სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი” დაარსებიდან 90 წლის აღსანიშნავად თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა ერთობლივ ღონისძიებას წარმოგიდგენთ. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.
ნიჭიერთა ათწლედის კონცერტში მონაწილეობას ამირან მარიამიძე, ანდრია ბუხსიანიძე, ანდრია ბოლქვაძე, ივანე ჯავახიშვილი, რეზი მარშანია, მიხეილ ფანცხავა და ანი ანაკიძე მიიღებენ. შესრულდება ფ. მენდელსონის, ე. გრიგის, მ. რაველის, ს. რახმანინოვის, ე. ლალოს, კ. სენ-სანსის და ხ. როდრიგოს ნაწარმოებები.
ნიჭიერთა ათწლედის სამუსიკო სკოლა 1934 წელს თბილისის კონსერვატორის ბაზაზე შეიქმნა და მას კონსერვატორიის პროფესორები ხელმძღვანელობდნენ. 1947 წელს სკოლას ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.
აღსანიშნავია რომ, ნიჭიერთა ათწლედმა საქართველოს კლასიკური მუსიკის განვითარებასა და მის საერთაშორისო აღიარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სამუსიკო სკოლამ დღემდე უამრავი ცნობილი მუსიკოსი აღზარდა, მათ შორის არიან ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ლიანა ისაკაძე, სულხან ცინცაძე, ელისო ვირსალაძე, დუდანა მაზმანიშვილი, გიორგი გიგაშვილი, ლიზი რამიშვილი და სხვები.
ღონისძიება ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.