სან-ხოსეში, The Chainsmokers-ის ბოლო კონცერტის შემდეგ, კონცერტის ათზე მეტ სტუმარს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 სექტემბერს კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსეში, Discovery Meadow-ის პარკში, ელექტრონული დუეტის ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტის დროს 14 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინფორმაციას სან-ხოსეს პოლიცია და სახანძრო დეპარტამენტი (SJFD) ავრცელებენ.
„4 სექტემბერს, 20:22 საათზე, სან-ხოსეს სახანძრო დეპარტამენტი Discovery Meadow-ში გამართულ კონცერტზე გამოცხადდა, სადაც რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა“, – დაწერა სახანძრო დეპარტამენტმა X-ზე.
მათი ინფორმაციით, „სახანძრო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ მოითხოვა სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფი, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების მართვისთვის აღჭურვილი ორი სახანძრო ეკიპაჟი და კრიტიკული სიტუაციის მართვის ბატალიონის უფროსი. ადგილზე სულ 14 სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და 14 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.“
ABC 7-ის ცნობით, კონცერტის ბოლო 30 წუთის განმავლობაში საავადმყოფოში სულ მცირე 10 დამსწრე გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფები სხვა მსმენელებს საჭირო სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ, ხოლო სამედიცინო რეაგირება კონცერტის დასრულებამდე გაგრძელდა.
სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რატომ დასჭირდათ კონცერტზე მისულ სტუმრებს სამედიცინო დახმარება, თუმცა პოლიციამ NBC-ის განუცხადა, რომ ჰოსპიტალიზებულებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აღენიშნებოდათ, მათ შორის „სავარაუდო ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ნარკოტიკებთან დაკავშირებული გართულებები.“
გამოცემა SFGATE-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
The Chainsmokers-ს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. Billboard ჯგუფის წარმომადგენლებს კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდა.
The Chainsmokers-ის წევრებმა, ალექს პალმა და დრიუ თაგარტმა მაისში ხუთსიმღერიანი EP – LOVE IS KIND გამოსცეს. ზაფხულის განმავლობაში დუეტს დატვირთული საკონცერტო პერიოდი ჰქონდა, ჯგუფი EDC Las Vegas-ის, Lollapalooza-ს, Tomorrowland-სა და Palm Tree Music-ის ფესტივალებზე წარდგნენ.
5 სექტემბერს კი დუეტმა კონცერტი Wynn Las Vegas-ის რეზიდენციის ფარგლებში Encore Beach Club-შიც გამართა.