერალდი 40 ოპერიდან იყენებდა ციტატებს ჯაზური იმპოვიზაციებისთვის. 

აბა, ახლა წარმოიდგინეთ, სულ ყველა რომ ესპერანტოზე ვსაუბრობდეთ… ხომ მოსაწყენი იქნებოდა? ამას აქვს ხიბლი, რომ ყველას თავისი ტემპი აქვს, რიტმი, თავისი მენტალობა, თავისებური ხასიათი. კი, შეიძლება იმღერო ინგლისური, მაგრამ ემი უაინჰაუსზე უკეთესად რანაირად იმღერებ?! მაშინ იმდენად თავისებურად უნდა შეასრულო, რომ უკვე მხოლოდ შენთან ასოცირდებოდეს. Მეც ვასრულები უცხოურ სიმღერებს, მაგრამ ყველაფრის ჩემი ვერსია მქონდა. მაგალითად, ფრენკ სინატრას I’m Fool to Want You – ამ სიმღერას მე სულ სხვანაირად ვმღეროდი. ვის აღარ უმღერია, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად ჩემი ვერსია, არავის მსგავსი.”

– ვის უსმენს თავად მანანა მენაბდე?

„ყველაზე ხშირად ჩეტ ბეკერს, ბილ ევანსს, ბახს, სეგოვიას. თანამედროვე ცნობილი შემსრულებლებიდან ყველაზე მეტად ახლა მომწონს ლედი გაგა. უდიდესი პროფესიონალია. ძალიან მიყვარდა პრინცი და გული დამწყვიტა ემი უაინჰაუსის გარდაცვალებამ. დიდი მუსიკოსი და საინტერესო ვინმე იყო. ძველებიდან მიყვარს ფრენკ ზაპა, ჯო პასი, ელის რეჟინა, ჯორჯ მაიკლი. ხშირად ვუსმენ ხოლმე მათ. მაგრამ თუ ვმუშაობ, ამ დროს ჩართული მაქვს უფრო ჩეტ ბეკერი, ბილ ევანსი, ბახი ან ერიკ სატი. ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი ახალგაზრდა ჰოლანდიელ მომღერალს კარო ემერალდს. თავისი სტილი აქვს, არავიში აგერევათ და საოცრად დახვეწილი მუსიკოსები ჰყავს.

ვუსმენ ასევე ქართულ ხალხურ მუსიკას. მარო თარხნიშვილის განუმეორებელ ურმულს. ვუსმენ განუმეორებელ ჰამლეტ გონაშვილს, ჯანსუღ კახიძეს, გია ყანჩელის ზოგიერთ კლასიკურ ნაწარმოებს, ბულატ ოკუჯავას და ინგა ფერაძეს. ასევე, რა თქმა უნდა, ბებიებს – დებ იშხნელებს. თანამედროვე ქართველი მუსიკოსებიდან განსაკუთრებით  მომწონს ნიკა ნიკვაშვილის კლასიკური ნაწარმოებები. მომღერლებიდან კი გამოვყოფ სოფო ტოროშელიძეს. კულტურული, კრეატიული, განათლებული და ჭკვიანი მომღერალია.“

– რა არის ის უბრალო ადამიანური მხარეები, რაც ხალხმა მანანა მენაბდის შესახებ არ იცის?

„ძალიან მიყვარს „მაკდონალდსი”. აუ, ვგიჟდები! ერთხელ ერთმა ქალბატონმა იქ რომ დამინახა, გაოცდა, თქვენ აქ რა გინდათო… როგორ კაცო, მე ადამიანი არ ვარ-მეთქი?! მიყვარს ასევე კერძების მომზადება და, სხვათა შორის, ძალიან გემრიელად ვამზადებ. Სახლის დალაგებაც ჩემი, ასე ვთქვათ, ჰობია. თუ უწესრიგობაა, ვერ ვმუშაობ. ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, პედანტი ვარ. 

კიდევ ძალიან მორცხვი ვარ. შეიძლება ხალხმრავლობაში ისე დავიძაბო, რომ გამარჯობაც ვერ ვთქვა… ეტყობა, ეს მამაჩემისგან მაქვს. მას საოცარი ტენორი ჰქონდა და კონსერვატორიას მესამე კურსიდან დაანება თავი იმიტომ, რომ რცხვენოდა, რაღაც შიში ჰქონდა სცენის. აი, მეც… კონცერტის დაწყებამდე ძალიან დიდი ღელვა და სიმორცხვე მაქვს. თუმცა სცენაზე უკვე სიმღერაში ვიძირები. თანაც დარბაზში რომ ბნელა, ვერავის ვხედავ და რაღაცნაირად გადავლახავ ხოლმე ამ შიშსა და სიმორცხვეს. სხვათა შორის, ბევრი გადამალახვინა ბერლინში ცხოვრებამ. იქ უფრო თავისუფლად ვიყავი. თან იცით, აქ თავიდან ბოლომდე შეფასების თვალით გიყურებენ. იქ ეს ასე არ არის.”

მანანა მენაბდე | ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

~დაბრუნება საკუთარ თავთან~

„ადამიანი საკუთარი თავისაგან სხვა ქალაქში გადავიდა,” – წერს მანანა მენაბდე თავის იგავ-არაკში. მრავალფეროვანი და საკმაოდ ბობოქარი ცხოვრების განმავლობაში თავადაც არაერთ ქალაქში იმოგზაურა. თუმცა საბოლოოდ მაინც საკუთარ ქალაქსა და საკუთარ თავს დაუბრუნდა. 

„მიდიხარ და შენ გგონია, სადღაც იქ უკეთესია და ყველაფერს გაექცევი. ამ დროს შენ რომ მიდიხარ, ყველაფერი შენი თან მიგაქვს და შენს საკუთარ თავს სად გაექცევი?! ეს შენი თავი ქვეყნის დასალიერშიც კი წამოგყვება და არ შეგეშვება.”

– ამბოხი კიდევ გაქვთ?

ახლა უკვე გაწონასწორებული ვარ, თუმცა შინაგანად ამბოხი მაინც მაქვს. კი გაგეცინებათ ალბათ, რაღა დროს ამბოხია 74 წლის ასაკშიო… მაგრამ ახლა უკვე ჩუმი მეამბოხე ვარ. საერთოდ ჩემს საკუთარ თავს დავუბრუნდი. მე ვიყავი ძალიან წყნარი და ჩუმი ადამიანი. აი, ის რაღაც პერიოდი მქონდა ხმამაღალი ამბოხების და ახლა ისევ საკუთარ თავს, როგორიც ვიყავი დაბადებიდან, აი, იმას დავუბრუნდი. დღეს მე ჩემს თავთან კომფორტში ვარ, არ მწყინდება საკუთარ თავთან. ჯერ ერთი, ყველაფერი რამდენჯერმე დავიწყე თავიდან: 27 წლისამ მოულოდნელად ხატვა დავიწყე, 43 წლის ასაკში დავტოვე ყველაფერი და გერმანიაში წავედი. 47 წლისამ წერა დავიწყე, 65 წლისამ კი ფოტოგრაფიას მივყავი ხელი. 70 ასაკში ისევ თავიდან დავიწყე და რეჟისურას მივუბრუნდი. მოკლედ, ყოველთვის ყველაფერს ვიწყებ თავიდან. ასე რომ, არ ვიცი, შეიძლება სხვას სწყინდება ჩემთან, მაგრამ მე საკუთარ თავთან არასდროს მწყინდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარბარა სტრეიზანდის მემუარების გამოცემამდე, მუსიკოსის ორი ალბომი გამოვა

შემდეგი სტატია

კამალა ჰარისმა ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს უმასპინძლა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი