ცნობილმა ახალზელანდიელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით Lorde კომპოზიციაზე Secrets From a Girl (Who’s Seen It All) გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც სამი გმირი: ლორდი, ლორდი და ლორდი მონაწილეობენ. ვიზუალურ ნამუშევარში მაყურებელი იხილავს, თუ როგორ იცვლებოდა მომღერალი წლების განმავლობაში.
25 წლის არტისტმა კლიპი თავდაპირველად საკუთარ ვებგვერდზე დააანონსა. ის აქვეყნებდა სამი პერსონაჟის: ბავშვის, შეყვარებული ქალისა და მებაღის პოსტერებს, რაც თაყვანისმცემლებმა შემსრულებლის სამ ალბომს: Pure Heroine, Melodrama და Solar Power დაუკავშირეს.
როგორც ორი გრემის მფლობელმა ლორდმა აღნიშნა, Secrets From a Girl არის გზავნილი, რომელსაც მომავლიდან აწვდის წარსულ მეს და ამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ელა იელიჩ-ო’კონორმა, სასცენო სახელით Lorde, მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Royals, Tennis Court და Team მოუტანა. მუსიკოსმა გრემის ორი ჯილდო 2013 წელს, სწორედ Royals-ის დამსახურებით, წლის სიმღერისა და პოპის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ლორდის შემოქმედება სამ ალბომს ითვლის და ელექტროპოპს, დრიმპოპსა და ინდი-ელექტროს აერთიანებს.